[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

წულუკიანის საკადრო წმენდის შედეგად გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო

თეა წულუკიანის მხრიდან ჩატარებული საკადრო წმენდის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა მოქალაქემ, გუგა გოგაძემ, 2022 წლის 26 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შრომითი დავა მოიგო. მის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.

სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გუგა გოგაძეს მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით კი, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის იანვრის ბრძანება, გუგა გოგაძის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, სასამართლომ სააგენტოს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის განაცდურის ანაზღაურებაც დაავალა - გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად გადასახდელი ხელფასის მთლიანი ოდენობა. ასევე, გოგაძე ითხოვდა კომპენსაციას, იმისთვისაც, რომ ამ ეტაპზე მისი თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია. ეს მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ამისთვის, დამატებით, სააგენტოს 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ გუგა გოგაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდნენ. აღნიშნული მასობრივი გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მეორე პრეცედენტია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კულტურის სფეროს სხვა გათავისუფლებულთა შრომითი დავებისთვის. ამ საქმეებს უახლოეს თვეებში განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აგრძელებს დავას როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ასევე მუზეუმის თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლების საქმეებზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმოებაში ამ ეტაპზე არის ამ ტიპის 10 საქმე, რომელთაგან მხოლოდ ორზეა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები და ორივე შემთხვევაში ბათილად იცნო გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეებს დაეკისრათ განაცდურის ანაზღაურება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“