[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / კვლევა

უხილავი ძალაუფლების პოლიტიკა

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  78

გამოცემის წელი:  2015

მკვლევრები: 

უხილავი_ძალაუფლების_პოლიტიკა.pdf

“უხილავი ძალაუფლების პოლიტიკა - სამართალდამცავი სისტემის ანალიზი” წარმოადგენს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ მომზადებულ კვლევას, რომელიც სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციური მოწყობის საკითხებს შეეხება. კვლევის მიზნებისთვის სამართალდამცავ ორგანოებად განხილულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და სასჯელაღსრულების სამინისტრო.

კვლევის თანახმად, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების ძირითად გამოწვევას წარმოადგენს სისტემის პოლიტიზირების მაღალი რისკები. ეს დიდწილად განპირობებულია პოლიტიკური თანამდებობის პირების ფართო გავლენებით სამსახურების საქმიანობაზე და ფუნქციური ავტონომიის პრინციპის უგულებელყოფით. პოლიტიზირების საფრთხეს აძლიერებს მკაცრი ცენტრალიზაციის პრინციპიც და იერარქიულობის ისეთი მოდელი, რომელიც ასუსტებს ინდივიდუალური თანამშრომლების დამოუკიდებლობას. პოლიტიკური ინტერესებით სამართალდამცავი ორგანოების (განსაკუთრებით, უშიშროების სამსახურების) გამოყენების რისკებს აძლიერებს სისტემის დახურულობა, რაც გამორიცხავს მისი საქმიანობის მიზნობრიობის კონტროლს.

ასევე სახეზეა დაუბალანსებელი და ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელშიც თავს იყრის სამართალდაცვითი, საგამოძიებო და უშიშროების ფუნქციები. ამასთან, სისტემის გაუმჭვირვალე მმართველობის ფორმები და ცალკეულ სამსახურებს შორის ფუნქციათა დუბლირება არსებითად ართულებს პოლიციის საქმიანობაზე კონტროლის შესაძლებლობას. მზარდი საპოლიციო პრევენციული ფუნქციები კი ქმნის მათი არამართლზომიერი გამოყენების და ინდივიდუალური თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის საფრთხეს.

საგამოძიებო სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების განხორციელებას. ამას გარკვეულწილად განაპირობებს გამომძიებლის როლისა და საპროცესო ზედამხედველობის მოცულობის არასაკმარისი სიცხადით განსაზღვრა. გარდა ამისა, საგამოძიებო ქვემდებარეობის რეგულირება კანონქვემდებარე დონეზე, ვერ აზღვევს ინტერესთა კონფლიქტის არსებობას ცალკეული საქმეების გამოძიების პროცეში. კანონმდებლობაში მოცემულია წინააღმდეგობრივი ჩანაწერები გამოძიების დაწყების ეტაპთან დაკავშირებით, რაც საგამოძიებო ორგანოების თვითნებობის საფრთხეებს ქმნის.

არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობის სისტემა. შიდა ინსპექტირების მექანიზმები, გენერალური ინსპექციის სახით, ვერ სარგებლოს შესაბამისი დამოუკიდებლობის ხარისხით. უწყების ხელმძღვანელები დისციპლინურ პროცესზე გაუმართლებლად დიდ გავლენებს ფლობენ. ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა დისციპლინირების პროცესი და არ არსებობს დისციპლინური გადაწყვეტილების გადასიჯვნის ეფექტური მექანიზმი. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და დევნის დამოუკიდებელი მექანიზმის არარსებობა, რაც აძლიერებს დაუსჯელობის სინდრომს.

სუსტი და არაეფექტურია შს სამინისტროსა და პროკურატურის ანგარიშვალდებულების მოდელიც, აღმსარულებელი და საკანონმდებლო ორგანოს მიმართ. საპარლამენტო კონტროლი აქტიურ გამოყენებას საჭიროებს.

სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვანია:

