[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებულის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს

2023 წლის ოქტომბერში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან“ (შემდგომში, ასევე „სააგენტო“) უკანონოდ გათავისუფლებული ზურაბ კოპლატაძის ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართა. ზურაბ კოპლატაძე სააგენტოში საკვანძო თანამდებობაზე, საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე 2011 წლიდან მუშაობდა. საქმის გარემოებები ცხადად აჩვენებს, რომ კოპლატაძის სამსახურიდან გათავისუფლება იყო უკანონო და გათავისუფლების რეალური საფუძველი გახდა, ერთი მხრივ, მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად შესრულება, ხოლო, მეორე მხრივ, კოპლატაძის მხრიდან ხელისუფლების გარკვეული გადაწყვეტილებების კრიტიკა.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობას დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, პასუხისმგებელია ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირებასა და საავიაციო უშიშროებაზე. 2023 წლის 11 ივლისს სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომლის საფუძველზეც შემცირდა მხოლოდ ერთი შტატი, საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია, რომელსაც ზურაბ კოპლატაძე იკავებდა. თავად დეპარტამენტი გაუქმდა და მისი ფუნქციები სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა შეითავსა. 2023 წლის 9 აგვისტოს კი, რეორგანიზაციის საფუძვლით ზურაბ კოპლატაძე გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან.

სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესი იყო ფორმალური და ვერ პასუხობდა საქართველოს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს არ წარმოუდგენია არანაირი დასაბუთება, თუ რომელმა ფაქტორებმა მოითხოვა აღნიშნული ცვლილების განხორციელება და უმნიშვნელოვანესი ფუნქციების მქონე დეპარტამენტის გაუქმება, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დეპარტამენტის ყველა ფუნქცია შენარჩუნდა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაეკისრა. საქმის გარემოებები აჩვენებს, რომ საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის გაუქმების ერთადერთი მიზანი მისი ხელმძღვანელის გათავისუფლება იყო. აღნიშნული დეპარტამენტის ყველა სხვა თანამშრომელი გადაყვანილ იქნა სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, ხოლო სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობა და სახელფასო ფონდი დარჩა უცვლელი.

ამ შემთხვევაში რეორგანიზაციის ინსტრუმენტი, ისევე როგორც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების სხვა შემთხვევებში, გამოყენებულ იქნა სააგენტოს რეალური მოტივაციების შესანიღბად, რაც უკავშირდებოდა ზურაბ კოპლატაძის განსხვავებულ მოსაზრებებს სააგენტოს შიგნით მიმდინარე პროცესებზე და, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, კოპლატაძის კრიტიკულ პოზიციას რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე, რასაც იგი საჯაროდაც აფიქსირებდა.

გარდა ამისა, სააგენტოს ხელმძღვანელობის უკმაყოფილება, როგორც ჩანს, გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ზურაბ კოპლატაძე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით განსაზღვრული საფუძვლით აყენებდა ცალკეული ავიაკომპანიებისთვის ოპერირების უფლების შეჩერების საკითხს, რასაც სააგენტოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული უმოქმედობა სსიპ ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ დირექტორის მხრიდან, შესაძლოა, შეიცავდეს, დანაშაულის ნიშნებს, რასთან დაკავშირებითაც, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურასაც მიმართა.

უფრო ზუსტად, საქართველოს საჰაერო კოდექსის და აღნიშნული კოდექსის საფუძველზე მიღებული ,,საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის“ შესაბამისად, სააგენტო გასცემს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობებს, რაც ავიაკომპანიების ოპერირების საფუძველია. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით ავიაგადამზიდველი ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს აუდირებული ფინანსური ანგარიში შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ავიაგადამზიდველის შესაბამისობის დასადგენად. ამავე ბრძანების მე-6 მუხლის თანახმად კი, მოწმობის შეჩერების საფუძველია ზემოთ დასახელებული აუდირებული ფინანსური ანგარიშგების სააგენტოში წარუდგენლობა. ზურა კოპლატაძემ სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას დაადგინა რამდენიმე ავიაკომპანიის მხრიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (ფინანსური ანგარიშების წარუდგენლობა), რაც წარმოადგენდა ამ სუბიექტებისთვის სააგენტოს მიერ გაცემული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მოქმედების შეჩერების უპირობო საფუძველს. ავიაგადამზიდველების მხრიდან ფინანსური ანგარიშის წარდგენის ვალდებულების დარღვევის თაობაზე ზურაბ კოპლატაძემ მოხსენებითი ბარათით მიმართა სააგენტოს ხელმძღვანელობას და მოითხოვა ამ ავიაკომპანიებისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მოქმედების შეჩერება. თუმცა საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებით ბარათებს, სააგენტოს ხელმძღვანელობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო ასეთი მოხსენებითი ბარათი ზურაბ კოპლატაძემ 4 აგვისტოს მოამზადა, ხოლო 9 აგვისტოს იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის პრაქტიკა აჩვენებს, რომ რეორგანიზაცია, როგორც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფორმალური საფუძველი, ხშირად გამოიყენება დისკრიმინაციული საფუძვლით არასასურველი კადრების თავიდან მოშორების მიზნით, ისე რომ, რეორგანიზაციის რეალური საჭიროება და კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი სახეზე არ არის. ამგვარი მავნე პრაქტიკა, კონკრეტული დასაქმებულის შრომითი უფლებების დარღვევის გარდა, ზიანს აყენებს საჯარო ინტერესს, რადგან აშკარაა, რომ რეორგანიზაციის გამოცხადების ერთადერთი მიზანი კრიტიკულად განწყობილი ფიგურის საჯარო სამსახურისთვის ჩამოშორება ხდება და ამ პროცესში გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და საჯარო დაწესებულებების ფუნქციური გამართულობის დაცვის ინტერესები მხედველობაში არ მიიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

  • სასამართლოს - სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის დაცვით, დროულად განიხილოს ზურაბ კოპლატაძის გათავისუფლების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი;
  • საქართველოს გენერალურ პროკურატურას - დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი უმოქმედობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“