საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ჭიათურელი მშრომელების სამართლიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
გუშინ, 19 ივნისს, კომპანიასა და დამსაქმებელს შორის მიმდინარე მედიაციის ფარგლებში სახელმწიფოს და კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჭიათურელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართეს. ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალი ამოიკერა, ხოლო კიდევ ერთმა მშრომელმა ვენები გადაიჭრა. ჯერ კიდევ 16 ივნისს კი კიდევ ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. დღეს, უკვე მე-8 დღეა, რაც 10 მაღაროელი შიმშილობს.
მაღაროელებმა, რომლებიც მედიაციის გუშინდელ შეხვედრაზე იმ იმედით შევიდნენ, რომ მათი ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, აღმოაჩინეს, რომ კომპანიას და სახელმწიფოს მათი უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინების მზადყოფნა არ ჰქონდათ და კვლავ ბიზნესისა და სახელმწიფოს გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის პირისპირ აღმოჩნდნენ.
როგორც შეხვედრის მერე გამოქვეყნებულ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშიცაა აღნიშნული, ამ დროისთვის კომპანიის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული პირობებია:
მშრომელებისთვის ეს შემოთავაზებები მისაღები არ არის. ქვემოთ შევეცდებით აღვწეროთ კომპანიის შემოთავაზებებსა და პოზიციებზე მშრომელების შეფასებები და უკმაყოფილების მიზეზები.
ამდენად აშკარაა, რომ კომპანია მშრომელების მასშტაბური თვითორგანიზებისა და პროტესტის მიუხედავად, ვერ იაზრებს მათი მოთხოვნების მნიშვნელობას და კვლავ სუსტ და უსამართლო პირობებს სთავაზობს.
მაღაროელები, რომლებიც კომპანიის მიერ დროებითი სამუშაო რეჟიმის შემოღების შემდეგ, 4 თვის განმავლობაში (თებერვალი-მაისი) ხელფასის მხოლოდ 60%-ს იღებენ, ყვებიან უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაზე. მათი თქმით, უმრავლესობას ბანკში სესხი აქვს, რომლის დაფარვის პრობლემაც შეექმნათ, და ზოგიერთ მათგანს ამ პერიოდში ძველი ვალდებულებების დასაფარად ახალი სესხის აღებაც მოუხდა. უმძიმესი სამუშაო პირობები, ჭარბვალიანობა და სოციალური უპერსპექტივობა ჭიათურის მაღაროელების ყოველდღიურობაა და მშრომელების არა ერთი მასობრივი პროტესტისა და სახელმწიფოს სპეციალური მმართველის დანიშნვნის მიუხედავად, მათი მდგომარეობა სისტემურად არ შეიცვალა და წლიდან წლამდე იგივე დარჩა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჭიათურაში დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების სხვა ალტერნატივები არ არის და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის მაღაროში მუშაობა დასაქმების ერთადერთი გზაა. ცალკე უნდა გაესვას ხაზი ჭიათურაში შექმნილ კატასტროფულ ეკოლოგიურ მდგომარეობას და ქალაქსა და მეზობელ სოფლებში დაბინძურებისა და გარემოს დაზიანების შემაშფოთებელ პრაქტიკას, რომელიც ასევე უმძიმესად აისახება იქ მცხოვრებ მშრომელებზე და მათ ოჯახებზე. სწორედ, ამ სისტემურმა უსამართლობამ და სოციალურმა სასოწარკვეთამ აიძულა მაღაროელები პროტესტის უკიდურესი ფორმებისთვის მიემართათ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს რომ, იმ ფონზე, როცა მანგანუმის მნიშვნელოვანი რესურსი 2007 წლიდან ჯორჯიან მანგანეზის ხელშია, მოპოვების პროცესი უწყვეტად გრძელდება და ახალ მასშტაბებს აღწევს, კომპანიის მხრიდან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე აპელირება უსამართლო და მიუღებელია.
ფეროშენადნობთა ბაზარზე ბოლო პერიოდში შექმნილი კრიზისი, რაზეც კომპანია უთითებს, ვერ გაამართლებს იმ რეალობას, რომ უკვე წლებია ჭიათურელებზე არათუ არ ნაწილდება მათ ქალაქში და სოფლებში არსებული რესურსიდან მიღებული სარგებელი, არამედ ამ რესურსის ათვისებისას ჩადენილი მძიმე გარემოსდაცვით და შრომითი დარღვევების გამო, კომპანია ხელშეუხებელი რჩება. სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის მუშაობა კი არაეფექტიანი აღმოჩნდა და მშრომელებისთვის ხელშესახები ცვლილებები ვერ მოიტანა.
მოვუწოდებთ სახელმწიფოს და კომპანიას, კიდევ ერთხელ გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა მაღაროელების და მთლიანად ჭიათურის წინაშე და შექმნან რეალურად დემოკრატიული პროცესი და გამონახონ რესურსები მშრომელების მოთხოვნების დაუყოვნებლივ დასაკმაყოფილებლად.
[1] კომპანიის განცხადების მიხედვით, „კომისია შეისწავლის თანამშრომელთა მოთხოვნებს, მათ პრობლემებისა და წარმოშობის მიზეზებს, იმსჯელებს მდგომარეობის გამოსწორების გზებზე, ადგილზე გაეცნობა დასაქმებულთა შრომის პირობებსა და მათ შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან. ასევე კომისია შეისწავლის სამუშაო პროცესის ორგანიზების ძველ მეთოდსა და კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი ახალი სამუშაო პროცესის საჭიროებისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის აუცილებლობას.
ინსტრუქცია