საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (ყოფილი EMC) გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს წარუდგინა რიგით მესამე, ყოველწლიური ანგარიში კონფლიქტის რეგიონებში არსებულ უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ყურადღებას ამახვილებს 2020-2021 წლებში ადამიანის უფლებათა დარღვევების განგრძობად პრაქტიკებზე, მათ შორის, უკანონო დაკავებების და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებზე, რასაც არაერთი ტრაგიკული შემთხვევა მოჰყვა, ეთნიკური ნიშნით ქართველების შევიწროებასა და დევნაზე გალის და ახალგორის რეგიონებში, პანდემიის პირობებში მძიმე სოციალურ და ჯანდაცვის მდგომარეობაზე, ასევე წამების და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო პრაქტიკებზე ცხინვალის რეგიონში არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
საანგარიშო პერიოდში გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მწვავე კრიზისი გამოიწვია საქართველოს კონფლიქტის რეგიონებში, იმ პირობებში როცა ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული აქვს წვდომა ხარისხიან და სწრაფ ჯანდაცვის სერვისებზე. გარდა ამისა ადგილობრივი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან სოციალურ დახმარების თუ სხვა სოციალური სერვისების მიღებაზე. პანდემიის გამო მათ პრაქტიკულად სრულად ჰქონდათ შეზღუდული ე.წ. გამშვები პუნქტების გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და ჯანდაცვის, ასევე სოციალური სერვისების მიღება, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ისედაც მძიმე სოციალური კრიზისი. ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები ადგილობრივებს კიდევ უფრო ურთულებდა გადაადგილებას. სწორედ ამიტომ მოსახლეობა არაოფიციალური გზებით ცდილობდა ფარულად გადმოსვლას, რასაც არაერთი ტრაგიკული შემთხვევა მოჰყვა.
ანგარიშში ასევე საუბარია უკანონო დაკავებების განგრძობად პრაქტიკებზე, მათ შორის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების საქმეზე, რომელსაც ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ანგარიში ასევე უთითებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კრიტიკულ ჩავარდნებზე, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო/საპოლიციო პირები გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და იტაცებენ ადამიანებს.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუას საქმე ასევე განხილულია ამ ანგარიშში. ირაკლი ბებუა აფხაზეთში დროშის დაწვის გამო დააკავეს და მას დე-ფაქტო სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ანგარიშში ასევე დეტალურად არის განხილული გალის და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების შევიწროების და დევნის დისკრიმინაციული პრაქტიკები, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის განგრძობადი დევნის საქმე, ამ რეგიონებში შეზღუდული ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე, დისკრიმინაციული პრაქტიკები გადაადგილების, განათლებაზე ხელმისაწვდომობის მხრივ.
ანგარიშში ყურადღება არის გამახვილებული ცხინვალის რეგიონში არსებულ იზოლატორებში და ე.წ. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მწვავე დარღვევებზე, წამების და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო პრაქტიკებზე, მათ შორის 2020 წლის 28 აგვისტოს ცხინვალის იზოლატორში მოკლული 28 წლის ინალ ჯაბაევის საქმეზე.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შესაბამისი რეზოლუციის (A/HRC/43/37) საფუძველზე ყოველწლიურად აღწერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე ვითარებას.
ანგარიში დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
ინსტრუქცია