  1. სისტემის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ინსტიტუციური საფუძვლების შექმნა - პროკურატურის პოლიტიკური გავლენისგან დასაცავად, საჭიროა შემუშავდეს მთავარი პროკურორის შერჩევისა და დანიშვნის მეტად დემოკრატიული, და ღია პროცედურა. მთავარი პროკურორი უნდა შეირჩეს პროფესიული ნიშნებით სპეიციალური საკონკურსო საბჭოს მიერ და მისი არჩევა პარლამენტის კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა განახორციელოს. მნიშვნელოვანია შეიზღუდოს მთავარი პროკურორის გავლენები კონკრეტული საქმეებისა და ინდივიდუალური პროკურორების მიმართ.სისტემის დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვისაც. მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ინდივიდუალური სამსახურების ფუნქციური ავტონომია. შინაგან საქმეთა მინისტრს, როგორც პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, არ უნდა ჰქონდეს უფლება გავლენა იქონიოს კონკრეტული საპოლიციო ღონისძიების განხორციელებაზე. მნიშვნელოვანია პოლიციის სამსახურები (საპატურლო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია) დისტანცირდეს სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან. პოლიციის სამსახურის ხელმძღვანელი უნდა შეირჩეს პროფესიული კრიტერიუმების საფუძველზე, ღია, ობიექტური პროცესის გზით;
  2. ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაცია - შს სამინისტროში არსებული დაუბალანსებელი ძალაუფლების დეკონცენტრაციისთვის საჭიროა უშიშროების ორგანოების ცალკე სტრუქტურის სახით ჩამოყალიბება. ამასთან, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს უშიშროების სამსახურების თანამშრომლობა სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან. ახლადშექმნილი უშიშროების სამსახურის მიმართ უნდა განისაზღვროს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სათანადო გარანტიები. შსს-ში დარჩენილი სამსახურების ფუნქციები ხელახლა უნდა გაიწეროს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული მათ შორის კომპეტენციების დუბლირება.შს სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან ასევე უნდა დისტანცირდეს უწყებაში შემავალი ისეთი სამსახურები, რომლებიც უშუალოდ ახროციელენ საპოლიციო ფუნქციებს (მაგალითად, საპატრულო დეპარტამენტი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი);
  3. უშიშროების სამსახურის რეფორმა - ახლადშექმნილი უშიშროების სამსახურის ფუნქციები უნდა შეიზღუდოს ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებით. მათი უფლებამოსილება უნდა მოიცავდეს ოპერატიული და პრევენციული საქმიანობის განხორციელებას. ამასთან, უშიშროების სამსახურებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება განახორციელონ საგამოძიებო ან/და საპოლიციო ფუნქციები. მათ არ უნდა ჰქონდეთ იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლებამოსილება, გარდა მკაცრად შეზღუდული შემთხვევებისა (მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს მაღალი თანამდებობის პირების უსართხოების დაცვა ან/და ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობა). მინიმუმამდე უნდა შემცირდეს უშიშროების სამსახურების წარმომადგენელთა შემხებლობა ინდივიდუალურ მოქალაქეებთან;
  4. პრევენციული საპოლიციო სისტემის რეფორმა - პოლიციის პრევენციული ფუნქციები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან და მათი გამოყენება არ უნდა მოხდეს დანაშაულის ფაქტზე რეაგირების (გამოძიების) მიზნით. პრევენციული ფუნქციები უნდა იყოს ზოგადი ხასიათის და არ უნდა ატარებდეს ისეთივე ინტენსივობას, როგორიც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მექანიზმებს ახასიათებს. ამ მიმართულებით, საჭიროა ოპერატიული ღონისძიებების სისტემის საფუძვლიანი რეფორმაც და მათი ადგილის ხელახლა განსაზღვრა;
  5. საგამოძიებო სისტემის რეფორმა - საგამოძიებო ქვემდებარეობის წესები უნდა დარეგულირდეს კანონით. უნდა შეიზღუდოს მთავარი პროკურორის უფლებამოსილება, საგამოძიებო ქვემდებარეობის უგულვებელყოფით, საქმის გადაცემასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია გადაიხედოს გამომძიებლის როლი და საგამოძიებო ზედამხედველობის მოცულობა;
  6. პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმა - მნიშვნელოვანია გენერალური ინსპექციების დამოუკიდებლობის გაზრდა. ამ მიზნით, საჭიროა მათი დისტანცირება უწყების პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან და მათი დაკომპლექტების განსხვავებული წესის შემუშავება. მნიშვნელოვანია, რომ გენერალური ინსპექციების გადაწყვეტილებებს სავალდებულო ძალა მიენიჭოს. ასევე, მნიშვნელოვანია დისციპლინური წარმოების პროცედურების დახვეწა, სისტემის თანამშრომელთა უფლებების უზრუნველყოფა დისციპლინური წარმოების პროცესში, დისციპლინური დევნისა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების გამიჯვნა, დისციპლინურ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ეფექტური მექანიზმის არსებობა.სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სფეროს რეფორმისთვის, საჭიროა დამოუკიდებელი საგამოძიებო და დევნის ორგანოს შექმნა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და არ მოექცევა არსებულ საგამოძიებო და დევნის ორგანოებში. დამოუკიდებელი ორგანო აღჭურვილი უნდა იყოს ყველა საჭირო ბერკეტით, რათა აწარმოოს გამოძიება/სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების (მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების) მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე.
  7. ანგარიშვალდებულების გაზრდა - სამართალდამცავი სისტემის ღიაობისა და საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებისთვის საჭიროა ჩამოყალიბდეს ძლიერი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, კონკრეტულად და ნათლად გაიწეროს ანგარიშგების პროცედურები, ანგარიშვალდებულების სუბიექტები, ანგარიშგების პერიოდულობა და ინფორმაცია, რომელსაც უნდა წარადგინოს შესაბამისმა ორგანომ. საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს მსგავსი უფლების მქონე კონკრეტული კომიტეტი. გარდა საპარლამენტო ანგარიშვალდებულებისა, კანონმა ნათლად უნდა განსაზღვროს რა ტიპის ანგარიშვალდებულება არსებობს სამართალდამცავ ორგანოებსა და მთავრობას შორის. ანგარიშვალდებულების მექანიზმები არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ ინდივიდუალურ საქმეებზე გავლენის მოსახდენად;

უხილავი_ძალაუფლების_პოლიტიკა.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“