[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ხელმძღვანელ პირთა შრომის ანაზღაურების ოდენობის თაობაზე ინფორმაციას არ გასცემს

EMC-იმ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და მეტროპოლიტენსა და კომპანიაში დასაქმებული ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების ოდენობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა. კომპანიამ გვიპასუხა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მოთხოვილი ინფორმაციის გადაცემას, რამდენადაც იგი კერძო სამართლის იურიდიული პირია და მასზე არ ვრცელდება საჯარო ინფორმაციის გაცემის მავალებელი კანონმდებლობა (კომპანიის პასუხი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში).

ამავდროულად, მეტროს მემანქანეებთან მიმდინარე კოლექტიური შრომითი დავის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ საკუთარი ინიციატივით ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა ინფორმაცია მეტროს მემანქანეთა ხელფასების ოდენობის თაობაზე, რომელიც თავისმხრივ არ წარმოადგენდა სიმართლეს და გასაჯაროვებული ანაზღაურების ოდენობები ბევრად აღემატებოდა მემანქანეთა რეალურ ხელფასს.[1]

EMC მიიჩნევს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელ პირთა ხელფასის ოდენობისადმი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რამდენადაც კომპანია მეტროს მემანქანეებთან კოლექტიურ შრომით დავაში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის მთავარ არგუმენტად ფინანსური სახსრების არარსებობას ასახელებს. კომპანიის ამ არგუმენტის მიმართ არსებობს შეკითხვები განსაკუთრებით მას შემდეგ რაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა რომ კომპანიის დირექტორმა მამუკა კობახიძემ, მისივე დეკლარაციის მიხედვით, კომპანიაში დანიშვნიდან 40 დღეში, ანაზღაურების სახით 13 333,33 (ცამეტი ათას სამას ოცდაცამეტი) ლარი მიიღო.[2]

ამასთან, კომპანიის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარი ეწინააღმდეგება ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, რამდენადაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის 100%იანი წილობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიას, რომელიც შექმნილია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული საკუთარი ვალდებულების შესრულების მიზნით და ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას - მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.  

შესაბამისად, კომპანიის ფინანსური სახსრების განკარგვის, მათ შორის სახელფასო ბადესთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მასზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყველა დაინტერესებულ პირს. შესაბამისად, 

კომპანიის უარი ინფორმაციის გაცემაზე არის უკანონო და EMC მას კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრებს.  

სატრანსპორტო_კომპანიის_პასუხი_1527244749.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“