საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გუშინ, 10 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო მოსიძემ 26 იანვრის შეკრების ცხრა მონაწილე, მზია ამაღლობელისათვის გამოცხადებული სოლიდარობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და თითოეული 5000 ლარით დააჯარიმა. ექვსი მათგანის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრების მონაწილეებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში, ასევე “ასკ”) 1741-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის - მოსამართლის საცხოვრებელ ადგილთან შეკრებას ედავებოდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 26 იანვარს ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ოქროპირიძის სახლთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი შეკრება გაიმართა. მოქალაქეებმა, მოსამართლის სახლთან სოლიდარობის სიმბოლური აქტით, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და მოსამართლის მიერ, 25 იანვარს პატიმრობის შეცვლის შესახებ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება გააპროტესტეს.[1][2]
მოშიმშილე პატიმარი ქალის მხარდამჭერი შეკრების გამო, რომელიც მხოლოდ 20-30 წუთს გაგრძელდა, შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სოლიდარობის აქციის 9 მონაწილეს შეუდგინა, მათ შორის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, მუსიკოს ნინო ქათამაძეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელ ვლადიმერ აფხაზავას, ჟურნალისტ ხვიჩა ვაშაყმაძეს, ფსიქოლოგებს-მაია ცირამუასა და ირინა ზარანდიას, სამოქალაქო აქტივისტ ირინა ზარანდიას, ლანჩხუთის საკრებულოს წევრ გივი ცინცაძესა და ქუთაისის პოსტის ჟურნალისტ ეკა კუხალაშვილს.[3]
სოლიდარობის აქციის დღისათვის (26 იანვარი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით, მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას შეკრებისთვის სანქციად 15 დღიანი პატიმრობა იყო გათვალისწინებული.[4] ნიშანდობლივია, რომ სამართალდარღვევის ოქმი შსს-ს წარმომადგენლებმა, შეკრებიდან 10 დღის თავზე, მას შემდეგ შეადგინეს, რაც “ქართულმა ოცნებამ” ერთპარტიული პარლამენტის პირობებში, დაჩქარებული წესით მიიღო რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გაუმართლებლად ზღუდავს პროტესტის სივრცეებს, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, და კიდევ უფრო ამძიმებს სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.[5] ცვლილებებით, არაპროპორციულად მაღალი სანქცია იქნა გათვალისწინებული, მოსამართლის სახლთან ჩატარებული შეკრებისთვისაც - პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა, ხოლო ჯარიმა, რომელიც მანამდე საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, 5000 ლარით განისაზღვრა.[6]
საკანონმდებლო ცვლილებები ერთდროულად რამდენიმე მიზეზითაა პრობლემური, ერთი მხრივ, შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის რაოდენობა არაპროპორციულად მაღალია, მეორე მხრივ, კი სრულადაა გამორიცხული მოსამართლის დისკრეციული უფლებამოსილება, სამართალდამრღვევის პიროვნული მახასიათებლების, რეპუტაციისა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვროს ჯარიმის ოდენობა, რაც იმთავითვე წინააღმდეგობრივია სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, გამკაცრებამდეც ბუნდოვანი და პრობლემური იყო, რადგან ცვლილებებამდეც ბლანკეტურად კრძალავდა მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას შეკრების გამართვას და თავისთავად მხოლოდ მოსამართლის სახლთან შეკრების ფაქტს ხდიდა დასჯადს, ზიანის ფაქტორების გათვალისწინების გარეშე. ამასთან, ნორმა დღემდე არ აკონკრეტებს შეკრების ფორმას, შინაარსსა და საცხოვრებელი ადგილის ზუსტ განსაზღვრებას. იმ ფონზე, როდესაც ეს მუხლი ფართო დისკრეციას უტოვებს საქმის განმხილველ ორგანოებს და მისი მოქმედების ფარგლებში ნებისმიერი შეკრების მოქცევის საშუალებას იძლევა, პრობლემას ქმნის აბსოლუტურად განსაზღვრული ან/და არაპროპორციულად მაღალი სახდელის დაწესება. საკანონმდებლო ცვლილებებამდე ასკ-ის 1741 მუხლი მხოლოდ პატიმრობას ითვალისწინებდა, რაც პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის ფუნდამენტურ პრინციპს ეწინააღმდეგებოდა. 2025 წლის თებერვალში განხორციელებული ცვლილებებით, ამ სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულ სახდელს დაემატა ჯარიმა, თუმცა ამავდროულად, არსებითად გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა და ინტენსივობით, ფაქტობრივად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმა მიიღო. გარდა ამისა, კვლავ პრობლემურად რჩება პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობა მოსამართლისთვის, ვინაიდან ახალი რედაქციით გათვალისწინებულია ჯარიმის კონკრეტული ოდენობა და არა მისი მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი.
