საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: გურამ მურადოვი
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2024 წლის 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით გამართულ საპროტესტო აქციების მონაწილეების, ბრალდებულების ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო მეგობრის მოსაზრებები წარადგინა. ზოგადად, სასამართლო მეგობრის მოსაზრების მიზანია დაეხმაროს სასამართლოს, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში და განსახილველი საქმის სამართლებრივი საკითხების ირგვლივ მიაწოდოს აკადემიური და პრაქტიკული განმარტებები.
როგორც ცნობილია, ბრალდებულებს საქართველოს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
სასამართლოსთვის წარდგენილ სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში განხილულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის როგორც ობიექტური აგრეთვე სუბიექტური მხარე. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია, ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორისა და დანაშაულის ამსრულებლის როლებზე, ურთიერთმიმართებაზე და კავშირზე. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დანაშაულის დაგეგმვისა და ჩადენის პროცესის ხელმძღვანელობის კუთხით ორგანიზატორის ქმედებები არ გულისხმობს მხოლოდ დანაშაულის ჩადენის იდეის გაჟღერებას, იგი მოიცავს კონკრეტული დანაშაულის განხორციელების გეგმის შექმნას, დანაშაულის ჩადენისთვის საჭირო იარღების, სხვადასხვა საგნების შეძენას, დანაშაულის ამსრულებლებისთვის მითითებების მიცემას და შესაბამისი პროცესის ხელმძღვანელობას. ამასთან ერთად, აუცილებელია, რომ ორგანიზატორთან ერთად არსებობდეს დანაშაულის ერთი ამსრულებელი მაინც, რომელიც ორგანიზატორის სავალდებულო მითითებების შესაბამისად მოქმედებს და ჩადის დანაშაულს.
დანაშაულის ობიექტური მხარის მიღმა, წარდგენილ სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ყურადღება დანაშაულის სუბიექტურ მხარეზე და აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები ჩადენილი უნდა იქნეს განზრახი დანაშაულის ფორმით და დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად აუცილებელია, რომ სასამართლომ შეაფასოს არის თუ არა სისხლის სამართლის საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, დანაშაულთან დაკავშირებით მითითებების გაცემის, ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვისა და მათზე კონტროლის განზრახვა გააჩნდათ, ხოლო თავის მხრივ ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს უნდა გააჩნდეთ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ნება.
სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში სისხლისსამართლებრივ თეორიულ საკითხებთან განხილულია საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განხილული სისხლის სამართლის საქმეებით დადგენილი სამართლებრივი სტანდარტები. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების დასჯადობისთვის სწორედ სუბიექტური ელემენტის ანუ განზრახვის არსებობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით ფასდება და მიიიჩნევა, რომ თუ პირის განზრახვა და მიზანი არ მოიცავდა ჯგუფური ორგანიზების თანმხლებ ძალადობრივ ქმედებებს მას არ შეიძლება მითითებული მუხლით დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში აგრეთვე მახვილდება ყურადღება მოცემულის სისხლისსამართლებრივი საქმეების პოლიტიკურ კონტექსტზე და აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია სასამართლომ საქმეთა კონტექსტის გათვალისწინებით, შეაფასოს ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ხომ არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების მცდელობას და ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის მოთხოვნების დარღვევას.
როგორც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები საუბრობენ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრიმინაციულ საფუძვლებზე და უთითებენ, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი ობიექტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენას და ისინი ისჯებიან ხელისუფლების გადაწყვეტილების კრიტიკისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. შესაბამისად, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანი მართლმსაჯულება და პროცესის განმავლობაში გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულების პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტიურობის გამო მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების თაობაზე. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, სასამართლომ შეისწავლოს და ადეკვატური სამართლებრივი შეფასება მისცეს სისხლისსამართლებრივი საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებს, მათი ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს და მსგავსი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების ზოგად სტანდარტებს სხვა სისხლისსამართლის საქმეებში. აღნიშნული შეფასებები სასამართლოს შესაძლებელობას მისცემს, დაადგინოს ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ხომ არ ხორციელდება სხვადასხვა ქვენამოტივით, რაც შესაძლოა სახელმწიფოს მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევას წარმოადგენდეს და ამავე დროს არღვევდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის მოთხოვნებს.
როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის მიზანი არის აკრძალოს ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები რაც უკავშირდება უფლებების შეზღუდვას სხვდასხვა ქვენაგრძნობებით.[1] ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი შემუშავებულია იმ მიზნით, რომ დემოკრატიის შენარჩუნებას და უფლებების დაცვას შეუწყოს ხელი და იმავდროულად დაიცვას კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები ტოტალიტარიზმისგან გამოწვეული საფრთხისგან. კონვენციის მე-18 მუხლი აგრეთვე მიზნად ისახავს, მოახდინოს ხელისუფლებების მეშვეობით კონვენციის უფლებებისა და თავისუფლებების ბოროტად და უკანონო შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად და გამორიცხოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა[2]. ამ მუხლთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფოები შესაძლოა, ბოროტად იყენებდნენ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მექანიზმს კონკრეტული პირებისა და აქტივისტების მიმართ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედოვნებს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს წარდგენილ დოკუმენტს, მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და თავიდან იქნება აცილებული ბრალდებულების უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა.
ინსტრუქცია