[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

აფხაზეთის დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული გავლენები ეთნიკურ დაძაბულობის წახალისებაშიც გამოვლინდა

რამდენიმე დღის წინ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც აფხაზეთში მიმდინარე დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტს მიმოიხილავდა. ანგარიში აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აცხადებს, რომ ყველა გამარჯვებულ კანდიდატთან ითანამშრომლებს, ის ღიად და აშკარად უჭერდა მხარს ბჟანიას პოლიტიკური გუნდის კანდიდატს, ბადრა გუნბას, რომელმაც 1 მარტს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შემდეგ საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. რუსეთის გავლენები არჩევნებზე გამოჩნდა არა მხოლოდ ბადრა გუნგასთან ოფიციალურ შეხვედრებში და ადმინისტრაციული რესურსების მის სასარგებლო გამოყენებაში, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის შინაარსშიც, რომელმაც მკვეთრად ანტითურქული შინაარსი მიიღო და ეთნიკური დაძაბულობის ნიშნებიც კი შექმნა. წინამდებარე დოკუმენტი სწორედ ამ პროცესებს მიმოიხილავს.

სამწუხაროდ, აფხაზეთში დ/ფ წინასაარჩევნო პერიოდი ეთნიკური ნიშნით დაძაბულობის გაღვივების მცდელობებით გამოირჩეოდა. ერთის მხრივ, რუსულ სატელევიზიო არხებზე და შემდგომში ტელეგრამ არხებზეც აქტიურად ვრცელდებოდა პროპაგანდისტული ცნობები ადგურ არძინბას პროთურქობაზე, და მის ანტისომხურ და ანტირუსულ განწყობებზე, მეორეს მხრივ კი, არძინბას მომხრეები უთითებენ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების მოსყიდვის და ზეწოლის შესახებ და მათ უცნაურად აქტიურ მხარდაჭერაზე გუმბას მიმართ, ისე რომ არ ხსნიდნენ, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამ თემის ამგვარი ქცევის მიზეზი. მათ შორის, თურქეთის ფაქტორის პროპაგანდისტულ შემოყვანას პოლიტიკაში რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა ადგილობრივ სომეხ თემზე და მის ისტორიულ ტრავმებზე.

უფრო ზუსტად, ოპოზიციის მტკიცებით, “არჩევნების” შედეგებზე მოსყიდვამ და ზეწოლამ იქონია გავლენა, თუმცა ასევე გავლენა მოახდინა იმ წინასაარჩევნო პროპაგანდამ, რომლის მიხედვითაც არძინბა პროთურქულ და ანტისომხურ კანდიდატად იყო წარმოჩენილი. არძინბას “პროთურქულობის” დამადასტურებელ გარემოებებად ამ წყაროებში სახელდებოდა მის მიერ აფხაზეთში არსებულ თურქულ კოლეჯში სწავლა და თურქული ენის ცოდნა. გარდა ამისა, რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერი კანდიდატი “თურქეთის აგენტი” იყო.

შესაძლოა ეჭვები, რომ ადგურ არძინბას თურქეთში მცხოვრებ აფხაზებში მეტი მხარდაჭერა ჰქონდა გახდა იმის მიზეზი, რომ აფხაზეთის დ/ფ ცესკომ საქარიას საარჩევნო უბანი დახურა. გადაწყვეტილების ოფიციალურ საფუძვლად თურქეთში აფხაზეთის დ/ფ წარმომადგენლის იბრაჰიმ ავიძბას დ/ფ ცესკოსადმი ოფიციალური წერილი გახდა, რომელშიც აფიძბა უბნის გახსნის შეუძლებლობაზე საუბრობდა, მაშინ როცა დ/ფ ცესკომ იანვარში ამ უბნის გახსნაზე თანხმობა განაცხადა. განმარტება, თუ რატომ ვერ გაიხსნებოდა უბანი - არ ყოფილა. არჩევნებამდე ორი დღით ადრე ასევე დაიხურა ანკარის ოლქიც. არჩევნების დღეს კი ცნობილი გახდა რომ აფხაზეთში არ შეუშვეს თურქეთიდან სოჭში ჩასული “აფხაზეთის მოქალაქეები” რომლებიც “არჩევნებში” მონაწილეობის მისაღებად აპირებდნენ ჩასვლას, თურქეთში საარჩევნო უბნის დახურვის გამო. მათ ასევე რუსეთში შესვლის 10 წლიანი აკრძალვაც დაუდეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები, ვინც აფხაზეთის დ/ფ არჩევნებში ახერხებს მონაწილეობას ძალიან მცირეა (1000 ადამიანამდე), მათთვის საარჩევნო უფლებების შეზღუდვას როგორც ჩანს უფრო სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