ნიშანდობლივია, რომ ქართული ოცნება შეკრების მონაწილეების მხრიდან გამოვლენილ ან/და დაანონსებულ პროტესტის ფორმებს, რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებებით პასუხობს. გამკაცრებული კანონები მხოლოდ პროტესტის ჩახშობას ისახავს მიზნად და არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს ან რაიმე კონკრეტული საფრთხეების მყისიერ აღმოფხვრას, რაც სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება. [7] 2023 წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დმი-ში 8 პირი შეასახლეს. 2022 წელს - მხოლოდ 1 პირი, 2021 წელს კი ამ სამართალდარღვევის ჩამდენი არცერთი პირისთვის არ დაუკისრებიათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.[8] ამასთან, აღსანიშნავია, რომ ასკ-ის 1741 მუხლი რამდენიმე სამართალდარღვევას, მათ შორის გზის ბლოკირებასა და აქციაზე აკრძალული ნივთების ტარებას, აერთიანებს და ჩამოთვლილი მონაცემები არ მიუთითებს მხოლოდ სასამართლოს შესასვლელის ბლოკირების ან/და მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას შეკრებისთვის გამოყენებული სახდელების მაჩვენებელზე. შესაბამისად, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ გასული წლის განმავლობაში მოსამართლის საცხოვრებელ ადგილთან შეკრებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არცერთი პირისთვის არ დაეკისრებინათ. შსს-ის სტატისტიკა ადასტურებს, რომ ასკ 1741 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისა და პასუხისმგებლობის დაკისრების მაჩვენებელი მინიმალურია და მისი გადახედვა მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით არ აიხსნება.
ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციით, შეკრების მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა უნდა შეესაბამებოდეს მათი ქმედების ხასიათს, უნდა იყოს აუცილებელი, პროპორციული და არადისკრიმინაციული. არააუცილებელი ან არაპროპორციულად მძიმე სანქციები ხელს უშლის შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებას მათი მსუსხავი ეფექტის გამო. ამავე დოკუმენტის თანახმად, ისეთი დარღვევები, როგორიცაა შეკრების შესახებ წინასწარ შეუტყობინებლობა, შეკრების ადგილისა და დროის შესახებ მოთხოვნების შეუსრულებლობა არ უნდა იწვევდეს საპატიმრო სასჯელებს ან მძიმე ჯარიმებს, რადგან ეს შეკრების თავისუფლების არაპირდაპირი დარღვევა.[9]
საერთაშორისო სტანდარტებით, მკაცრი ადმინისტრაციული სანქციების საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა პროტესტის უფლებასა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას უკავშირდება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეკრების თავისუფლებაში ჩარევის შეფასებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს პროპორციულობის პრინციპის დაცვას, ასევე ბალანსის დაცვას უფლებაში ჩარევასა დაკისრებული სანქციების ხასიათსა და სიმძიმეს შორის. ამ თვალსაზრისით, დემონსტრანტებზე დაკისრებული საპატიმრო და დიდი რაოდენობით ფულადი სანქციები განსაკუთრებულ გამართლებას საჭიროებს. სასამართლოს განმარტებით, მშვიდობიანი დემონსტრაცია არ უნდა დაექვემდებაროს თავისუფლების აღკვეთას.[10]
საქმეში წარმოდგენილი საქმის მასალები აჩვენებს, რომ მოსამართლის სახლთან მისვლას ჰქონდა სიმბოლური ხასიათი და ეს პროცესი საკმაოდ მცირე დროით გაგრძელდა. ამ დროს მოსამართლის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლებიც, რომელთაც არ განუმარტავთ ადგილზე მყოფი პირებისთვის რომ მოსამართლის საცხოვრებელ სახლთან მისვლა აკრძალული იყო კანონმდებლობით. პოლიციის თანამშრომლების ქცევა ადასტურებს, რომ მათ საფრთხედ არ მიუჩნევიათ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების ადგილზე ყოფნა და ამ ფაქტს რაიმე არსებითი ზიანი არ გამოუწვევია.
ცალსახაა, რომ დამოუკიდებელი სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსამართლის დაცვა ნებისმიერი ზემოქმედებისგან, წაქეზებისგან, პირდაპირი და ირიბი ზეგავლენის მოხდენისგან,[11] თუმცა მის საცხოვრებელ ადგილას ყოველგვარი შეკრება არ შეიძლება ერთნაირად იყოს აღქმული მოსამართლეზე ზემოქმედების მცდელობად. განსახილველ საქმეში შეკრების მონაწილეებს ჰქონდათ ბანერი წარწერით „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, რომელიც მოშიმშილე პატიმრისთვის სოლიდარობის გამოცხადებას ისახავდა მიზნად, სიმბოლურად იმ საქმის განმხილველი მოსამართლის საცხოვრებელ ადგილთან, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, მზია ამაღლობელისთვის პატიმრობა შეეცვალა უფრო მსუბუქი ღონისძიებით. მოსამართლის საცხოვრებელ ადგილთან შეკრების გამართვა ყოველ შემთხვევაში შეიძლება ატარებდეს ზემოქმედების თანმდევ რისკებს, თუმცა საქმის გარემოებების შესაბამისად მოსამართლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეკრების მონაწილეების მიმართ მსუბუქი სახდელი გამოიყენოს. კოდექსის დონეზე აბსოლუტურად განსაზღვრული სანქციის პირობებში კი მოსამართლეს ამის შესაძლებლობა ერთმევა.
