[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

თეიმურაზ მიქელაძის საქმესთან დაკავშირებით მოწმეების ნაწილს 8 ივლისს დაკითხავენ

10744550_736465799758716_1233224410_nადიგენის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლომ დააკმაყოფილა EMC-ის შუამდგომლობა. შუამდგომლობის მიხედვით, სასამართლო დაკითხავს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრის დირექტორს, ასევე კონკურსში მონაწილე სხვა მუსლიმ პირსა და იმ ადგილობრივ მუსლიმებს, რომლებიც დაადასტურებენ მოხეს ადმინისტრაციული ერთეულის ყოფილი წარმომადგენლის თეიმურაზ მიქელაძის მიმართ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისა და უკანონო დაკავების ფაქტებს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დისკრიმინაციულ პოლიტიკას მოხის მოვლენების დროს.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს. 2015 წლის 8 ივლისს (16:00 საათზე), სასამართლო მთავარ სხდომაზე ძირითადი მოწმეების ნაწილს დაკითხავს.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე, სასამართლოში თეიმურაზ მიქელაძის ინტერესებს იცავს. ადმინისტრაციული სარჩელი წარდგენილია მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ და ამ ეტაპზე, საქმე ახალციხის რაიონულ სასამართლოში განიხილება.

თეიმურაზ მიქელაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის მოხეს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი იყო და 2014 წლის 22 ოქტომბერს, სოფელ მოხეში საკულტო ნაგებობის დემონტაჟის მიზნით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების დროს, პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს, როგორც ადგილზე დაკავებისას, ისე პოლიციის განყოფილებაში. 2015 წლის 27 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ თ. მიქელაძეს უარი უთხრა მოხეს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლად დანიშვნაზე და აღნიშნულ ვაკანსიაზე დანიშნა ადგილობრივი ქრისტიანი, რომელსაც მოსარჩელესთან შედარებით (ისევე როგორც სხვა მუსლიმ პირზე, რომელიც აღნიშნულ კონკურსში ასევე იღებდა მონაწილეობას) გაცილებით ნაკლები განათლება და სამუშაო გამოცდილება აქვს.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გასაუბრება მოსარჩელესთან ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ხანმოკლე იყო. აღსანიშნავია, რომ კონკურსის შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში იგივე წარმომადგენლები დაინიშნენ, გარდა სოფელი მოხესი. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ამ დრომდე არ წარმოუდგენია კონკურსანტებთან ჩატარებული გასაუბრების ოქმები და მათი დეტალური შეფასების ფორმები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა, შეგვეფასებინა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ თ. მიქელაძისთვის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმა იყო გაგრძელება იმ დისკრიმინაციული პოლიტიკის, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების დროს მუსლიმი თემის მიმართ ატარებდა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“