[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა "იდენტობის" საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან კომუნიკაცია წარადგინა

"იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილების აღსრულებაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის პროცესის ფარგლებში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)-მ, ILGA Europe-სთან, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან (WISG) და იდენტობასთან ერთად კომუნიკაცია წარადგინა.  

"იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საქმე 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (აიდაჰო) სახელმწიფოს მიერ აიდაჰო შეკრების მონაწილეების უსაფრთხოებისა და შეკრების თავისუფლების არასათანადო დაცვის პრობლემას უკავშირდება, რასაც ეროვნულ დონეზე ეფექტიანი გამოძიება ასევე არ მოჰყვა. იდენტობის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში[1] მინისტრთა კომიტეტი ზოგადი ღონისძიებების სახით სახელმწიფოს აიდაჰო შეკრების თავისუფლების სრულყოფილ დაცვასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს.   

მინისტრთა კომიტეტის წინაშე ჩვენს მიერ წარდგენილი კომუნიკაცია კრიტიკულად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წლის 16 აპრილს მინისტრთა კომიტეტისტთვის წარდგენილ სამოქმედო გეგმას[2], რომლითაც სახელმწიფო აღსრულების პროცესის დახურვასა და საქმეზე მიმდინარე გაძლიერებული ზედამხედველობის შეწყვეტას ითხოვს და მოუწოდებს კომიტეტს არ შეწყვიტოს აღსრულების ზედამხედვებლობის პროცესი.

ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კომუნიკაცია პოზიტიურად აფასებს სახელმწიფოს ბოლოდროინდელ მცდელობებს შეემუშავებინა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და  გაეუმჯობესებინა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებთან ბრძოლის პროცესი, თუმცა დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს მიერ ლგბტ ჯგუფის წევრების უფლებათა დარღვევის განგრძობით პრაქტიკაზე, სახელმწიფო ინსტიტუციებში განმეორებითი ვიქტიმიზაციის პრობლემაზე და ზოგიერთ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ დანაშაულებზე, რომელთა გამოძიება სახელმწიფოს მიერ არაეფექტურად ხორციელდება, რაც დაუსჯელობის წახალისების წინაპირობა ხდება და მთლიანობაში სახელმწიფოს არასისტემურ პოლიტიკაზე უთითებს.  

მთავრობის სამოქმედო გეგმა ლგბტ ჯგუფის შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფას 2017 წლის 17 მაისს საპოლიციო ძალის უპრეცედენტო მობილიზაციის გზით ჩატარებული აიდაჰო შეკრების არგუმენტით ასაბუთებს. თუმცა, ჩვენს კომუნიკაციაში მითითებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინა წელს ლგბტ თემსა და მათ მხარდამჭერებს შესაძლებლობა მიეცათ მშვიდობიანი აქცია ჩაეტარებინათ, შეკრების დროსა და სივრცეში შეზღუდულობის, გაძლიერებული საპოლიციო კონტროლის პირობებში მისი დაგეგმვისა და განხორციელების პირობებში ის ვერ აკმაყოფილებდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით სრულყოფილად სარგებლობის სტანდარტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყენებული უპრეცედენტო დაცვის ღონისძიებები აჩვენებს, რომ ლგბტ თემის წევრების მიმართ ნეგატიური და ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობრივი განწყობები საზოგადოებაში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რაც საფრთხეს უქმნის მათ ფიზიკურ ჯანმრთელობასა და მათთვის გარანტირებული უფლებებით სხვებთან თანასწორად სარგებლობას. ამ კუთხით სახელმწიფოს სისტემური საგანმანათლებლო და სოციალური პოლიტიკები არ აქვს განსახორციელებელი, ქვეყანაში სერიოზული გამოწვევაა პოლიტიკური ჰომოფობიის პრობლემა, რომელსაც მათ შორის, მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები იყენებენ და როგორც წესი საჯარო განცხადებების დონეზე ნაკლებად უწყობენ თანასწორობის მხარდამჭერი საზოგადოებრივი ზრის შექმნას.   

მიუხედავად იმისა, რომ შსს-სა და საქართველოს პროკურატურის მიერ გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით - შსს-ს ბაზაზე ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნით, სტატისტიკის წარმოების დაწყებითა და პროკურატურის მიერ სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების მეთოდოლოგიის შემუშავებით, აღნიშნული ღონისძიებები  ამ ეტაპისთვის სუსტია პრევენციული მიმართულებით და ის მეტწილად დანაშაულებზე რეაგირებით შემოიფარგლება.

კომუნიკაცია ასევე კრიტიკულად მიმოიხილავს სახელმწიფოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების ზედაპირულობას, მათ ფრაგმენტულ ხასიათსა და ნეგატიური წინასწარგანწყობების წინააღმდეგ პროგრამების სისუსტეს.

კომუნიკაციის ავტორები მიუთითებენ მინისტრთა კომიტეტს არ დაუშვას საქმეზე ზედამხედველობის პროცესის შეწყვეტა და მოუწოდებენ სახელმწიფოს მოახდინოს იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდე საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანი და სრულყოფლი აღსრულება და ლგბტ ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციასა და ჩაგვრას ფუნდამენტური, ფართო და კომპლექსური პოლიტიკით  დაუპირისპირდეს.

კომუნიკაციის ტექსტი ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ ⇓

 

Identoba-v.-Georgia_1526896872.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

1] აღსანიშნავია, რომ იდენტობას საქმის აღსრულების პროცესი მინისტრთა კომიტეტის მიერ გაერთიანებულია იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი ძალადობის საქმეებზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებთან

[2] იხ: https://rm.coe.int/1318th-meeting-june-2018-dh-action-report-16-04-2018-communication-fro/16807bf674

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“