საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2018 წლის 30 ოქტომბერს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, რომელშიც ისინი მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის პრობლემაზე დავობენ. სასამართლოს წინაშე მოსარჩელეების ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენს.
2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სათანადო დათქმის გარეშე, მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე და წარმოადგინა ფრაგმენტული ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც მასში წარმოდგენილი ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას იძლეოდა და მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს არ განმარტავდა. აღსანიშნავია, რომ იგივე შინაარსის და პრობლემატიკის განცხადებები შემდგომში სხვა საჯარო პირებმაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთეს, რაც მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას და ნეგატიური წარმოდგენების კულტივირებას ახდენდა.
თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა და ბრალდებულის სტატუსის მინიჭება არ განხორციელებულა. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე მტკიცებით ფორმაში, ყოველგვარი ეჭვის ან სხვაგვარი შესაძლებლობის დაშვების გარეშე თემირლა მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე და მის მიერ ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაზე მითითება, არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ და საზოგადოების თვალში მისი დამნაშავედ წარმოჩენას და დეჰუმანიზებას ისახავდა მიზნად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარლოს პრეცედენტული სამართალი ამ კუთხით ერთგვაროვანია და იმპერატიულად ადგენს სასამართლოსა, თუ სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს ვალდებულებაზე დაიცვას პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს ორგანოთა ვალდებულებას არ გამოიყენონ დანაშაულის აღმნიშვნელი სიტყვები და არც სხვა სიტყვებით გამოხატონ წინასწარი აზრი პირის ბრალეულობასთან დაკავშრებით, ვიდრე არ დამტკიცდება პირის დამნაშავეობა კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ცხადია, აღნიშნული არ გამორიცხავს შესაბამისი ორგანოების მხრიდან მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მხოლოდ ფაქტების სახით იქნეს მიწოდებული და მას არ ჰქონდეს დეკლარაციული, მტკიცებითი ხასიათი ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.
სასამართლო დავის ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მიზნად ისახავენ:
ინსტრუქცია