მართალია, პროტესტის მონაწილეები არ უარყოფდნენ მოსამართლის საცხოვრებელ სახლთან მშვიდობიანი შეკრების ფაქტს, თუმცა მიგვაჩნია, რომ მოსამართლეს უნდა შეეფასებინა შეკრების ფორმა, ხანგრძლივობა, გამოხატვის შინაარსი და მცირე მნიშვნელობის საფუძვლით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაეთავისუფლებინა ყველა პირი. სასამართლო სხდომაზე შსს-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ასკ-ის 1741 მუხლის მე-3 პუნქტი ბლანკეტურად კრძალავს კონკრეტულ ადგილას შეკრებას და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს შეკრების ხანგრძლივობასა და ბანერების შინაარსს, თუმცა ამგვარი ინტერპრეტაცია აბსოლუტურად შეუსაბამოა პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციული სანქციის დაწესების მოთხოვნებთან. სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ეს შეკრება იყო სიმბოლური აქტი, რომელიც 20-დან 30 წუთამდე გაგრძელდა და რომელსაც მიზნად არ ჰქონია ვინმეს დაზარალება.[12] გარდა ამისა, შეკრების მონაწილეებს არ გაუჟღერებიათ მოსამართლის მისამართით რაიმე შეურაცხმყოფელი გამონათქვამი ან თუნდაც პირდაპირი მოწოდება მის მიმართ, რასაც შეიძლებოდა გამოეკვეთა სამოსამართლო საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენის რისკები. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ქმედება თავისი შინაარსით ნამდვილად მცირემნიშვნელოვანი იყო და არ მოითხოვდა მკაცრი ზომების გამოყენებას. Გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ქართულმა ოცნებამ 6” თებერვალს მიიღო რეპრესიული ცვლილებების პაკეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად შეეხება ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (მათ შორის ამ საქმეში განსახილველ ნორმაზე) სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების შეზღუდვას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ცვლილება აუარესებს პირის მდგომარეობს, მისი მოქმედება უკუძალით არ გავრცელდება კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ფაქტებზე. შესაბამისად, მოსამართლეს ჰქონდა შესაძლებლობა, ადმინისტრაციული პასუხიმგებლობისგან გაეთავისუფლებინა შეკრების მონაწილეები და მათთვის სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადებინა, როგორც ამას ადვოკატები ითხოვდნენ
ქუთაისის პროტესტის საქმემ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რომ ქართული ოცნება პროტესტის ყველა ფორმას ებრძვის საკანონმდებლო ცვლილებებითა და პასუხისმგებლობის გამკაცრებით. სასამართლო კი, ყოველ ჯერზე, უპირობოდ იზიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბლანკეტურ განმარტებებს და არაპროპორციულად მკაცრ სახდელებს იყენებს შეკრების მონაწილეების მიმართ.
[1]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ge6cGE7l
[3]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Qe6clQv4
[4]ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი,1741-მუხლის მე-3 ნაწილი;
[5]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Se6vyf0C
[6]საქართველოს კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/5e6vmcxC
[7] დროებითი მოთავსების იზოლატორში პირთა შესახლების მონაცემები შესაძლებელს ხდის, სამართალდარღვევის გავრცელების დინამიკის განსაზღვრასა და სახდელის გამკაცრების რეალური საჭიროების დადგენას. როგორც უკვე აღინიშნა, 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებებამდე მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას შეკრება სახდელის მხოლოდ ერთ სახეს - პატიმრობას ითვალისწინებდა. შესაბამისად, ამ მუხლის საფუძველზე სახდელდადებული პირები, სავარაუდოდ, გათვალისწინებული იქნება იზოლატორში შესახლების მონაცემებში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საშეღავათო მექანიზმის სახით სასამართლოს გამოყენებული ჰქონდა სიტყვიერი შენიშვნა).
[8] შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებით მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ პირთა სტატისტიკა წლების მიხედვით. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Te6Qu4C4
[9] იქვე, გვ.12
[10] Peradze and Others v. Georgia (5631/16), 2022 para 35
[11] „მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპები“ და მისი კომენტარები. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/xe6QpNcC გვ.70.
[12] რადიო თავისუფლება - მოსამართლის სახლთან აქციისთვის ცხრა ადამიანი 5000-5000 ლარით დაჯარიმდა. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/le6TqTyz
ინსტრუქცია