საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება ბოლო პერიოდში სამართალდამცავ და უსაფრთხოების უწყების თანამშრომლებთან დაკავშირებულ ტრაგიკულ შემთხვევებს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ არსებითია ამ საკითხზე საჯარო დისკუსია წარიმართოს დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, ფრთხილად, ეთიკურად და პრევენციაზე ორიენტირებული მიდგომით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სუიციდის შემთხვევების განხილვა არ გადაიზარდოს ინდივიდების, მათი ოჯახების ან ცალკეული უწყებების მიმართ სტიგმის, ბრალის ან სენსაციური ინტერესის გაძლიერებაში. თითოეული ასეთი შემთხვევა რთული და მრავალშრიანია და ამ საკითხზე რეაგირება საჭიროებს სისტემურ ანალიზს, პრევენციული მექანიზმების გადახედვას და მხარდაჭერის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას.
ბოლო თვეებში გახშირდა შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავ და უსაფრთხოების უწყებებში მომუშავე ადამიანები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ.[1] 2025 წლის ოქტომბრიდან დღემდე 7 ასეთი შემთხვევა გახმაურდა მედიაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად საქართველოში სუიციდის მცდელობის ფაქტები 15%-ით გაიზარდა. 2024 წელს სუიციდის მცდელობის 734 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 14.91%-ით მეტია - 637. სუიციდის შემთხვევების ზრდაზე შეშფოთება სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2019 წელს გამოთქვა.
ბუნებრივია, უსაფრთხოების და სამართალდამცავ სფეროში მსგავსი ფაქტების მოხშირება აჩენს კითხვებს, თუ რამდენად მუშაობს ამ უწყებებში გამართული პრევენციული მექანიზმები და თანამშრომელთა მხარდაჭერის ინსტიტუციური ჩარჩო. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში ამ სისტემების შიგნით შექმნილი კრიზისული გარემო, მათ შორის, ხელმძღვანელების ხშირი ცვლა და მათი დაკავების პრაქტიკა მძიმე ბრალდებებით, ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალი რისკები, კანონის მოთხოვნების დემონსტრაციული დარღვევა ამ ორგანოების მხრიდან და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური, სამართლებრივი თუ საზოგადოებრივი წნეხი, მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოლარიზაცია და სხვა ფაქტორები, შესაძლოა, მძიმედ მოქმედებდეს შესაბამის უწყებებში დასაქმებულ პირთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
სუიციდი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემაა და, როგორც წესი, ერთი კონკრეტული მიზეზით არ აიხსნება. ის შეიძლება უკავშირდებოდეს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური, სამსახურებრივი და გარემო ფაქტორების ერთობლიობას. კვლევები აჩვენებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთ რისკფაქტორებს, როგორიცაა წარსული მცდელობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, ალკოჰოლისა და სხვა ნივთიერებების ჭარბი მოხმარება, ქრონიკული ტკივილი, ძილის დარღვევები, სოციალური იზოლაცია, მძიმე ოჯახური ან ფინანსური კრიზისი, სამართლებრივი ან დისციპლინური პრობლემები, ასევე ლეტალურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა.
სამხედრო, სამართალდამცავ და უსაფრთხოების სტრუქტურებში მომუშავე პირები გარკვეული სპეციფიკური ფაქტორების გამო განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან და ორმაგად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენდნენ. მათი სამუშაო ხშირად უკავშირდება მაღალი ინტენსივობის სტრესს, ძალადობრივ ან ტრავმულ შემთხვევებთან შეხებას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკს, მკაცრ იერარქიულ გარემოს, დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ხანგრძლივ ან არარეგულარულ სამუშაო საათებს, საზოგადოებრივ წნეხს და მაღალი პასუხისმგებლობის განცდას. ამასთან, ასეთი სისტემებისთვის დამახასიათებელი პროფესიული კულტურა ზოგჯერ ხელს უშლის დახმარების თხოვნას, რადგან თანამშრომლებს შეიძლება ჰქონდეთ შიში, რომ ფსიქოლოგიური ან ემოციური სირთულეების გამჟღავნება უარყოფითად აისახება მათ კარიერაზე, რეპუტაციაზე, სამსახურებრივ სტატუსზე ან ნდობაზე. ამ პირობებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ისეთი ფსიქოსოციალური რისკები, როგორიცაა მორალური დაზიანება (moral injury), როდესაც პირი აღმოჩნდება სიტუაციებში, რომლებიც კონფლიქტშია მის ეთიკურ და ღირებულებით ჩარჩოსთან, ასევე პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) და მეორეული ტრავმატიზაცია, რომლებიც დაკავშირებულია უშუალო ან არაპირდაპირ ტრავმულ გამოცდილებასთან.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სამხედრო და სამართალდამცავ გარემოში რისკს შეიძლება ზრდიდეს არამხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზი, არამედ მძიმე სტრესული გამოცდილებები. კვლევებში ასევე ხაზგასმულია თავის ტვინის ტრავმის მნიშვნელობა, როგორც სუიციდური ფიქრებისა და ქცევის ერთ-ერთი რისკფაქტორი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისა და რისკის შეფასების პროცესში თავის ტვინის ტრავმის სკრინინგი სულ უფრო ხშირად გამოიყენება.[2]
ამავდროულად, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს და შეიქმნას ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკა სისტემების შიგნით. თანამშრომლის კავშირი ოჯახთან, კოლეგებთან და საზოგადოებასთან, დანაყოფში ერთობისა და მხარდაჭერის განცდა, ეფექტიანი ხელმძღვანელობა, პრობლემებთან გამკლავების უნარები, კონფიდენციალური პროფესიული დახმარება, ფსიქოსოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა და სტიგმის შემცირება მნიშვნელოვნად აძლიერებს პრევენციულ გარემოს.
