[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ხელისუფლება ნამახვანი ჰესის ირგვლივ დიალოგის სივრცეს არ ტოვებს

ფოტო: დათო სიმონია

ბოლო დღეებში რიონის ხეობაში დაწესებულ მკაცრ საპოლიციო კონტროლს და გადაადგილების თავისუფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას, დღეს პოლიციის მიერ რკინის ბარიკადების აღმართვაც დაემატა. აღსანიშნავია, რომ რკინის კონსტრუქციების მდებარეობის გათვალისწინებით, კიდევ უფრო შემცირდა ის ტერიტორია, სადაც რიონის ხეობის მცველებს თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ. გარდა ამისა, გუშინ, 13 აპრილს საპროტესტო აქციის მსვლელობისას პოლიციამ გამოიყენა იძულების ღონისძიებები, დაკავებულია 6 პირი.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელი მოვლენები ნამახვანი ჰესის აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების პირველი შემთხვევა არ ყოფილა; ხელისუფლება, ერთი მხრივ, ოფიციალურ განცხადებებში დიალოგზე მზადყოფნას აცხადებს, ხოლო, მეორე მხრივ, ხეობაში მრავალრიცხოვანი საპოლიციო ძალის მობილიზებით, დაუსაბუთებელი შეზღუდვების დაწესებით და ადგილობრივების უფლებების უხეში დარღვევით, თავად უწყობს ხელს პროცესის ესკალაციას და საგნობრივი, კონსტრუქციული დიალოგის სივრცეს არ ტოვებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რიონის ხეობის მცველების პროტესტს აქვს განგრძობითად მშვიდობიანი ხასიათი, შესაბამისად, რკინის ბარიკადების აღმართვის აუცილებლობა დაუსაბუთებელია და ამდენად, პოლიციის მხრიდან ამ ზომის გამოყენებას უსაფუძვლო და თვითნებურ შეზღუდვად მივიჩნევთ. მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, ერთი მხრივ, მოახდინოს წინააღმდეგობის დისკრედიტაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ფიზიკური ბარიერები შეუქმნას და ხელი შეუშალოს რიონის ხეობის მცველების ლეგიტიმურ, მშვიდობიან და სამართლიან პროტესტს, პროტესტის მხარდამჭერები დღეს დილიდან სოფელ გუმათთან ისევ იკრიბებიან. სახელმწიფო თავისი ხისტი, რეპრესიული და ძალადობრივი პოლიტიკით კიდევ ერთხელ უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა, გამოხატვის, თავისუფალი მიმოსვლისა და გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებებს.

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს პოლიციამ დაარბია და გადახნა სოფელ ნამახვანის ტერიტორიაზე რიონის ხეობის მცველების მიერ მოწყობილი ბანაკის ტერიტორია, ხოლო თავისუფალი გადაადგილება შეეზღუდათ როგორც პროტესტის მონაწილეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ისე მედიის წარმომადგენლებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“