[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კანონს არღვევს

კონსტიტუციის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან 3 წევრს უზენაესი სასამართლო ნიშნავს.[1] სწორედ უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - მაია კოპალეიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 5 დეკემბერს ამოეწურა.

კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა უნდა გამწესდეს ახალი მოსამართლე.[2] თუმცა უზენაეს სასამართლოს ქალბატონი მაია კოპალეიშვილის შემცვლელი დღემდე არ აურჩევია, რითაც ის კანონის მოთხოვნებს არღვევს. ამაზე კი პასუხისმგებლობა უპირველესად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ მზია თოდუას ეკისრება. სწორედ მისი ვალდებულებაა უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგინოს ახალი მოსამართლის კანდიდატურა.[3]

კანდიდატის მოსამართლედ ასარჩევად საჭიროა დამსწრე წევრთა ხმების 2/3.[4] საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უმაღლეს ინსტანციაში მოსამართლეთა რაოდენობა კრიტიკულად არის შემცირებული, თუმცა, პლენუმის გადაწყვეტილებაუნარიანობისთვის, მოსამართლეთა მინიმალური ოდენობა დადგენილი არ არის. ამდენად, ეს ფაქტორი ვერ ჩაითვლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისა და პლენუმის მხრიდან საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის სათანადო მიზეზად. ამ ეტაპისთვის პლენუმის შემადგენლობაში 12 მოსამართლეა (უზენაესი სასამართლოს 10  მოსამართლე, აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები.)

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილება 10 წლიანი ვადის ამოწურვისთანავე შეუწყდება[5] და მისთვის უფლებამოსილების გაგრძელება დღევანდელი მოცემულობით დაუშვებელია, მათ შორის მიმდინარე საქმეების დასრულების მიზნით. ამის გათვალისწინებით, გამოკლებული მოსამართლის დროულად ჩაუნაცვლებლობა კონსტიტუციურ მართლმსაჯულებისთვის დამატებითი გამოწვევაა.

კოალიცია მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელსა და პლენუმს უმოკლეს ვადებში დანიშნოს მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი.

[2] საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული შესახებ კანონის მე-16 მუხლის მე-5  პუნქტი.

[3] საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი.

[4] იქვე.

[5] საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული შესახებ კანონის მე-18 მუხლი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“