საერთაშორისო პოზიტიური გამოცდილება აჩვენებს, რომ სამართალდამცავ, სამხედრო და უსაფრთხოების სტრუქტურებში ფსიქოსოციალური კეთილდღეობა მხოლოდ ინდივიდუალური ან სამედიცინო საკითხი არ არის. ის უკავშირდება ორგანიზაციულ კულტურას, ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას, შრომით პირობებს, სტრესის მართვას, კონფიდენციალური დახმარების ხელმისაწვდომობას, სტიგმის შემცირებას და მონაცემებზე დაფუძნებულ პრევენციულ პოლიტიკას.[3]
საზოგადოებისთვის საჯაროდ ნაკლებად არის ცნობილი, არსებობს თუ არა სხვა სამართალდამცავ და უსაფრთხოების უწყებებში თანამშრომელთა ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ანალოგიური, ინსტიტუციურად გამართული და რეგულარულად მოქმედი მექანიზმები. შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დაისვას შემდეგი კითხვები და სახელმწიფოს პოლიტიკამ უპასუხოს შემდეგ მიდგომებს:
სამართალდამცავ და უსაფრთხოების უწყებებში ფსიქოსოციალური მხარდაჭერა არ უნდა იყოს მხოლოდ კრიზისის შემდეგი რეაგირება. თანამედროვე პრევენციული მიდგომა მოითხოვს რეგულარულ ტრენინგებს, ხელმძღვანელობის აქტიურ ჩართულობას, სტიგმის შემცირებას, ნდობაზე დაფუძნებულ კონფიდენციალურ დახმარებას, ოჯახების ინფორმირებას, მაღალი სტრესის მქონე დანაყოფებთან მუშაობას, კრიტიკული ინციდენტების შემდეგ მხარდაჭერას და მონაცემებზე დაფუძნებულ პოლიტიკას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, განიხილონ სამართალდამცავ და უსაფრთხოების სექტორში თანამშრომელთა ფსიქოსოციალური მხარდაჭერის არსებული მდგომარეობა, შეაფასონ მოქმედი მექანიზმები და დარგის სპეციალისტებთან ერთად, შექმნან ერთიანი ან უწყებათაშორისი ეფექტიანი პრევენციული ჩარჩო.
[1] მედიაში ხელმისაწვდომი შემთხვევების მოკლე აღწერა
2020 წლის მაისი - სუს-ის ცენტრალურ შენობაში სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი საკუთარ სამუშაო კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით;
2023 წლის მაისი - თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე იუსიფ ნასიბოვი საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, მან ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა; გამოძიება მიმდინარეობს შესაბამისი მუხლით;
2025 წლის 9 თებერვალი - რაბათის ციხის დაცვის პოლიციის თანამშრომელი სამუშაო ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით; გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით;
2025 წლის 19 თებერვალი - შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელი ორთაჭალაში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა კონფლიქტი; გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით;
2025 წლის 7 ოქტომბერი - გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით;
2025 წლის ოქტომბერი - სუს-ის თანამშრომელი აჭარაში, დაბა ჩაქვში გარდაცვლილი იპოვეს. უწყების პირველადი ინფორმაციით, საქმე თვითმკვლელობად იქნა მიჩნეული და გამოძიება შესაბამისი მუხლით დაიწყო;
2026 წლის იანვარი - სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი სიმონ წაქაძე თბილისში, სამსახურის შენობასთან ახლოს, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი და გამოსამშვიდობებელი წერილი; საქმე პირველადი შეფასებით თვითმკვლელობად განიხილებოდა;
2026 წლის 23 მაისი - სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი ხაშურში, საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით;
2026 წლის 7 ივნისი - გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი ბაქარ ბექაური სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.
[2] პრევენციის სტრატეგიები შეიარაღებულ ძალებში: ძირითადი საკითხები და საუკეთესო გამოცდილების მაგალითები, პოლიტიკის დოკუმენტი, 2022, DCAF – the Geneva Centre for Security Sector Governance.
[3] შენიშვნა: ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ბოლო წლებში დაინერგა სუიციდის რისკის შეფასების, პრევენციისა და მართვის პროგრამული მიდგომები. 2021 წელს სამინისტრომ დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგიური მდგრადობისა და მზადყოფნის კონცეფციისა დასუიციდის პრევენციისა და ინტერვენციის სტრატეგიის შემუშავებაზე. 2023–2024 წლებიდან აღნიშნული მიმართულება უფრო ფორმალიზებული გახდა, თუმცა მანამდეც მიმდინარეობდა შესაბამისი ტრენინგები და ცნობიერების ამაღლების აქტივობები. ეს გამოცდილება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს უსაფრთხოების სექტორის სხვა უწყებებისთვისაც, მათ შორის სამართალდამცავი სისტემისთვის.
ინსტრუქცია