[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარის დასაცავად სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის უფლებების სისტემური დარღვევის ფაქტებზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი წარადგინა.

განაცხადში მოსარჩელე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-8 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე დავობს.

როგორც ცნობილია, 2021 წლის 15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს  ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ.[1] აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების პარალელურად, პანსიონის ყოფილმა აღსაზრდელებმა სხვადასხვა  მედიასაშუალებებით, ღიად ისაუბრეს მათ და სხვა აღსაზრდელების მიმართ პანსიონის აღმზრდელების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტების შესახებ. ყოფილი აღსაზრდელების ინფორმაციით, აღმზრდელები, წლების განმავლობაში, დასჯის უმკაცრეს მეთოდებს იყენებდნენ. აღსაზრდელებს დასჯის მიზნით აიძულებდნენ მეტანიების კეთებას, უკრძალავდნენ საკვების მიღებასა და ძილს, აჩოქებდნენ ხორბლისა და სიმინდის მარცვლებზე, აყენებდნენ ცალ ფეხზე და აიძულებდნენ ხელში სკამის დაჭერას. გარდა ამისა, აღმზრდელები მათ აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების მიერ აღწერილი ძალადობის ფაქტებზე მიუთითებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებიც. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები აღსაზრდელების უფლებები სისტემურად ირღვეოდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის ადმინისტრაციას არ ჰქონდა შემუშავებული ბავშვის ძალადობისგან დაცვისა და ძალადობაზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი, პანსიონში არ ხდებოდა ძალადობრივი ფაქტების წერილობით დოკუმენტირება, რისი ვალდებულებაც პანსიონს კანონით გააჩნდა.[2]

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, განმცხადებელი დავობს, რომ სახელმწიფომ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით განმტკიცებული არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვის მოთხოვნა, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ვალდებულებების ჭრილში.

პანსიონში ცხოვრების განმავლობაში, ჩვენი განმცხადებელი სისტემური ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლი იყო აღმზრდელებისაგან, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ თავიანთ პოზიციას და მუდმივად ძალადობდნენ აღსაზრდელებზე.

თავის მხრივ, 2016 წლამდე საპატრიარქოსთან არსებული სააღმზრდელო დაწესებულებები, მათ შორის ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებდა, რის გამოც, საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებზე, სახელმწიფო  მინიმალურ ზედამხედველობასა და კონტროლსაც  არ ახორციელებდა. 

საყურადღებოა, რომ სოციალურ მუშაკებს, არც დაწესებულების ლიცენზირების შემდგომ, ეძლეოდათ სრულფასოვანი მონიტორინგის ჩატარებისა და ბავშვებთან აღმზრდელებისგან განცალკევებით, ინდივიდუალურად გასაუბრების შესაძლებლობა.  ამასთან, სახელმწიფომ გაცხადებულად უარი თქვა, დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ, დიდი ზომის სააღმზრდელო  დაწესებულებებზე გავრცელებაზე, რითაც  დაარღვია მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება, რომ საპატრიარქოსთან არსებული სააღმზრდელო დაწესებულებები, კანონით განსაზღვრული წესისამებრ, დროულად და ეფექტიანად შეებოჭა და მასზე სახელმწიფოს კონტროლი გაევრცელებინა.

ამასთან, სახელმწიფო ინფორმირებული იყო, პანსიონში ბავშვის უფლებების სისტემური დარღვევებისა და ცხოვრების არასათანადო პირობების შესახებ, შესაბამისად იგი ვალდებული იყო არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციული ზომები მიეღო- 2011 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით, სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა, საპატრიარქოსთან არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებების, მათ შორის, ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. დამატებით, ნინოწმინდის პანსიონი არაერთხელ დაჯარიმდა ტექნიკური რეგლამენტის - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დებულებებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის საფუძველზე.

შესაბამისად ცალსახაა, რომ სახელმწიფომ იცოდა ნინოწმინდის პანსიონში აღსაზრდელებზე ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის რეალური რისკების შესახებ, თუმცა, არასრულწლოვნების უფლებების დასაცავად, სათანადო პრევენციული ზომები არ განახორციელა, რაც მე-3 მუხლით სახელმწიფოზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების დარღვევაა.

კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევაზე მიუთითებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ განხორციელებული ქმედებების არაეფექტურობაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ, ამ დრომდე არ უზრუნველყვეს ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის უფლების სისტემური დარღვევის ფაქტების გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განმცხადებლისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. ამ კონტექსტში, პრობლემურია აღსაზრდელის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხიც-გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის ფაქტზე, მაშინ როდესაც აღსაზრდელების მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს. 

ამრიგად, ჩამოთვლილი პროცედურული ხარვეზების გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ განმცხადებლის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილიც დაირღვა.

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი,წარდგენილ განაცხადში, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევაზეც დავობს.

პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების კონტექსტში, მივიჩნევთ, რომ პანსიონში არსებული მდგომარეობითა და მიდგომებით, სრულად უგულებელყოფილი იყო არასრუწლოვნების სრულფასოვანი ზრდისა და განვითარების საჭიროება. აღსაზრდელებს არ ეძლეოდათ  დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების შესაძლებლობა. პანსიონში განსაკუთრებით მწვავედ იდგა აღსაზრდელების გარე სამყაროსთან ინტეგრირებისა და სოციალიზაციის პრობლემაც.

დაწესებულებაში, ხელი არ ეწყობოდა, აღსაზრდელების, მათ შორის განმცხადებლის, განვითარებასა და განათლებას.  ბავშვებს არ ეძლეოდათ საკუთარი აზრისა და შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. დაწესებულებებში არსებული შეზღუდვები, გამორიცხავდა, განრიგის, ჩაცმის სტილისა და კვების შესახებ, არასრულწლოვანს თავად მიეღო გადაწყვეტილება. ამასთან, აღსაზრდელებს მათი ნების საწინააღმდეგოდ ევალებოდათ, ეკლესიაში სიარულიცა და სისტემატური ლოცვა.

პანსიონის ბენეფიციარებს, მათ შორის განმცხადებელსაც,  ეკრძალებოდათ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და სოციალურ მუშაკებთან პირისპირ საუბარი. ისინი ფაქტობრივად იზოლირებულნი იყვნენ გარე სამყაროსგან, რამაც, საბოლოო ჯამში, არასრულწლოვნები განსაკუთრებულად მოწყვლადები გახადა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების მიმართ, რაც, საბოლოო ჯამში, აისახა მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზაობისა და პირადი ცხოვრების უფლებრივ ასპექტებზეც.

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა

ნინოწმინდის პანსიონის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მიღმა ფუნქციონირებდა და ამასთან, დაწესებულება პრაქტიკულად არ აღასრულებდა ლიცენზირებისა და ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს, რითაც კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებთან ერთად, დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნაც დაირღვა.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სხვა სააღმზრდელო დაწესებულების ბენეფიციარებისაგან განსხვავებით, საპატრიარქოსთან არსებული ნინოწმინდის პანსიონი, წლების განმავლობაში არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო მონიტორინგს, რაც აღსაზრდელების მიმართ განხორციელებული სისტემური არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირებას გამორიცხავდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ნინოწმინდის პანსიონი არ დაექვემდებარა სალიცენზიო მოთხოვნებსა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს, სახელმწიფომ ვერ შეძლო ფაქტობრივი ზედამხედველობის განხორციელება და საპატრიარქოსთან არსებული დაწესებულებების აღსაზრდელების უფლებების დაცვა და საბოლოოდ, კონვენციის  მე-3 და მე-8 მუხლებთან ერთად, მე-14 მუხლიც დაარღვია.

აღნიშნულ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი  რეგულარულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციის ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვის ძირითადი ასპექტების შესახებ.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]„საქართველოს სახალხო დამცველს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა კვლავ არ მიეცა“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/hekccou8

[2]სპეციალური ანგარიში,„ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგი - ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობა“, 2018 წელი, გვ. 45, ხელმისაწვდომია:  https://cutt.ly/RekveZ5U

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“