საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის იმ ნორმას,[1] რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტყის ფართობების საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას. მოსარჩელეები არიან ერთის მხრივ რელიგიური ორგანიზაცია, მეორეს მხრივ კი, ქ. სიღნაღში ტყის მახლობლად მცხოვრები მოქალაქე. კონსტიტუციური სარჩელის მიზანია დაიცვას ტყე, როგორც უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსი განკერძოებისგან, რადგან ამით ირღვევა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი და საზოგადოების ტყის რესურსზე წვდომის უფლება.
2020 წლის მაისში ახალი ტყის კოდექსის მიღებამ და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში შესულმა ცვლილებამ შესაძლებელი გახადა საქართველოს საპატრიარქოსათვის მართლმადიდებელი ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარამდე ტყეთა ფართობებისა და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიების საკუთრებაში გადაცემა. სადაო ნორმის განმარტებით ბარათის თანახმად, საქართველოს საპატრიარქოსათვის ტყის ფართობების საკუთრებაში გადაცემის მიზანია ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ თვითმყოფადი ბუნების შენარჩუნება და მომლოცველებისათვის მშვიდი გარემო პირობების შექმნა.[2] გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ სხვა რელიგიურ ორგანიზაციას, არ არსებობს გონივრული მიზეზი, რომელიც გაამართლებდა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ამ პრივილეგიის მინიჭებას.
საქართველოს საპატრიარქოსათვის ექსკლუზიური პრივილეგიების მინიჭების შეუთავსებლობაზე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპთან არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა. კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოს მიერ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ მიღებისა და საგადასახადო პრივილეგიებით სარგებლობასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების დიფერენცირების გამართლება, მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფოს ისტორიაში განსაკუთრებულ როლზე მითითებით, აზრს უკარგავს თანასწორობის უფლებას.[3] შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ტყის ფართობებზე საკუთრების მოპოვების უფლებამოსილების ექსკლუზიურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მინიჭება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.
გარდა ამისა, ტყის ფართობებზე საკუთრების უფლების მოპოვების შედეგად, მართლმადიდებელ ეკლესიას ენიჭება ტყის მართვისა და ტყით სარგებლობის რიგი ექსკლუზიური უფლებები, რაც გამორიცხავს ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტყის რესურსებზე წვდომის შესაძლებლობას. კერძოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ტყის ფართობებზე მოსახლეობა ვერ შეძლებს საქონლის ძოვებასა და პირადი მოხმარების მიზნით ტყის რესურსების მოპოვებას, რაც აუცილებელია მათი საციცოცხლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს მდგრადი ეკოლოგიური განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგში.[4] აღნიშნული კი, გულისხმობს, ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ტყით სარგებლობისას, ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური და კულტურული ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის მიღწევას. ტყის რესურსების ერთი კერძო მესაკუთრის სასარგებლოდ დათმობა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის წვდომის შეზღუდვის ხარჯზე, გამართლებული არ არის არც ეკონომიკური, არც ეკოლოგიური, არც კულტურული და არც სოციალური ინტერესით. მეტიც, სახელმწიფოს არც კი შეუფასებია ტყის ვრცელი ტერიტორიების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემის ეკონომიკური სარგებლიანობა და მისი შესაძლო გავლენა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და ბუნებრივ გარემოზე. შედეგად, სადაო ნორმით გაუმართლებლად იზღუდება ასევე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებული გარემოს დაცვის უფლება, რომლის მოთხოვნაა ბუნებრივ გარემოზე წვდომისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოთქვამს იმედს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დროულად მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას აღნიშნულ საქმეზე და რელიგიური თანასწორობისა და ასევე, გარემოს დაცვის უფლებების რეალიზებას შეუწყობს ხელს.
[1] „სახელწმიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი
[2] განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/214712;
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივნისის N671 და N811 გადაწყვეტილებები
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/524 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2
ინსტრუქცია