საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2024 წლის 1 აპრილს, საგამოძიებო მედია ჯგუფმა The Insider-მა საგამოძიებო ჟურნალისტური მასალა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, თბილისში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის მეუღლეზე საიდუმლო აკუსტიკური იარაღით თავდასხმა განახორციელა რუსული სამხედრო დაზრვერვის (GRU) თანამშრომელმა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დაინტერესდნენ აღნიშნული შემთხვევით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ზომებია მიღებული აღნიშნული ფაქტის შესასწავლად.
მიმდინარე კვირაში ლატვიაში დაფუძნებულმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა მედიამ - The Insider-მა, გერმანულ გამოცემა Der Spiegel-სა და ამერიკული ტელევიზია CBS-ის გადაცემა 60 Minute-თან ერთად, გამოაქვეყნა ე.წ. „ჰავანას სინდრომის“ შესახებ ჩატარებული კვლევა. გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ქვეყნებში, რომლებშიც აშშ-ის დიპლომატიური და ცენტრალური დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები ჯანმრთელობის ანომალიურ გაუარესებას უჩიოდნენ, რუსული სამხედრო დაზვერვის (GRU) 29155-ე დანაყოფის წევრების ყოფნა დაფიქსირდა, რომელთა ამოცნობაც რამდენიმე მათგანმა მოგვიანებით მოახერხა.[1]
კვლევაში მითითებულია, რომ „ჰავანას სინდრომი“, სავარაუდოდ, რუსული დაზვერვის სამსახურების მიერ შექმნილი „არალეტალური აკუსტიკური იარაღის“ გამოყენების შედეგია. GRU-ს ამავე დანაყოფთანაა დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურების რამდენიმე ოპერაცია ქვეყნის გარეთ, მათ შორის, 2018 წელს სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე.[2]
„ჰავანას სინდრომის“ პირველი შემთხვევა 2016 წელს ქალაქ ჰავანაში, კუბაში დაფიქსირდა. ის აღიწერება, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის ანომალიური, უეცარი გაუარესება, რომელიც ხასიათდება მწვავე თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ღებინებითა და მეხსიერების დაქვეითებით. მოგვიანებით აშშ-ის ათობით წარმომადგენელმა სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი სიმპტომების ქონაზე მიუთითა.[3] აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მიერ ჩატარებული სამედიცინო კვლევის მიხედვით, დაზარალებულებში „ჰავანას სინდრომის“ კლინიკური ნიშნები, მათ შორის, ტვინის დაზიანება, არ გამოვლინდა.[4]
საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, კვლევა განსაკუთრებით იმით არის საინტერესო, რომ „ჰავანის სინდრომით“ დაზარალებული ერთ-ერთი პირი საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის მეუღლეა, რომელიც აღწერს, რომ „ჰავანას სინდრომის“ ნიშნები პირველად 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში, დიღმის ტერიტორიაზე, სახლში განიცადა. თავში „ყოვლისმომცველი ხმაურის“ განცდის შემდეგ, სახლის მოპირდაპირე მხარეს შავი მერსედესი და მაღალი მამაკაცი დაინახა, რომელიც სამი წლის შემდეგ მან ამოიცნო, როგორც GRU-ს 29155-ე დანაყოფის წევრი ალბერტ ავერიანოვი, ამავდროულად, GRU-ს ამჟამინდელი დირექტორის მოადგილის, ანდრეი ავერიანოვის, შვილი.
გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, 2021 წელს საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა და სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა GRU-ს აგენტმა, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის ცალსახა საფრთხეს წარმოადგენს. მიუხედავად საკითხის მნიშვნელობისა, ამ შემთხვევაზე შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებიათ.
თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და არალეტალური იარაღის საქართველოს ტერიტორიაზე სავარაუდო გამოყენების ფაქტიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით და რამდენად დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე GRU-ს აგენტის შემოსვლის ფაქტი.
[1] The Insider. “Unravelling Havana Syndrome: New Evidence Links the GRU’s Assassination Unit 29155 to Mysterious Attacks on U.S. Officials and Their Families.” 01.04.2024. ხელმისაწვდომია: cutt.ly/Dw8WHdpC. განახლებულია: 04.04.2024.
[2] The Guardian. “Havana Syndrome” Linked to Russian Unit, Media Investigation Suggests.” 01.04.2024. ხელმისაწვდომია: cutt.ly/kw8WJZsc. განახლებულია: 04.04.2024.
[3] The Telegraph. “Headaches, Fatigue and “Sonic Attacks” ... But Havana Syndrome Might All Be in the Mind.” 18.03.2024. Ხელმისაწვდომია: cutt.ly/dw8WKUMu. Განახლებულია: 04.04.2024.
[4] CNN. “Despite Symptoms, NIH Research Finds No Evidence of “Havana Syndrome” in Brain Scans.” 18.03.2024. Ხელმისაწვდომია: cutt.ly/9w8WLFqI. Განახლებულია: 04.04.2024.
ინსტრუქცია