საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: USD 41,450
ხანგრძლივობა: 2017-2018 წელი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2017 წლიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა “კანონის უზენაისობის მხარდაჭერა საქართველოში“ (Prolog)-ის და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: „კანონის უზენაისობის მხარდაჭერას საქართველოში: საგამოძიებო სისტემის რეფორმას სამართლიანი და ეფექტური სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის“.
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში ერთ-ერთ მთავარ მიზანს და, ამავე დროს, გამოწვევას წარმოადგენს. მრავალწლიანი რეფორმის ეტაპების მიუხედავად, სასამართლო სისტემა არ სარგებლობს საზოგადოების მაღალი ნდობით; ინსტიტუციური ბაზა დღემდე არასაკმარისად გამართულია და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა კვლავ არამდგრადია.
სწორედ ამ გამოწვევების ფონზე, აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მრავალკომპონენტიანი ამოცანების შესრულებას, რათა სისტემურ პრობლემებს სისტემურად გაეცეს პასუხი. პროექტის მიზანია მართლმსაჯულების სექტორის რეალური რეფორმის ხელშეწყობა, რაც განხორციელდება მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით, აგრეთვე დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციით, ჩატარებული კვლევისა და საზოგადოების მაღალი მონაწილეობის გზით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მომზადდება სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგის დოკუმენტი, ამავე დოკუმენტში აგრეთვე შეფასდება სხვა სექტორული სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შესრულება. ამავდროულად, გარეშე პირების მიერ მომზადდება სტატიები, ესეები, ბლოგები მართლმსაჯულების სექტორში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. ტექსტები განთავსდება ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელებში, მომზადდება ონლაინ ჟურნალი, რომელშიც თავს მოიყრის პროექტის ფარგლებში მომზადებული ყველა მასალა. პროექტის გუნდი ორგანიზებას გაუწევს შეხვედრებს და დისკუსიებს, რომლებიც გაიმართება თბილისსა და რეგიონებში, როგორც საგანმანათლებლო ასევე სხვადასხვა ღია სივრცეში. შეხვედრები მიეძღვნება მართლმსაჯულების სექტორში არსებულ აქტუალურ თემებს და მათში მონაწილეობას მიიღებენ ის ავტორები, რომლებიც პროექტის ფარგლებში იმუშავებენ სხვადასხვა ტექსტის მომზადებაზე.
ინსტრუქცია