[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქციების საქმეებზე გამოძიების მთავარ გამოწვევად სამხრე კამერების ჩანაწერების არარსებობას ასახელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქციების საქმეებზე გამოძიების მთავარ გამოწვევად სამხრე კამერების ჩანაწერების არარსებობას ასახელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშით საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოწვევად რჩება სრულყოფილი გამოძიების ჩატარება. საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად, სამართალდამცავებსა და მოქალაქეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ამსახველი ნეიტრალური მტკიცებულების არარსებობა სახელდება.

არსებული პრობლემის გადაჭრის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის რეკომენდაციით საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა სამხრე კამერების ეფექტური გამოყენებით უნდა უზრუნველყონ ვიდეოჩანაწერის მოპოვება. გარდა ამისა, უნდა შემუშავდეს დაკავების სახელმძღვანელო დოკუმენტი ვიდეომონიტორინგის სისტემების ეფექტიანად გამოყენებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწის საკითხებზე; ეტაპობრივად კი უნდა დაიწყოს იმ თანამშრომელთა გადამზადება, ვისაც უშუალოდ უწევთ პირის დაკავება ან/და გადაყვანა; საგამოძიებო სამსახურმა გამოსახლების ღონისძიებაში ჩართული თანაშრომლების მხრიდან სამხრე კამერების საშუალებით ფიქსაციაზეც გასცა რეკომენდაცია.

ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მიერ სოციალური თუ პოლიტიკური კონფლიქტების საპოლიციო ძალების გამოყენებით მართვამ ტენდენციის სახე მიიღო. მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს, ფაქტობრივად ყველა შემთხვევაში, პოლიცია პროტესტის გამოხატვის ხელშესაშლელად აქციის მონაწილეების მიმართ ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას იყენებს. სასამართლოში კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე პირის სამართალდამრღვევად ცნობა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე, ნეიტრალური მტკიცებულებით ბრალდების გამყარების გარეშე ხდება. აღნიშნული მანკიერი პრაქტიკის გათვალისწინებით, სამხრე კამერების ჩანაწერებს, როგორც ნეიტრალური მტკიცებულებებს, არსებითი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დასაცავად და სამართალდამცავთა თვითნებობის პრევენციისთვის.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იზიარებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რეკომენდაციებს და სამინისტროს რეკომენდაციების დროულად შესრულებისკენ, მათ შორის, მოქალაქესთან კომუნიკაციის დროს სამხრე ვიდეო-კამერების ჩართვის სავალდებულოდ გახდისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის გათვალისწინება ხელს შეუწყობს როგორც სამართალდამცავების მიერ ძალადობის ფაქტებზე ეფექტურ გამოძიებას, ისე შეამცირებს მოქალაქეთა უფლებებში თვითნებური ჩარევის რისკებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“