[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ლაზარე აროშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა 

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ლაზარე აროშვილის ბრალდების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა.

2023 წლის 22 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე აროშვილი და დავით აბრამიშვილი დამნაშავედ ცნო ძარცვასა და ძალადობაში და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განსახილველი საქმის ფარგლებში სადავოა ბრალდებულების მიერ დაზარალებულის კუთვნილი ფულადი თანხის (7 ლარი და 70 თეთრი) და მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების საკითხი. სასამართლო მეგობრის პოზიცია სადავო ფაქტთან მიმართებით მიმოიხილავს იმ მტკიცებულებების საკმარისობას, რომელიც საფუძვლად დაედო გამამტყუნებენ განაჩენს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის აღნიშნული საქმით დაინტერესება "სტუდია მონიტორის" მიერ მომზადებულმა სიუჟეტმა განაპირობა. ჟურნალისტურ მასალაში საუბარია ბრალდებულების დაკავებამდე 2 კვირით ადრე ლაზარე აროშვილის კონფლიქტზე სამართალდამცავებთან, რაც შესაძლოა მისი ბრალდების რეალური მიზეზი გამხდარიყო.

საქმის ანალიზის შედეგად ცხადია, რომ საქმეში ძარცვის ბრალდების დადასტურებისთვის პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები. საქმეში არ არსებობს მათი ჩვენებებისგან დამოუკიდებელი არა თუ პირდაპირი, არამედ ერთი ირიბი მტკიცებულებაც, მათ შორის ნეიტრალური მოწმის ჩვენება, რომელიც გაამყარებდა დაზარალებულთა ვერსიას. ასევე, წარმოდგენილი არ არის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც იქნებოდა დაზარალებულების ჩვენებების დადასტურებისა და მათ სანდოობის შემოწმების უტყუარი მტკიცებულება. დასკვნით დადგინდებოდა როგორც ლაზარე აროშვილის შემხებლობა გამოძიების ფარგლებში ამოღებულ მობილურ ტელეფონთან, ისე დაზარალებულის ბიოლოგიური მასალის არსებობა ბრალდებულებისგან ამოღებულ თანხაზე.

გარდა ამისა, სამართალწარმოებისას დაზარალებულთა ჩვენებებში გამოიკვეთა რიგი წინააღმდეგობები საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერისას, რაზეც სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია. შესაბამისად, განაჩენი დაეფუძნა მხოლოდ დაზარალებულების არასარწმუნო ჩვენებებს, რომლებიც სხვა პირდაპირი/ნეიტრალური მტკიცებულებების საქმეში არარსებობის პირობებში ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელ მტკიცებულებით სტანდარტს. მართლმსაჯულების განხორციელებისას "გონივრულ ეჭვს მიღმა" სტანდარტი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს.

სააპელაციო სასამართლოს სამართლიან და დასაბუთებულ მსჯელობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ერთი მხრივ, წინამდებარე საქმეზე სამართლიანობის აღდგენისა და მეორე მხრივ გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელი სტანდარტის მნიშვნელობაზე სისხლის სამართლის პროცესში. საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს წარდგენილ "სასამართლო მეგობრის" პოზიციას და უზრუნველყოფს საქმის სამართლიან და ობიექტურ განხილვას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“