ამ დაძაბულ ფონზე 20 თებერვალს ოპოზიციონერმა კანდიდატმა არძინბამ დ/ფ უსაფრთხოების სამსახურებს მიმართა გამოძიების მოთხოვნით, წინასაარჩევნო პერიოდში მის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციის შესწავლის მოთხოვნით. მისი თქმით, “თურქეთის აგენტობასთან” დაკავშირებული ბრალდებები შეურაცხყოფს მის ღირსებას, აზიანებს პოლიტიკურ რეპუტაციასაც და შესაბამისად ეს ქმედებები ისჯება აფხაზეთის დ/ფ სისხლის სამართლის კოდექსით (ცილისწამება). ამავე დღეს ფილარმონიაში შეიკრიბნენ არძინბას მომხრეები და მოითხოვეს პროთურქულობასთან დაკავშირებული ბრალდებების და ამომრჩევლების დაშინების შეწყვეტა. 20 თებერვალს პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა ასევე მიმართეს პუტინს თხოვნით, რომ ყურადღება მიაქციოს აფხაზეთში პროპაგანდისტული ინფორმაციების გავრცელების საშიშროებას, რომელიც 2020 წელსაც შეინიშნებოდა წინასაარჩევნოდ კანდიდატებისთვის “პროდასავლური” განწყობების დაბრალებით, და ახლა პროთურქული ფაქტორი გამოჩნდა, რაც მიზნად ისახავს აფხაზი ხალხის თავისუფალ არჩევანზე გავლენის მოხდენას.

პარალელურად, წინასაარჩევნოდ ჩანდა ანტისომხური განწყობების გაღვივების მცდელობაც. მაგალითად, ტელეგრამ არხებში „გააცოცხლეს“ რამდენიმე თვის წინანდელი კადრები, როდესაც ოპოზიციის ლიდერები [მათ შორის, ადგურ არძინბა] პოლემიკაში შევიდნენ დ/ფ დეპუტატ გალუსტ ტრაპიზონიანთან და მისგან საინვესტიციო შეთანხმებაზე საჯაროდ უარის თქმა მოინდომეს. ამგვარი განხილვები კანონპროექტის წინააღმდეგ აქციების დროს ხშირი პრაქტიკა იყო, და ტრაპიზონიანის შემთხვევა გამონაკლისი არ ყოფილა. როგორც ჩანს, ტელეგრამ არხებზე ამ კადრების ინტენსიურად გავრცელების მიზანი იყო არძინბა ანტისომხურ კანდიდატად წარმოეჩინათ და სომეხი ამომრჩევლის უკმაყოფილება გამოეწვიათ.

პირველი ტურის შედეგებით, ეთნიკური სომხებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში მმართველი გუნდის კანდიდატმა ბადრა გუნბამ აბსოლუტური უპირატესობით გაიმარჯვა, რაც არძინბამ საეჭვოდ მიიჩნია, რადგან წინა წლების გამოცდილებით,სომხებით დასახლებულ სოფლებში ხმები როგორც წესი თანაბრად ნაწილდებოდა. სომეხი თემის ლიდერი, ალიკ მინოსიანი ასევე აცხადებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ადგილობრივი სომხები ზეწოლის მსხვერპლები გახდნენ.

ცხადია, ანტითურქულ და ანტისოხმურ ნარატივებს აფხაზეთში საკუთარი ისტორიული კონტექსტი აქვს. მუჰაჯირობის ტრაგიკული ისტორიული გამოცდილების მქონე აფხაზებისთვის თურქეთის ფაქტორი ისტორიულად მნიშვნელოვანი გარემოებაა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი აფხაზეთს არ აღიარებს და ის ისტორიულად ინარჩუნებს სტრატეგიულ მოკავშირეობას საქართველოსთან, აფხაზეთიდან მუჰაჯირობის დროს იძულებით მიგრირებული წასული ასი ათასობით (მინიმუმ 300 000) აფხაზი დღემდე თურქეთში ცხოვრობს და მათთვის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა ამ არჩევნების ახალ ტენდენციად გამოიკვეთა. გარდა ამის, პროთურქული ფაქტორის შემოყვანა წინასაარჩევნო კონტექსტში, აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად სომხების განწყობებით მანიპულაციის მცდელობადაც შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან სომხების გენოციდისა და ისტორიული ტრავმების გათვალისწინებით თურქეთთან მიმართებაში.

