[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

ვეძათხევისა და ოქრუანის მაცხოვრებლების განსახლების საკითხს სახელმწიფო კომისია 2 თებერვალს განიხილავს

IMG_8831ორშაბათს, 2 თებერვალს, სოფელ ვეძათხევში მცხოვრები 9 და სოფელ ოქრუანში მცხოვრები 1 ოჯახის განსახლების საკითხს, “სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია” განიხილავს.

განმცხადებლების ინტერესებს კომისიის წინაშე “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” წარმოადგენს.

დუშეთის რაიონის სოფლები, ვეძათხევი და ოქრუანი, 2005 წლიდან დამეწყრილია. ამ დროიდან მოყოლებული, მეწყრული პროცესები აქტიურად მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, მეწყერმა უშუალო საშიშროების ზონაში მოაქცია ყველა ოჯახი. ამასთან, დასკვნა მიუთითებს, რომ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება უშედეგო იქნება, რაც სოფლების განსახლების უალტერნატივობას ადასტურებს. მიუხედავად ამისა, 2005 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს არ გაუსახლებია სოფლის მაცხოვრებლები.

სოფლებამდე მისასვლელი გზა, უკვე წლებია, დაზიანებულია. ნალექის შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება სოფლამდე მისვლა, რის გამოც სოფლები თვეობითაა მოწყვეტილი გარესამყაროს. საცხოვრებელი სახლები განადგურებულია ან იმდენად არის დაზიანებული, რომ იქ მცხოვრები ადამიანებისათვის საფრთხის შემცველია. სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. მათი ძირითადი შემოსავალი საარსებო შემწეობაა. ოჯახების ნაწილმა წლების წინ დატოვა სოფელი. თუმცა, 10 ოჯახი კვლავაც ვეძათხევში, ხოლო 1 ოქრუანში რჩება, ვინაიდან სხვაგან წასასვლელი არ აქვთ.

გზის არარსებობის გამო, სოფლების მოსახლეობას არ შეუძლია სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებით სარგებლობა. მათ არ მიუწვდებათ ხელი არც აფთიაქებზე, კვებისა და პირველადი მოხმარების ნივთებით სავაჭრო პუნქტებზე. არასაკმარისი შეშისა და საცხოვრებელი სახლების სავალალო მდგომარეობის გამო, სოფლის ადგილობრივებს არ აქვთ საკმარისი გათბობის პირობები. სოფელს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია. ვინაიდან არ არსებობს სკოლა და განათლების მიღების შესაძლებლობა, სოფელში ბავშვები აღარ ცხოვრობენ. სოფელში მყოფი მარტოხელა მოხუცები კი სრულად არიან დამოკიდებულნი მეზობლებზე.

სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი საცხოვრებელი პირობებისა და გარემოს მდგომარეობასთან ერთად, წლების მანძილზე გამუდმებით ირღვევა სოფლის მაცხოვრებლების უფლებები. მათ შორის, პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის, ჯანმრთელობის, სათანადო საცხოვრისის, პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და ცხოვრების სათანადო დონით სარგებლობის უფლებები.

ვეძათხევისა და ოქრუანის შემთხვევები ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა სტიქიით დაზარალებული პირების მიმართ არაეფექტურია, რაც განპირობებულია საკანონმდებლო ბაზის არარსებობით, ეკო-მიგრაციის პრობლემის არასათანადო აღიარებით, და სპონტანური/არათანმიმდევრული მიდგომების არსებობით. განსახლების საკითხებზე მომუშავე კომისიის არსებობა, რომელიც თავის მხრივ შეზღუდულია ფინანსური რესურსებით და საქმის წარმოების ფორმალური კრიტერიუმებით, ვერ პასუხობს ეკო-მიგრაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს და პრობლემის მასშტაბებს.

EMC იმედს გამოთქვამს, რომ განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია მიიღებს სოფლების ვეძათხევისა და ოქრუანის მაცხოვრებლების განსახლების გადაწყვეტილებას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“