[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ანგარიში

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ - შესრულების მდგომარეობა

მას შემდეგ, რაც 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია გასცა,  12 საზოგადოების ორგანიზაციების არაფორმალურმა კოალიციამ[1] შეიმუშავა ხედვა 9 ნაბიჯის განხორციელების შესახებ და შესაბამისი პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმების მიმდინარეობის მონიტორინგი გააგრძელა. კოალიციის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ევროინტეგრაციის გზაზე სწრაფი პროგრესის ხელშეწყობა, ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და მოლაპარაკებების დროულად გახსნის მიზნით.

კოალიციამ ხსენებული ხედვა წარუდგინა ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიას და ასევე მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში თანამშრომლობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შეთავაზებით, რაზეც ადმინისტრაციას ინტერესი  არ გამოუხატავს.

2024 წლის აპრილში კოალიციის მიერ გამოქვეყნებული პირველი შეფასების თანახმად, 9 ნაბიჯიდან მხოლოდ ორი მიმართულებით დაფიქსირდა უმნიშვნელო პროგრესი, ხოლო 7 მიმართულებით წინსვლას ადგილი არ ჰქონია.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ოთხი თვის თავზე, მმართველმა გუნდმა განმეორებით დააინიციირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი. მიუხედავად ხალხმრავალი და ხანგრძლივი პროტესტისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების, წევრი ქვეყნების წარმომადგენლების, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა, საქართველოს პარლამენტმა კანონი 28 მაისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით მიიღო. კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ხშირი იყო სამართალდამცავებისა და დაუდგენელი ჯგუფების მხრიდან მომიტინგეთა მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.

2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ მკაცრად შეაფასა საქართველოში მიმდინარე მოვლენები - როგორც კანონის მიღების კუთხით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და მედიის მიმართ დაშინების, მუქარისა ფიზიკური ძალადობის ფაქტები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს „ფაქტობრივად შეჩერებული“ უწოდა. შეჩერდა  ევროკავშირის 2024 წლის 30 მილიონიანი მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF), ისევე როგორც 121 მილიონიანი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის საფუძვლით. ევროკავშირის ინსტიტუტების გადაწყვეტილებით, შეჩერდა ასევე მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდან არაერთგზის გაესვა ხაზი, რომ ვითარების შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, ევროკავშირი სხვა ზომების მიღებასაც განიხილავს, რაც, მათ შორის, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებასაც მოიცავდეს. საქართველოსათვის ფინანსური დახმარებები და თანამშრომლობის ფორმატები შეჩერებულია ასევე ცალკეული პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც.

გარდა ე.წ. აგენტების შესახებ კანონისა, მმართველმა გუნდმა დააინიციირა და მიიღო არაერთი სხვა ანტიდემოკრატიული და საფრთხის შემცველი საკანონმდებლო აქტი, მათ შორის ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ და  „კანონი „ოფშორების შესახებ“, რომელიც საქართველოში საეჭვო წარმომავლობის აქტივების შემოდინების შესაძლებლობას იძლევა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების რისკებს ზრდის.

რაც შეეხება ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, სამწუხაროდ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ამ კანონის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს იძულებითი აღსრულების პროცესი, რაც სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

ამ პროცესების პარალელურად, მმართველი გუნდის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორების მიმართ მადისკრედიტირებელმა და დეზინფორმაციულმა კამპანიამ უპრეცენდენტო მასშტაბებს მიაღწია და ღიად კონფრონტაციული შინაარსი შეიძინა. 

სახელისუფლებო გუნდის საკანონმდებლო ინიციატივები, ისევე როგორც მაღალი თანამდებობის პირების რიტორიკა და სხვა ქმედებები ნათლად მიუთითებს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის მკვეთრ ცვლილებაზე, რაც, ფაქტობრივად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმას ნიშნავს.

თუმცა, ამ ფონზე „ქართული ოცნება“ კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ სვლას განაგრძობს, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.   

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხრიდან მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა როგორც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ასევე არჩევნების დღეს.  ევროკავშირის ოფიციალური პირები ეყრდნობიან ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პირველად შეფასებებს, რომელიც არ ადასტურებს, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და ხაზს უსვამენ გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების აუცილებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღწერილი ვითარების გათვალისწინებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ხელისუფლების მიერ საგარეო კურსის შემობრუნების ნიშნები არ ჩანს,  სამოქალაქო ორგანიზაციების არაფორმალური კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების მონიტორინგის გაგრძელებას. კოალიცია თვლის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე კვლავ დაბრუნების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების მიერ მომზადებული ანგარიშები მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის სწრაფი რეფორმების გასატარებლად და ერთგვარი საგზაო რუკის ფუნქციას შეასრულებს.

2024 წლის „სტატუსმეტრის“ მე-2 გამოცემა დეტალურად აღწერს ევროკავშირის მხრიდან განსაზღვრული 9 მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებულ მოლოდინებს, ამ ეტაპზე რეფორმების განხორციელების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით 9 ნაბიჯიდან მხოლოდ 1 მიმართულებით (პერსონალური მონაცემების დაცვა) ფიქსირდება მცირედი პროგრესი, ხოლო დანარჩენი მიმართულებებით წინსვლა არ არის. ზოგიერთ შემთხვევაში 2024 წლის აპრილის შემდეგ სახეზეა უკუსვლა.

სტატუსმეტრი_2.0_2024_final_1730376908.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); რონდელის ფონდი (GFSIS); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); სასამართლოს გუშაგი; სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საფარი

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“