[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

WISG და EMC: ლგბტ პირების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირება არაეფექტურია

20151222_111900

ერთობლივი განცხადება იხილეთ ლინკზე

22 ოქტომბერს, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ერთობლივი პრესკონფერენცია, გამართეს. პრესკონფერენციაზე ორგანიზაციებმა ლგბტ პირთა უფლებების დაცვის სფეროში, 2015 წელს, სასამართლოს მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შეაფასეს. შეფასება შეეხებოდა ჰომოფობიური/ტრანსფობიური მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობას. ასევე განიხილეს გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის, 2013 წლის 17 მაისისა და ტანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ჩატარებული გამოძიების არაეფექტურობისა და სასამართლო გადაწყვეტილებების დაუსაბუთებულობის საკითხი.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2013 წლის 17 მაისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 23 ოქტომბერს, მიღებული გამამართლებელი განაჩენის სამართლებრივ და პოლიტიკურ ანალიზს. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო აქციის ჩაშლისა და შეკრების მონაწილეების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიების ჩატარება, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი არ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს. ორგანიზაციების შეფასებით, სახელმწიფომ, ერთი მხრივ, არ უზრუნველყო პოზიტიური ვალდებულებების შესრულება, 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი (აიდაჰო) მიძღვნილი შეკრების მონაწილეების შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მეორე მხრივ, მან არ მიიღო სათანადო ზომები კონტრდემონსტრანტების მხრიდან გამოვლენილი მასობრივი ძალადობის ფაქტების სათანადო გამოძიების, დამნაშავე პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით. ეს კი უმრავლესობისა და დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიმართ მის ლოიალობას აჩვენებს. აღსანიშნავია, რომ აქციის დარბევის შემდეგ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის, მოქმედი პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებები ავლენდა ღია ლოიალობას ძალადობრივი კონტრ-დემონსტრანტების მიმართ და ლგბტ თემის მარგინალიზაციის ნიშნებს შეიცავდა.

WISG-ისა და EMC-ის მტკიცებით, 2013 წლის 17 მაისს გამოვლენილი ძალადობის მასშტაბისა და ბუნების გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოების არაეფექტური მუშაობა და სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება დაუსჯელობის გარემოს ქმნის და ახალისებს ლგბტ თემის მიმართ მტრობასა და ძალადობა. 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის გამო, 2014 წელს, ლგბტ თემმა საერთოდ ვერ შეძლო ესარგებლა შეკრების თავისუფლებით. 2015 წელს ჩატარებული რამდენიმე პარალელური აქცია კი შეზღუდული იყო დროის, მონაწილეებისა და სივრცის თვალსაზრისით.

ამგვარად, დღეისათვის არსებული მდგომარეობით, ლგბტ ჯგუფის წევრები და მათი მხარდამჭერები ვერ ახერხებენ შეკრების თავისუფლების სრულყოფილ სარგებლობას. შეკრების დარბევისა და ძალადობის ყველაზე სერიოზულ საქმეზე სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირება კიდევ უფრო აძლიერებს მათ შიშებს და აღრმავებს უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“