[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პოლიციელის დღეს ეხმიანება

31 მაისს საქართველოში პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წელზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, სახელმწიფომ ვერ შექმნა დეპოლიტიზირებული, თემზე ორიენტირებული და მაღალი ნდობის მქონე სამართალდამცავი სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის, მშვიდობიანი და ინკლუზიური სოციალური გარემოს შენების, დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საფუძველს შექმნიდა.

სხვადასხვა პერიოდში პოლიციის სისტემაში გატარებული რეფორმები მეტწილად გამოირჩეოდა ფრაგმენტულობით და ზედაპირულობით. სისტემაში განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებები ხშირ შემთხვევაში გარეგნული და მოჩვენებითი იყო, ნაცვლად ძირეული რეფორმირეისა და დემოკრატიული და ეფექტიანი საპოლიციო სისტემის შენებისა. შედეგად, სამართალდამცავ ორგანოებში გატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, დღესაც პოლიცია არსებითად ვერ არის პოლიტიკურად ნეიტრალური, მაღალი ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოებრივი ნდობის მქონე ინსტიტუცია.

პოლიციის საკვანძო ინსტიტუციურ გამოწვევას შინაგან საქმეთა მინისტრის და პოლიციის სისტემის ინსტიტუციური გადაჯაჭვულობა წარმოადგენს, რის გამოც სამთავრობო კაბინეტის წევრი, პოლიტიკური პოზიციის მქონე მინისტრი კვლავ პირველ პოლიციელად განიხილება. ამ პირობებში, პოლიციას ხშირად კანონის ნაცვლად, პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით მოქმედება უწევს. პოლიციის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მიზეზი, მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის მოწყობას არ უკავშირდება და ის არსებული პოლიტიკური რეალობით აიხსნება, სადაც დემოკრატიული და დელიბერაციული მექანიზმებით კრიზისის მართვის გამოცდილება სუსტია და პოლიცია რჩება ერთადერთ აპარატად, რომელსაც კრიზისში შესული ხელისუფლება წესრიგის დამყარებისთვის და უკმაყოფილების შეკავებისთვის იყენებს.

საპოლიციო სისტემა დღემდე არ არის საკმარისად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული. დღემდე სუსტი და არაეფექტურია უწყების შიდადისციპლინირების და პასუხისმგებლობის მექანიზმები. გენერალური ინსპექციის ინსტიტუციური მოწყობა და დავების განხილვის პროცედურები ნაკლებად არის ორიენტირებული დამოუკიდებელ და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებულ პრინციპებზე.

განსაკუთრებით პრობლემურია უწყების მოქმედი ხელმძღვანელობის ჩაკეტილობა და პოლიტიკური ნების არარსებობა სისტემის რეფორმირებაზე. გასულ წლებში, არაერთ სამუშაო ფორმატში ჟღერდებოდა საგამოძიებო სისტემის რეფორმის ინიციატივა, რის შედეგადაც უნდა გაზრდილიყო გამომძიებლის როლი გამოძიების პროცესში, ამაღლებულიყო გამომძიებელთა კვალიფიკაცია და მეტი გარანტია შექმნილიყო ზოგადად გამოძიების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობისთვის. ამავდროულად, სისტემაში კრიტიკულად აუცილებელია მინისტრის დისტანცირება უშუალო საპოლიციო ფუნქციებისგან და მისი კომპეტენციების შემოფარგვლა მხოლოდ უწყებრივი პოლიტიკის საკითხებით. აგრეთვე აუცილებელია დისციპლინირებისა და შიდა პასუხისმგებლობის მექანიზმების გაძლიერება და დახვეწა, რათა ერთი მხრივ, სისტემაში ადგილი არ ჰქონდეს დაუსჯელობის სინდრომს, მეორე მხრივ კი დისციპლინირების მექანიზმები თვითნებურად და შერჩევითად არ გამოიყენებოდეს პოლიციელებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. სამწუხაროდ, აღნიშნულ საკითხებზე დღემდე შეჩერებულია მუშაობის პროცესი და არ ჩანს რეალური პოლიტიკური ნება, რომლითაც დაიძლებოდა პოლიციაში არსებული სისტემური გამოწვევები.

