[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

დაზარალებულ მშრომელებსა და მოვაჭრეებს სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდებათ

ფოტო: პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლები გუშინ ვაგზლის მოედნის მიმდებარედ “ბორჯომის ბაზარში” ხანძრის შედეგად დაზარალებულ მშრომელებსა და მოვაჭრეებს შეხვდნენ.

ხანძრის შედეგად ასობით მოვაჭრემ საკუთარ მაღაზიებში შენახული საქონელი და მარაგი დაკარგა. ისინი და მათი ოჯახები ყოველდღიურად ამ საქონლის ვაჭრობის შედეგად მიღებულ შემოსავლებზე იყვნენ დამოკიდებულები. ბაზრის მშრომელებსა და მოვაჭრეებს შორის უმრავლესობა ქალია, ასევე არა ერთი დევნილი. შესაბამისად, შექმნილი მდგომარეობა მათ და მათზე დამოკიდებულ პირებს სოციალურ - ეკონომიკური კატასტროფის, მათ შორის, სიღარიბისა და შიმშილის, რისკის წინაშე აყენებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზარალი მილიონობით ლარს შეადგენს.

იმ პირობებში, როცა მშრომელები უკვე საბანკო დავალიანებების მძიმე ტვირთით ცხოვრობდნენ და ხშირად საკუთარი საცხოვრებელი სახლები აქვთ იპოთეკით დატვირთული. მათმა ნაწილმა ბოლო რამდენიმე წელიწადის განმავლობაში უკვე მესამე ხანძარი გამოიარა, ეს შემთხვევა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. დაზარალებულების უმეტესობას არ ჰქონდა დაზღვევა, ვინაიდან ბაზარში არსებული მძიმე და არაუსაფრთხო პირობების გამო სადაზღვევო კომპანიები უარს აცხადებდნენ მათი საქმიანობის დაზღვევაზე.

მშრომელების თქმით, ისინი არ არიან ინფორმირებული და არ აქვთ ხელთ ბაზრის ადმინისტრაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი და შესაბამისად, არ იციან, ითვალისწინებდა თუ არა კონტრაქტი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას ბაზრის უსაფრთხოებაზე. თუმცა, მშრომელების თქმით, შენობას იცავდაპირველ და მეორე სართულზე ბაზრის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული დაცვა და ღამით, სამუშაოს დასრულების შემდეგ, ხდებოდა ელექტროენერგიის გათიშვა. მშრომელები ასევე არ არიან ინფორმირებული იმის შესახებ, იყო თუ არა შრომის ინსპექტირება ჩატარებული ამ ადგილას და რა ზომები იყო გატარებული მათი მხრიდან ადგილებზე უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით. მათთვის ასევე გაურკვეველია, რამდენად და რა პირობებით აქვს ბაზრის ადმინისტრაციას ტერიტორია დაზღვეული და შექმნილ კრიზისში ვის ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

მშრომელები ცხადია, აცნობიერებენ ბაზარში არსებული მძიმე და არაუსაფრთხო გარემოსა და მისგან წარმოშობილ რისკებს, თუმცა გამოთქვამენ ეჭვებს,რომ ხანძარი, შესაძლოა, განზრახ იყო გაჩენილი და მსხვილ კომპანიებს ამ ადგილის გამოყენების ინტერესი აქვთ. მშრომელები და მოვაჭრეები იხსენებენ წინა წლებში გაჩენილი ხანძრების გამოცდილებას, სადაც არც სახელმწიფომ და არც ბაზრის ადმინისტრაციამ მათ დასაცავად არაფერი გააკეთა და ამ სივრცეების გამოყენება სწორედ მსხვილი ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ დაიგეგმა.

ამ პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხანძართან დაკავშირებით ჩატარდეს დროული და გამჭვირვალე გამოძიება, დადგინდეს პასუხისმგებლობის საკითხები და გამოიკვეთოს იმ კომპანიებისა და პირების როლი, რომლებსაც ბაზრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდათ. სწორედ, კონტრაქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შეიძლება გამოიკვეთოს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირებისა და კომპანიების ვინაობაც.

ამ კუთხით არსებითია, ბაზრის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნოს ყველა რელევანტური ხელშეკრულების დოკუმენტი და გასცეს პასუხი მშრომელებისა და მოვაჭრეების კითხვებს ბაზრის ტერიტორიის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი აქტორებისა და ფორსმაჟორის პირობებში პასუხისმგებლობის გადანაწილების შეთანხმების შესახებ.

ამას გარდა, მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეიმუშაონ საგანგებო მდგომარეობის საპასუხო სოციალური და ეკონომიკური პროგრამები, რაც დაეხმარება მშრომელებს შექმნილი კრიზისების დაძლევაში. მნიშვნელოვანია თბილისის მერიამ უზრუნველყოფოს:

  • დროებითი სუბსიდირება ან საგანგებო დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვინც მთლიანად დაკარგა შემოსავალი;
  • ალტერნატიული სამუშაო სივრცეების შეთავაზება, რაც მათ ხელს შეუწყობს, სწრაფად დაუბრუნდნენ შრომის ბაზარს;
  • მოლაპარაკება ბანკებთან კრედიტების გადავადებისა და გადახდის პირობების შესამსუბუქებლად.

სამწუხაროდ, მიუხედავად მშრომელებისა და მოვაჭრეების მოლოდინისა, თბილისის მერი, კახა კალაძე, მათ თხოვნას შეხვედრის თაობაზე, ამ დრომდე არ გამოხმაურებია. ამ დრომდე დაზარალებული ადამიანები არ არიან ინფორმირებული ადგილობრივი თვითმმართველობის როლისა და მონაწილეობის შესახებ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს მოვლენების მონიტორინგს და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს ბაზრის მშრომელებსა და მოვაჭრეებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“