[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

ტელეკომპანია „ფორმულადან“ გათავისუფლებულმა ოპერატორმა შრომითი დავა მოიგო

გუშინ, 13 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც უკანონოდ იქნა ცნობილი ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაწყვეტილება მოსარჩელის, გიორგი ჯიბღაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

სასამართლომ, გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად, უკანონოდ ცნო ტელეკომპანია „ფორმულას“ ბრძანებები ჯიბღაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და მოპასუხე ტელეკომპანიას მოსარჩელისთვის კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „ფორმულაში“ დასაქმებული საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები გასული წლის დასაწყისში გაიფიცნენ. დასაქმებულები ჩვენთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ მათი შრომის ანაზღაურება, შრომის სპეციფიკისა და ქვეყანაში არსებული ინფლაციის ფონზე, ადეკვატური არ იყო. გარდა ამისა, დასაქმებულები უთითებდნენ, რომ სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ხშირად უწევდათ არანორმირებულ რეჟიმში, გვიანობამდე მუშაობა.

3 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "ფორმულამ" საინფორმაციო სამსახურის 25 ოპერატორი, რომელიც წინა დღეებში დამსაქმებლისგან ხელფასების ზრდას ითხოვდა და გაფიცვის პროცესი წამოიწყო, გაათავისუფლა. ჩვენი ინფორმაციით, მოგვიანებით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ შეთანხმებას მიაღწია და სამსახურში აღადგინა ოპერატორების ნაწილი. ტელეკომპანიამ უარი განაცხადა გიორგი ჯიბღაშვილის აღდგენაზე, რამაც გაფიცვის პროცესში აქტიურობის დასჯის ფორმა მიიღო.

სამსახურიდან გათავისუფლებიდან მალევე, გიორგი ჯიბღაშვილმა სასამართლოს მიმართა, ხოლო გუშინ საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება გათავისუფლების უკანონოდ ცნობის შესახებ. ჯიბღაშვილის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.

სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელი გაფიცულ თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებს. გაფიცვის უფლება მშრომელების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების დაცვის არსებითი ინსტრუმენტია. მიგვაჩნია, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები არღვევს არა მხოლოდ კონკრეტული გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს, არამედ ზოგადად, ხელყოფს გაფიცვის უფლების არსს და ღირსეული შრომის პრინციპს. ამასთან, გაფიცული თანამშრომლების გაფიცვის გამო გათავისუფლება, „მსუსხავი ეფექტი“ გამო, ქმნის სერიოზულ რისკებს მომავალში სხვა ჯგუფების მიერ გაფიცვის უფლების რეალიზაციისთვის. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია დამსაქმებლის გადაწყვეტილება ოპერატორის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიორგი ჯიბღაშვილის ინტერესების დაცვას, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომ ინსტანციებშიც გააგრძელებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“