[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და უკიდურესად კრიტიკულია

დღეს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რედაქტორი აფგან სადიგოვი სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატებმა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულეს. სამწუხაროდ, მოშიმშილე ჟურნალისტი კვლავ არ იღებს წყალს და ორგანიზმისთვის საჭირო დანამატებს, რაც მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის უკიდურესად აუცილებელია. აფგან სადიგოვს უკვე უჭირს საუბარი და ეტლის მეშვეობით გადაადგილება, პერიოდულად კი აქვს გონების  დაკარგვის ეპიზოდები.

5 თებერვალს,  სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და იგი რამდენიმე საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. N18 დაწესებულების მედიკოსების ჩარევით ის კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანეს.

აფგან სადიგოვმა 2025 წლის 2 თებერვალს, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა წყლის მიღებაზე. ჟურნალისტის ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სასამართლოს მიერ მისი წინასწარი პატიმრობის 3 თვით გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო დროებითი ღონისძიება, რომელიც კრძალავს მის აზერბაიჯანში გადაცემას[1].

6 თებერვალს, ოჯახის თხოვნითა და ადვოკატების რეკომენდაციით, აფგან სადიგოვმა თანხმობა განაცხადა წყლის მიღებაზე, თუმცა ამ ეტაპზე ის პროტესტის ნიშნად კვლავ არ იღებს არც წყალს და არც ორგანიზმისთვის საჭირო  დანამატებს, რომელიც მას პერიოდულად მისი თანხმობით, გადასხმის მემშვეობით მიეწოდებოდა. 

აფგან სადიგოვი უკვე 145 დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა. ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამია, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.

აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 2020 წელს, აზერბაიჯანში უკანონოდ მეორედ დაკავების შემდეგ, როდესაც მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მან 242 დღე იშიმშილა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა გახდა აუცილებელი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

საქართველოს სახალხო დამცველს:

  • შექმნას სპეციალური მულტიდისციპლინური კომისია, რომელიც აფგან სადიგოვის მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს განახორციელებს და ასევე გააძლიეროს პატიმართან სახელმწიფოს მედიაციისა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროცესი.

ანრი ოხანაშვილის:

  • აფგან სადიგოვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობიდან და ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან შინაარსისა და სულისკვეთებიდან გამომდინარე, მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება აზერბაიჯანში მის ექსტრადიციაზე უარის შესახებ, რის შესაძლებლობასაც მას “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის” შესახებ კანონი აძლევს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების აქტიურ დაცვას და საზოგადოებას მის მდგომარეობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის მიმდინარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას მოსთხოვა ჩვენს განაცხადზე მოსაზრებების გაგზავნა და ახლა მთავრობის პოზიციის შეფასებას ახდენს და ამ ფონზე დროებითი ღონისძიების გამოყენების ვადა დროებით 4 მარტამდე განსაზღვრა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“