[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

კვლევის და ანგარიშის პრეზენტაცია - ნარკოპოლიტიკა

15ივნ

Cover image

15 ივნისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კვლევის და ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პირველ კვლევაში შეფასებულია  საქართველოს პრობაციის სისტემის ეფექტიანობა, ნარკოდანაშაულთან მიმართებით, მეორე კვლევაში კი ნარკოპოლიტიკის 2021 წლის ტენდენციებია მიმოხილული.

საქართველო ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა პრობაციონერების პროცენტული მაჩვენებლის მხრივ. 2020 წლის მონაცემებით, ევროპის მასშტაბით, 100.000 ადამიანზე, ყველაზე მეტი პრობაციონერი, პოლონეთის, თურქეთისა და ლიეტუვის შემდგომ, საქართველოშია (562 პირი).  საქართველო ასევე ერთ-ერთია ევროპის სამ ქვეყანას შორის, რომელიც კლასიფიცრდება როგორც „პრობაციონერების და ციხის პოპულაციის განსაკუთრებით მაღალი რიცხვის მქონე“.  ამდენად, მიიჩნევა, რომ საქართველოში „პრობაციის სისტემა გამოიყენება არა თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივად, არამედ უბრალოდ დამატებითი სანქციის წყაროდ“.  ამასთან, საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულთა დიდ ნაწილს აქვს  მძიმე სოციალური საჭიროებები, ასევე მხარდაჭერისა და მკურნალობის სერვისების მიწოდების აუცილებლობა. შესაბამისად, პრობაციის მნიშვნელობა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით დიდია: მას იდეალურ შემთხვევაში შეუძლია შეითავსოს მსჯავრდებულებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის ფუნქცია, კონტროლის ნაკლები ინტენსივობის პირობებში.

ჩვენი კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ:  პრობაცია ვერ ახერხებს რაიმე ტიპის სისტემური გარდატეხა შეიტანოს ნარკოდანაშაულებში მსჯავრდებულ ადამიანებთან მუშაობაში, მათ სოციალური გაძლიერებასა და ინკლუზიაში, ზრუნვასა და დახმარებაში. მისი ფუნქციონირება არსებითად ეფუძნება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მოქმედების პრინციპებს. როგორც კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, ასევე პრობაციის ეროვნულ სააგენტოში რესურსების განაწილებაზე მრავალმხრივი დაკვირვებით, იმის თქმა შეგვიძლია, რომ პრობაციის სისტემაში დომინირებს კონტროლსა და ზედამხედველობაზე ორიენტირებული მექანიზმები. ზრუნვა და სოციალური გაძლიერება, რომელიც პრობაციის არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარეა, საქართველოში მეორეხარისხოვნად არის დანახული.

ქართული ნარკოპოლიტიკა წლების განმავლობაში ექცევა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ფოკუსში, ვინაიდან ის განსაკუთრებული რეპრესიულობით ხასიათდება. სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2021 წლის კვლევის თანახმად, ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებული პირები, ბოლო 10 წლის განმავლობაში პატიმრების 20-40%-ს შეადგენენ.

ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო ნარკოპოლიტიკის ჰუმანური გარდაქმნა. მეტიც, 2021 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტმა გაამკაცრა სასჯელები ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის, რაც კიდევ უფრო გვაშორებს სასჯელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, დამნაშავის რესოციალიზაციის მიზანს.

სახელმწიფოს მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს შეინიშნებოდა გარკვეული გაუმჯობესებები ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით. გაუმჯობესებულია ნარკოტიკულ დანაშაულზე მსჯავრდების პარამეტრები და საანგარიშო პერიოდში, თავისუფლების აღკვეთა ყველაზე იშვიათად გამოყენებად სასჯელს წარმოადგენდა. გასულ წელს, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული 2569 პირიდან თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 354 პირს დაენიშნა. ასევე, ცალსახა პოზიტიური დინამიკა შეინიშნება იძულებით ნარკოლოგიურ ტესტირებებთან მიმართებით. ბოლო წლებში, ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირთა რიცხვი კლებადია, 2021 წელს კი ტესტირებაზე წარდგენილ იქნა 4225 ადამიანი, რაც ბოლო წლების მინიმალური მაჩვენებელია.

ამასთან, დადებითად უნდა შეფასდეს პრეპარატ ნალოქსონის შეყვანა „გადაუდებელი დახმარების ჩანთის“ მედიკამენტთა სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეძენა გადაუდებელ შემთხვევებში, აფთიაქში რეცეპტის გარეშე იქნება შესაძლებელი. ნალოქსონი ოპიოიდებით ზედოზირებისას პირველადი დახმარების მედიკამენტია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედებას თრგუნავს და სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატად მიიჩნევა. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2022 წლის მარტში შევიდა, შესაბამისად, ნალოქსონზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გავლენის შეფასება, მიმდინარე წლის ამოცანად დარჩება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“