საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გვერდების რაოდენობა: 51
გამოცემის წელი: 2014
მკვლევრები: 
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების“ (TDI) ერთობლივი კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკა არსებითად არ შეცვლილა და ის არ აკმაყოფილებს სეკულარული, დემოკრატიული, არადისკრიმინაციული და ანგარიშვალდებული დაფინანსების სისტემის მოთხოვნებს.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პოლიტიკა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის აბსოლუტური უპირატესობის მინიჭების მიდგომას ეფუძნება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის მატერიალური მხარდაჭერა დიდ მასშტაბს აღწევს, მისი საჭიროება ხშირ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული საჯარო ინტერესით, ოდენობა კი არ ეფუძნება გონივრულ, გაზომვად და ობიექტურ კრიტერიუმებს.
მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს შეიმჩნევა პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან დაფინანსების კვლევის ტენდენცია, რაც პოზიტიურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, დაფინანსების არსებული ფაქტობრივი სისტემა ხელისუფლებას კვლავ აძლევს დაფინანსების გზით ეკლესიაზე ზეგავლენისა, თუ მისი ლოიალობის მოპოვების შეუზღუდავ შესაძლებლობას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სეკულარული სახელმწიფოს წესრიგს.
მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოქვეყნებული საბიუჯეტო ტრანსფერის ხარჯვის ანგარიში არ არის დეტალური და დასაბუთებული. შესაბამისად, კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება მისი მიზნობრიობის დასაბუთებულობისა და გამჭვირვალობის საკითხი. საპატრიარქოს მიერ გასაჯაროებული მონაცემების შესაბამისად, ეკლესია საბიუჯეტო ტრანსფერის 75%-ს რელიგიურ განათლებაზე ხარჯავს. აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო დაფინანსების 14 % ეკლესიის მიერ აჭარაში რელიგიურ განათლების უზრუნველყოფაზე იხარჯება.
2013-2014 წლებში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული თანხების ოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს, რაც ხელისუფლების ცვლილებით და ახალ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ წესრიგში პრეზიდენტის პოლიტიკური წონის დასუსტებით შეიძლება აიხსნას.
წინა წლებთან შედარებით, 2013 წელს მნიშვნელოვნად იკლებს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მართმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული თანხის ოდენობა. 2014 წელს გამოკვლეული პერიოდი (3 თვე) კი საკმაოდ მცირეა მისი შედეგების გენერალიზებისთვის და იმის საჩვენებლად, თუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საკადრო ცვლილებამ რა გავლენა იქონია 2013 წელს გამოვლენილამ ტენდენციაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მთავრობის მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქონების გადაცემის მაჩვენებელმა ამ პერიოდში საგრძნობლად იმატა.
სარეზერვო ფონდებიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების კლების ტენდენციის მიუხედავად, 2014 წელს რადიკალურად გაზრდილია მთავრობის მიერ უძრავი ქონების გადაცემის მაჩვენებელი. 2014 წლის მხოლოდ 3 თვის განმავლობაში ქალაქებსა და სოფლებში მთავრობის მიერ გადაცემული უძრავი ქონების ფართობი 2013 წლის ჯამურ მონაცემს საგრძნობლად აღემატება. 2013-2014 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქონების გადაცემის 23 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 16 შემთხვევა სწორედ 2014 წლის იანვარი-მარტის თვეზე მოდის. 2012 წელს დედაქალაქში გადაცემული მიწის ფართი განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს აღწევს და 99.7%-ით აღემატება 2013 და 98%-ით 2014 წლის 3 თვის მონაცემს. თუმცა, 2014 წლის 3 თვის განმავლობაში სხვა ქალაქებში უძრავი ქონების გადაცემის მაჩვენებელი იმატებს და ის 18%-ით აღემატება 2012 წლის მონაცემს. 2013 წლის მაჩვენებელი კი 2012 წლის და შესაბამისად, 2014 წლის მონაცემზე დაბალია. 2014 წლის 3 თვის განმავლობაში დაბებსა და სოფლებში გადაცემული უძრავი ქონების მაჩვენებელი რადიკალურად მატულობს და ის 90 %-ით აღემატება 2012 წლის მონაცემს. 2013 წელს მოცემულ გეოგრაფიულ არეალში უძრავი ქონების გადაცემა საერთოდ არ დაფიქსირებულა.
2014 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობის მიერ ეკლესიისთვის გადაცემული ქონების მხოლოდ 31%-ის შემთხვევაშია გარკვეული ქონების გადაცემის მიზნობრიობა, 2013 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მაღალია და 71% აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2007-2012 წლამდე გადაცემული მატერიალური სიკეთეების მიზნობრიობის აბსოლუტური უმრავლესობა უცნობი იყო.[1]
მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიერ რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების ამსახველი მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს საპატრიარქო სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებით აშკარა პრივილეგიით სარგებლობს. 2013 წელს თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიერ გამოყოფილი ჯამური თანხის 99,2% - 3 896 139 მართლმადიდებელ ეპარქიებსა და ეკლესიებზე გადანაწილდა, დანარჩენი კონფესიებისთვის გაწეული ფინანსური დახმარება კი, 31 268.16 ლარს, მთლიანი თანხის 0,8% შეადგენს.
