საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მივმართავთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს დაუყოვნებლივ მიიღონ კონკრეტული ზომები ტყიბულის შახტებში და მსგავსი რისკის მქონე საწარმოებში შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის მყისიერი და უპირობო გარდაქმნისათვის. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დასაქმებულების და მათი ოჯახების სოციალურ კეთილდღეობაზე.
ტყიბულში 5 აპრილს მომხდარმა საწარმოო შემთხვევამ, რომელმაც ექვსი მეშახტის დაღუპვა და სამი მათგანის დაშავება გამოიწვია, ცხადი გახადა სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ დროს გადადმული ნაბიჯების არაეფექტურობა და არსებული პოლიტიკის უუნარობა რეალურად დააზღვიოს ის რისკები, რაც დასაქმებულების დაღუპვას და დასახიჩრებას იწვევს. სახელმწიფოს პოლიტიკა კი ვერ უზრუნველყოფს ადამიანების მინიმალურ სოციალურ დაცულობას.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ „შრომის უსაფრთხოების კანონის“ ინიცირება 2017 წელს სწორედ ტყიბულის შახტში 4 მეშახტის დაღუპვის საპასუხოდ განხორციელდა. არსებული მდგომარეობდა ცალსახად მიუთითებდა კანონის უმოკლეს ვადებში მიღების საჭიროებაზე. ამის მიუხედავად, კანონპროექტის განხილვა თითქმის ერთი წლის მანძილზე გაჭიანურდა, რისი მიზეზი საქართველოს ეკონომიკური გუნდის პოზიციონირება გახდა. კანონპროექტის განხილვების პერიოდში მხოლოდ ტყიბულის შახტებში უკანასკნელი 11 თვის მანძილზე 11 დასაქმებული დაიღუპა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 2017 წლის მანძილზე 47 დასაქმებული დაიღუპა და 106 დაშავდა.[1]
გაჭიანურებული პროცესის შედეგად მიღებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი არაერთი ხარვეზით ხასიათდება. ის ვერ უპასუხებს იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს რის წინაშეც დგანან ტყიბულის შახტებში, ჭიათურის მაღაროებში თუ სხვა მძიმე დასაქმების ადგილებში მომუშავე ადამიანები. უფრო მეტიც, კანონი სრულად ძალაში მისი მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ შევა, რაც კვლავ უკონტროლოს და დაუცველს ხდის დღესდღეობით სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის პირობებში დასაქმებულ მშრომელებს. ეს გარემოება სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საგანგებო რეჟიმის შექმნის აუცილებლობის წინაშე აყენებს.
ამასთან, სამთო მოპოვებით და გადამამუშავებელ ინდუსტრიებში დასაქმებული ადამიანებისათვის, ფიზიკური უსაფრთხოების გარდა, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს არასათანადო ანაზღაურება, მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიების არქონა. ასევე განსაკუთრებით მძიმეა მათი სამუშაო და საცხოვრებელი გარემო მაღალი დაბინძურების გამო, რაც მძიმედ აისახება მათ ჯანმრთელობაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მონო-წარმოების ქალაქები, სადაც მოსახლების ფინანსური დამოკიდებულება კონკრეტულ მომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოებზე საწარმოებზე განსაკუთრებით მაღალია. ქალაქებში დასაქმების სხვა შესაძლებლობის არარსებობა, აქ მცხოვრებ ადამიანებს არ უტოვებთ ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობას გარდა მაღაროებში, შახტებში თუ ოქროს მომპოვებელ საწარმოებში დასაქმებას. ეს გარემოება კი, ასევე ხელს უწყობს მაღალ სოციალური კონტროლის შესაძლებლობებს.
მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების მიმართ სახელმწიფოს არ გააჩნია სოციალური დაცვის სპეციალური რეჟიმი[2] რაც შესაძლებელს გახდიდა მათი მინიმალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას და დააკონპენსირებდა იმ ზიანს, რაც მძიმე, მავნე და საშიში ფაქტორებით გამოწვეულ ჯანმრთელობის მუდმივ დაზიანებასა და პროფესიული დაავადების განვითარებაში გამოიხატება.
მონო-წარმოების ქალაქების ალტერნაიული განვითარების ხედვის არქონა და მძიმე, მავნე და საშიშ პიროებებიან სამუშაო ადგილებზე დასაქმებული ადამიანების განსაკუთრებულად მძიმე შრომის პირობების გაუთვალისწინებლობა სახელმწიფოს მხრიდან ნულოვან პასუხისმგებლობას ავლენს ამ ქალაქების და მისი მოსახლეობის მიმართ და მათ ფიზიკური გადარჩენისათვის ბრძოლაში ტოვებს, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე.
მივიჩნევთ, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა გაიაზროს და აღიაროს მისი მნიშვნელოვანი როლი დასაქმებულთა და მათი ოჯახების ფიზიკური და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და უსაფრთხოების კონტროლის სპეციალური ad hoc სისტემის შექმნითა და სოციალური დაცვის მინიმალური გარანტიების შემუშავებით უზრუნველყოს მათი მყისიერი საჭიროებების გადაჭრა.
რამდენადაც არსებული შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემა მინიმალურადაც ვერ პასუხობს დასაქმებულთა და მათი ოჯახების მყისიერ რისკებს და საფრთხეებს, მოვითხოვთ:
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
შენ დემოკრატიისთვის (YFD);
ახალგაზრდა სოციალისტები (YSG);
საქართველოს პროგრესული ფორუმი (GPF);
ანალიტიკური პლატფრომა European.ge.
აუდიტორია 115
[1] შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით 2016 წელს დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის 143 შემთხვევა, რომელმაც ადაიანის დაღუპვა ან დაშავება გამოიწვია, ხოლო 2017 წელს ამგვარი შემთხვევის რიცხვმა 153 ს მიაღწია. https://emc.org.ge/ka/products/2017-tslis-ganmavlobashi-satsarmoo-shemtkhvevebis-shedegad-dashavebulta-raodenoba-gaizarda;
[2] გამონაკლისია დამატებითი 10 დღიანი საშვებულებო პერიოდი მძიმე, მავნე და საშიშპირობების სამუშოებზე დასაქმებულთათვის
ინსტრუქცია