[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს გარემოს დაცვის სამინისტროს, გააკეთოს განმარტებები რაჭის ტყეებთან დაკავშირებით

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება რაჭის ტყეების საკითხზე გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას და სამინისტროს მოუწოდებს გააკეთოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი განმარტება ლიცენზიის მოქმედებასთან დაკავშირებით სამინისტროს განზრახვის და გეგმების შესახებ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გასული წლის მარტში შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’’-ზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია გაიცა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების უგულებელყოფით. აღნიშნული ლიცენზია, რომლის ვადა 49 წლით განისაზღვრება, ითვალისწინებს სამონადირეო მეურნეობის მოწყობას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მდებარე 104 712 ჰექტარი ფართობის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე. ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია მოიცავს ონის, ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნებს.

ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი საქართველოს არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებით, მათ შორის, ორჰუსის კონვენციითა და ბერნის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის და ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ სასამართლოსაც მიმართა.

ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მოსახლეობა და მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის’’ რაჭის ტყეების განკარგვას 27 სექტემბრიდან უწყვეტად აპროტესტებს, ხოლო 18 ნოემბერს პროტესტმა თბილისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინ გადმოინაცვლა. 18 ნოემბერს სამინისტროს წინ შეკრებილ დემონსტრანტებს პოლიციამ შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცა, ხოლო პროტესტის მონაწილეების მცდელობას, კარავი სამინისტროს ეზოს გარეთ გაეშალათ, 11 დემონსტრანტის დაკავება მოჰყვა.

18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ პროტესტს საფუძველი არ აქვს, რადგან ლიცენზიის გაუქმების მიზნით, ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, პროცესი მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყეს. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ეს მტკიცება არსებითად მცდარია, რადგან მაისში წარმოება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დაიწყო კომპანიის დაჯარიმების მიზნით, ხოლო ლიცენზიანტის მიერ პირობების შეუსრულებლობა და მისი სანქცირება აუცილებლად ლიცენზიის გაუქმებას არ გულისხმობს. შესაბამისად, პრობლემურად მიგვაჩნია, რომ სამინისტრო სამართლებრივი დეტალებით მანიპულირებს და ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ლიცენზიის გაუქმების მიზნით პროცესი მაისიდან მიმდინარეობს. სინამდვილეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც მხოლოდ ლიცენზიის პირობების შესრულებას უწევს მონიტორინგს, არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ.

ამასთან, როგორც თავად გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებიდან ირკვევა, უშუალოდ ლიცენზიის მოქმედების საკითხზე წარმოება ამ უწყებაში დაიწყო მხოლოდ 13 ნოემბერს. გარდა ამისა, ვინაიდან გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას უშუალოდ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რა შედეგით დასრულდება სააგენტოში დაწყებული წარმოება და გაუქმდება თუ არა ლიცენზია.

აღსანიშნავია ისიც, რომ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის ლიცენზიანტი კომპანიის მფლობელის, დავით ხიდაშელის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მან სამონადირეო ლიცენზია გაყიდა და სხვა კომპანიებს გადასცა. მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად მიუღებელია კომპანიის წარმომადგენელი აკეთებდეს ამგვარ განცხადებებს და ადგილობრივი მოსახლეობა მედიით იგებდეს ინფორმაციის იმის შესახებ, თუ ვის ხელში აღმოჩნდება რაჭის ტყეები, მით უფრო, რომ თავის დროზე ლიცენზია მათი მონაწილეობის და აზრის გათვალისწინების გარეშე გაიცა.

ამდენად, მოვუწოდებთ:

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - გააკეთოს ცხადი და ერთმნიშვნელოვანი განმარტებები გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე წარმოების შინაარსის და მიზნის შესახებ; განმარტოს, იგეგმება თუ არა ლიცენზიის გაუქმება, თუ განიხილება მისი სხვა კომპანიისთვის გადაცემის საკითხი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს - პატივი სცეს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“