სუსტი და არათანმიმდევრულია დანაშაულის პრევენციის და ზოგადად დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია. ამ კონტექსტში, პოლიციის სისტემაში პრიორიტეტს კვლავ არ წარმოადგენს დანაშაულის სტრუქტურული მიზეზების კვლევა და სოციალურ კონტექსტზე დაფუძნებული ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის წარმართვა. სამწუხაროდ, პოლიციის მუშაობა, ნაცვლად ანალიტიკური, პრევენციული, თემზე ორიენტირებული და საზოგადოებრივი ნდობის გაძლიერებისა, ინტენსიური საპოლიციო კონტროლისა და რეპრესიის მიდგომებს ეფუძნება. სუსტია პოლიციის თანამშრომლობის ხარისხი სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომლებიც აგრეთვე უნდა ზრუნავდნენ კონკრეტული ჯგუფების, მათ შორის ბავშვებისა და ქალების უფლებების დაცვაზე. ამ კონტექსტში, სამართალდამცავი უწყებები მხოლოდ რეაქციულ რეჟიმში ცდილობენ ამ ჯგუფების უფლებების დაცვას, რაც არსებითად არაეფექტიანია და ზოგიერთ შემთხვევაში, კონტრპროდუქტიულიც. ამ მიდგომის პრობლემურობა განსაკუთრებით აშკარად ჩანს სოციალური კონფლიქტების დროს (მათ შორის, მრავალფეროვან თემებში გამოვლენილი კოფლიქტებისა და დაძაბულობის დროს), რომელსაც სახელმწიფო მრავალმხრივი დემოკრატიული და სოციალური სამუშაოებით არ პასუხობს და ამგვარი კონფლიქტების გადაჭრაში ჩართულ ერთადერთ რგოლს და ინსტრუმენტს საპოლიციო რეაგირება წარმოადგენს. ამგვარი კრიზისების დროს სახელმწიფო პასუხისმგებელობის მხოლოდ საპოლიციო ბუნებაზე დაყვანა, დემოკრატიული და ინკლუზიური სახელმწიფოს პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის და მყიფე სოციალური წესრიგის მიზეზი ხდება.

პრობლემურია პოლიციის საქმიანობაში კერძო ინტერესის დაცვის დომინირების საკითხიც. დღესაც დაუბალანსებელი და უკონტროლო კერძო ინტერესის წინააღმდეგ რიონის ხეობის მოძრაობის წუხილების გაზიარებისა და მათთვის პოლიტიკური დიალოგის შეთავაზების ნაცვლად, მასშტაბურ სოციალურ მოძრაობას ხელისუფლება საპოლიციო რეპრესიით უპირისპირდება და მათი შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლებისთვის მასშტაბურ და ინტენსიურ შეზღუდვებს აწესებს. ახლაც ვხედავთ პოლიციის ჯებირებს და ბარიკადებს რიონის ხეობაში, რომლითაც ადგილობრივ მოსახელობას დაუსაბუთებლად ეზღუდება საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში გადაადგილების და შეკრების უფლებები. მეტიც, პოლიცია ადგილობრივებს რკინის ჯებირთან მიახლოებასაც კი უზღუდავს და შინაგან საქმეთა მინისტრი მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენებით იმუქრება. დღესაც, პოლიცია დაუსაბუთებლად იყენებს ადმინისტრაციულ სანქციებს აქტივისტების და დემონსტრანტების მიმართ.

სოციალური და პოლიტიკური კრიზისების მართვისას, დიდძალი საპოლიციო რესურსების გამოყენების ფონზე კი არ ჩანს სახელმწიფოს ხედვა რეალურ კრიმინოგენულ გამოწვევებზე. ვერ ვხედავთ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. სამწუხაროდ, დღესაც, შინაგან საქმეთა მინისტრს, საჯარო სიტყვით გამოსვლისას, მინიმალურადაც არ უხსენებია სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მისი სათქმელი მხოლოდ ინფრასტრუქტურული და ტექნიკური აღჭურვილობის საკითხებით ამოიწურა. რეალურად კი, სამართალდამცავ სისტემაში შემდეგი მიმართულებებით არის ფუნდამენტური რეფორმები საჭირო:

  • უწყების დეპოლიტიზირება - შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენციის შემცირება და მისი შემოფარგვლა მხოლოდ პოლიტიკის საკითხებით. პარალელურად, ინდივიდუალური პოლიციელის და პროფესიული მენეჯერული თანამდებობის პირების გაძლიერება, რათა ოპერაციულ დონეზე გადაწყვეტილების მიღებისას მინიმუმამდე იყოს შემცირებული პოლიტიკური გავლენები;
  • საგამოძიებო სისტემის რეფორმა - გამოძიების და პროკურატურის დისტანცირება და გამომძიებლის როლის გაძლიერება გამოძიების პროცესში, რისი მიზანიც უნდა იყოს ობიექტური, ყოველმხრივი და მაღალი ხარისხის გამოძიების წარმოება;
  • სისტემის ანგარიშვალდებულების ზრდა - უწყების გენერალური ინსპექციის რეფორმა, რომელიც დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უზრუნველყოფს პოლიციის თანამშრომელთა დისციპლინირებას და ამ პროცესში გარანტირებული იქნება მოქალაქეთა ინტერესების დაცვა.
  • საზოგადოებრივ ნდობასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული პოლიტიკის იმპლემენტაცია - დანაშაულის პრევენციის და დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიის იმგვარად განსაზღვრა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების ნდობა უწყებების მიმართ და დანაშაულთან ბრძოლის დროს გათვალისწინებული იყოს კონკრეტული ჯგუფების საჭიროებები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“