[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა და სასამართლოს რეფორმა - EMC-ს შეფასება

10 დეკემბერს EMC-მ გამოაქვეყნა 2019 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასება. დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2P4xmyt. გთავაზობთ, დოკუმენტიდან ნაწყვეტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნასა და სასამართლოს რეფორმას შეეხება:

გასული წლის 24 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია წარუდგინა. კანდიდათა შერჩევა უხეში პროცედურული დარღვევებით, გაუმჭვირვალედ და დაჩქარებულად წარიმართა, ხოლო საბოლოოდ შედგენილი სია აშკარად გამოხატავდა სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან პირთა ჯგუფის ინტერესებს.

საზოგადოებრივი და პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული საკითხი დაჩქარებული წესით აღარ განიხილა, ხოლო საბჭოს მიერ წარდგენილმა პირებმა თავად განაცხადეს უარი საკუთარი კანდიდატურების განხილვაზე. 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის საკითხების რეგლამენტირება და ამ მიზნით შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტზე მუშაობა. სამწუხაროდ, საკანონმდებლო ორგანომ ამ ცვლილებებითაც ვერ შექმნა ბოლომდე გამართული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს გარკვეულ ბარიერებს და შეზღუდვებს დაუდგენდა. პარლამენტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებდა „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, რომლის ძირითად ნაწილსაც აგრეთვე იზიარებდა ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ვენეციის კომისია და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი.

საბოლოოდ, კანონპროექტის ავტორებმა წარმოდგენილი რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინეს და კვლავაც მოუგვარებელი დარჩა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კანდიდატის ნომინირება ღია კენჭისყრითა და დასაბუთებული გადაწყვეტილებით; ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღებისას; საბჭოს არამოსამართლე წევრთა არასაკმარისი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და სხვ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევის ხელახალი პროცესი სწორედ აღნიშნული ხარვეზიანი კანონმდებლობის მიხედვით წარიმართა და ბუნებრივია, ამ პროცესშიც არაერთი დარღვევა გამოვლინდა. საბოლოოდ, საბჭოს მიერ 20 კანდიდატი შეირჩა და წარედგინა საქართველოს პარლამენტს, ამ უკანასკნელმა კი საშემოდგომო სესიის პერიოდში წარმართა კანდიდატების ინდივიდუალური განხილვა ღია საკომიტეტო მოსმენებზე. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა საკომიტეტო მოსმენებმა ნათლად გამოავლინა როგორც კონკრეტული კანდიდატების კუთხით არსებული პრობლემები და მთლიანად სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი უმნიშვნელოვანესია ქართული მართლმსაჯულების სისტემისათვის და ამ პროცესების საბოლოო შედეგები დიდწილად განსაზღვრავენ სასამართლო დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ხარისხს.

2019 წლის საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტში აგრეთვე წარიმართა „სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღად“ ცნობილი კანონპროექტი. აღნიშნული კანონპროექტი აუმჯობესებს მოსამართლეთა დისციპლინირებასთან დაკავშირებულ არაერთ საკითხს, აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შერჩევის პროცესს. თუმცა, კვავაც ვერ აგვარებს სასამართლოების თავმჯდომარეთა დანიშვნის წესებს, არ უზრუნველყოფს მოსამართელა დისციპლინური პასუხისმგებლობის სათანადო გამჭვირვალობას, აგრეთვე კვლავაც არ შეიცავს დანაწესს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობის თაობაზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“