მუნიციპალიტეტების 70% ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხას სპეციალურად რელიგიური ორგანიზაციების დასახმარებლად განსაზღვრული ქვეპროგრამებიდან გამოყოფს. საპატრიარქოს დაფინანსება ასევე გათვალისწინებულია ხუთი თვითმმართველი ქალაქიდან სამი ქალაქის მერიის ბიუჯეტში. საინტერესოა, რომ მუნიციპალიტეტებს შორის საპატრიარქოს დაფინანსების ყველაზე დიდი მოცულობა ფიქსირდება შერეული რელიგიური კომპოზიციის მუნიციპალიტეტებში, ბოლნისსა და მარნეულში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არამართლმადიდებელია. ხაზგასასმელია ისიც, რომ მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ გამოყოფილი თანხა ზოგჯერ ეპარქიებისა და ეკლესია-მონასტრების გარდა, სასულიერო პირების პირად საბანკო ანგარიშებზე ირიცხება.
თვითმმართველ ქალაქებს შორის, საპატრიარქოს დაფინანსების ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდის, რასაც სავარაუდოდ, დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა და ქალაქის მასშტაბი განაპირობებს. 2013 წელს თბილისის 10-მა რაიონულმა გამგეობამ მართლმადიდებელ ეკლესიებს ბიუჯეტის „სხვა კეთილმოწყობის ღონისძიებების პროგრამიდან“ მთლიანობაში, მილიონ-ნახევარ ლარამდე გამოუყო.
საპატრიარქოს სახელმწიფო დაფინანსების მოდელში განსაკუთრებით პრობლემურია დაფინანსების მიზნობრიობის განსაზღვრის საკითხი. უცნობია, თუ რა მიზნებისთვის იხარჯება მუნიციპალიტეტების მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი სუბსიდიის ნახევარზე მეტი. ზოგჯერ, დოკუმენტებში თანხის გადარიცხვის დანიშნულება მითითებულია. ამ დოკუმენტების მიხედვით, საპატრიარქო მუნიციპალურ დაფინანსებას, ძირითადად, რელიგიური მიზნებისთვის იყენებს, მაშინ როცა სოციალურ პროექტებს საერთო თანხის მხოლოდ 1% ხმარდება. მიზნობრივი კატეგორიებიდან ყველაზე დიდი ხვედრითი წილი მოდის ეკლესიების აშენება/რესტავრაციასა და დეკორატიულ სამუშაოებზე (19%). საეკლესიო დანიშნულების ნივთების შეძენასა და რელიგიური შინაარსის ღონისძიებებზე საერთო თანხის 8% იხარჯება. საპატრიარქოს პრიორიტეტები თვითმმართველი ქალაქების შემთხვევაშიც არ იცვლება, მერიების მიერ გამოყოფილი თანხის თითქმის 55% იხარჯება ეკლესიების მშენებლობა/რესტავრაცია/კეთილმოწყობაზე. თანხის 44%-ის მიზნობრივი დანიშნულება დოკუმენტებში მითითებული არ არის.
საინტერესოა, რომ მუნიციპალიტეტები და თბილისის გამგეობები თანხის გამოყოფის საფუძვლად კონკრეტული ეკლესიების წარმომადგენელი სასულიერო პირების მიმართვებსა და წერილებს ასახელებენ. აღნიშნული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ თანხის მოთხოვნის მიზანი, ხშირად არც სასულიერო პირის წერილშია მითითებული და იგი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვს
2009-2013 წლების მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების (თბილისის გარდა) დაფინანსების დინამიკა აჩვენებს, რომ მთლიანობაში ყველაზე დიდი ოდენობის თანხა 2010 წელს გამოიყო, მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაფინანსების მაჩვენებელი იკლებს და 2013 წელს ისევ იმატებს. 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს დაფინანსება თითქმის 25%-ით იზრდება. 2013-2014 წლების თბილისის გამგეობების მიერ გამოყოფილი თანხის ანალიზი კი გვიჩვენებს, რომ 2014 წლის მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში, ზოგიერთ გამგეობას ეკლესიებისთვის წინა წლის ჯამურ მაჩვენებელზე მეტი თანხა აქვს გამოყოფილი.
ფინანსური დახმარების გარდა, საპატრიარქო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მერიებისგან სხვადასხვა სახის მატერიალურ სიკეთესაც იღებს: მიწის ნაკვეთებს, სკვერებს, შენობა-ნაგებობასა და მოძრავ ქონებას. 2013 წელს, მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ფართობი მთლიანობაში 32 179 კვ.მ-ს შეადგენს. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, 2013 წელს, მათი ღირებულება მთლიანად შეადგენს 192 742 ლარს (175 042.09 ლარის ღირებულების დეკორატიული სანათები, საბაღე სკამები, ნაგვის ურნები, საყვავილეები და მეორადი სამშენებლო მასალა; 1 500 ლარის ღირებულების საწვავი მასალა; 16 200 ლარის ღირებულების ავტობუსი) ხოლო 2014 წელს - 13 400 ლარს (2 ავტომანქანა).
გასათვალისწინებელია უძრავი ქონების გადაცემის ზრდის ტენდენცია: თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიერ საპატრიარქოსთვის 2013 წელს გადაცემული უძრავი ქონების მთლიანი ფართობი (მოიცავს მხოლოდ არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და სკვერებს კვ.მ-ის დაანგარიშებით) 2009-2012 წლების ჯამურ მაჩვენებელს თითქმის უტოლდება, რაც ადგილობრივ დონეზე არსებულ ბიპოლარულ პოლიტიკურ გარემოს და 2014 წელს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს უნდა უკავშირდებოდეს.
ინსტრუქცია