ზოგადად ეთნიკური და ნაციონალისტური შინაარსის ბრალდებები აფხაზური არჩევნებისთვის უცხო არ არის. წლების წინ ალექსანდრე ანქვაბს მისი ქართველი ცოლის გამო პრო-ქართულობას აბრალებდნენ, ხოლო ყოფილი დ/ფ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიმართ წინა “არჩევნების” დროს მთავარი მაკომპრომეტირებელი საკითხი 1992-93 წლების ომში მონაწილეობის არ მიღება იყო, რის გამოც ბევრი ოპონენტი მას დეზერტირად მოიხსენიებდა.

საინტერესოა, რომ 22 თებერვალს არძინბას და გუნბას შორის მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ შედგა ე.წ. ზავის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, სადაც დ/ფ პრეზიდენტობის ორი კანდიდატი 1 მარტამდე გასამართ წინასაარჩევნო პროცესის მთავარ წესებზე თანხმდებიან. მათ შორის, ისინი შეთანხმდნენ რომ შეწყდება ცილისწამების და ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკა და მათ დაგმეს ნებისმიერი სახის მცდელობა, “რომელიც აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის ეთნიკური დაპირისპირების გაღვივებას ისახავს მიზნად.“ მათ ასევე აიღეს ვალდებულება რომ თავიდან აიცილონ ძალადობის და დესტაბილიზაციის ნებისმიერ საშიშროება და არ დაუშვან მსგავსი მოწოდებები და მათ მოუწოდეს საკუთარ ამომრჩეველს არ წამოეგონ პროვოკაციებზე, რაც ეთნიკური დაძაბულობის გაღვივების რისკებს ატარებს.

აფხაზეთში ეთნიკური ტიპის ნაციონალიზმი და ეთნიკური ტიპის დემოკრატია, რომელიც აფხაზი ერის კულტურული და პოლიტიკური განსაკუთრებულობის იდეაზე დგას და მუდმივად ახდენს სხვა ეთნიკური ჯგუფების იერარქიზებას, ხშირად მიდრეკილია იმისკენ, რომ შექმნას “მტრის ხატი” საკუთარ წარმოსახვაში. წინა წლებში ეს ეთნოცენტრისტული მიდრეკილებები და პოლიტიკა როგორც წესი მიმართული იყო ეთნიკურად ქართველების წინააღმდეგ, რის შედეგადაც, გალში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები პრაქტიკულად გამოთიშულები არიან საარჩევნო პროცესებიდან. მიმდინარე წლის არჩევნები იყო პირველი შემთხვევა აფხაზეთის დ/ფ არჩევნების ისტორიაში, როცა ქართული ეთნიკური ფაქტორი არ იყო მძლავრად გამოყენებული პოლიტიკურ პროპაგანდაში და მან დაძაბულობის ახალი ეთნიკური შრე შექმნა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეთნიკური გრძნობებით, ისტორიული ტრავმებით და განწყობებით მანიპულაცია რუსული პოლიტიკის საკვანძო ასპექტი და ტექნოლოგიაა, რომელსაც ის ტრადიციულად იყენებს მის სამიზნე ტერიტორიაზე კონტროლის შესანარჩუნებლად და სოციალური მშვიდობის დასარღვევად. ანტითურქული ფაქტორის გამოყენება არ არის შემთხვევითი ზოგადად რეგიონში რუსეთის გავლენების შემცირების ფონზე (სირიის მოვლენები, ასევე მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ), როცა მას ჩვენს რეგიონში გავლენების შენარჩუნების ცხოველი ინტერესი აქვს. თურქეთი კი ნამდვილად შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ალტერნატიული რეგიონული პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება - ერთის მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, მეორეს მხრივ, კი აფხაზეთის შავი ზღვრის ქვეყნებთან, პირველ რიგში კი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით, რაც საბოლოოდ, აფხაზეთის რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

იმედია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეთნიკური ფაქტორების პროპაგანდისტული გამოყენება საბოლოოდ არ მოახდენს გავლენას ადგილზე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის თანაცხოვრებაზე და საბოლოოდ, ეთნიკური დაძაბულობის ტენდენციები შეჩერდება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“