[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ISFED და საია აგრძელებენ კულტურის სფეროდან უკანონოდ გათავისუფლებულთა უფლებების დაცვას

მიმდინარე წლის 14 მარტს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - გაგა ჩხეიძე, კულტურის მინისტრის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლდა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კულტურის სფეროში განხორციელებული რეორგანიზაციისა და მასშტაბური ცვლილებების შედეგად, რამაც საბოლოოდ საკადრო წმენდის სახე მიიღო, 70-ზე მეტი თანამშრომელია გათავისუფლებული. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) და საია სასამართლოში უკვე იცავენ კულტურის სფეროს 22 წარმომადგენლის ინტერესებს და მოცემულ შემთხვევაში გაგა ჩხეიძის ინტერესებსაც დაიცავენ.

2021 წლის ზაფხულში კინოცენტრში აუდიტი ჩატარდა და შესაბამისი დასკვნა მომზადდა. გაგა ჩხეიძის თქმით, დასკვნის მომზადებიდან მომზადებიდან რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ 2022 წლის მარტში, აუდიტის დასკვნაში შევიდა ცვლილებები (თვალშისაცემია შრიფტის განსხვავებაც კი). კერძოდ, მარტში გამოცემულ დასკვნაში, რომელიც სამინისტრომ რეაგირებისათვის პროკურატურას გადაუგზავნა, საუბარია კინოცენტრში არსებულ ხარვეზებზე და ნათქვამია, რომ რამდენიმე დარღვევა შესაძლოა გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი. საგულისხმოა, რომ არცერთ ჩამატებულ საკითხზე გაგა ჩხეიძესთან მსჯელობა არ ყოფილა. Ცალსახაა, რომ ცვლილებების მიზანი გაგა ჩხეიძის პასუხისმგებლობის დამძიმება და მისი უკანონო გათავისუფლებისათვის ხელოვნური საფუძვლის შექმნა იყო.

ყოფილი დირექტორი მინისტრის მიერ კინოცენტრის საქმიანობაში ჩარევის კონკრეტულ შემთხვევებზე, არაკორექტულ და არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებაზე საუბრობს, რაც, სავარაუდოდ, მინისტრთან შეხვედრების დროს გაგა ჩხეიძის მიერ დაფიქსირებული პრინციპულობითა და კინოცენტრის საქმიანობის შინაარსსა და ფორმასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვებით იყო განპირობებული. მაგალითად, კინოცენტრის ყოფილ დირექტორს სამინისტრომ მითითება მისცა, აუცილებლად დაეფინანსებინა კონკურსის მონაწილე ერთ-ერთი კინორეჟისორის პროექტი, თანაც 100%-ით, რაც ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას; მინისტრმა აგრეთვე მოითხოვა, რომ გაგა ჩხეიძის ნებისმიერი ტელეგამოსვლა მასთან შეთანხმებულიყო; უფრო მეტიც, კინოცენტრის ყოფილ დირექტორს მან მოსთხოვა, რომ პროექტის შესარჩევი კომისიის წევრად დაენიშნა მმართველი პარტიისადმი ლოიალური კონკრეტული პირი, რაც კინოცენტრის საქმიანობაში ჩარევისა და სფეროში ცენზურის დაწესების მცდელობად შეიძლება შეფასდეს.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ მინისტრის მიერ კულტურის სფეროს თანამშრომელთა გათავისუფლებებისას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლო დაკისრება, როგორც მუქარის მეთოდი, გამოყენებული იყო ეროვნული მუზეუმის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემთხვევაშიც. ამ ხერხით მინისტრი ცდილობს მაღალი ნდობისა და კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების დისკრედიტაციას და, ამასთან, სავარაუდო მიზნად ისახავს გათავისუფლებულ პირებს შორის შიშის დათესვას, რათა მათ უარი თქვან სასამართლოში დავების წარმოებაზე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე არჩეული იყო მეორედ ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით და უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თვენახევარი ჰქონდა დარჩენილი. გაგა ჩხეიძე იყო ქართული ფილმის განვითარების ფონდის გამგეობის წევრი მისი დაარსების დღიდან - 2005 წლიდან, საიდანაც, ასევე, თეა წულუკიანმა გაათავისუფლა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 30 მარტს გამოცხადებული კონკურსის შედეგების თანახმად, კულტურის სამინისტრო არ დააფინანსებს გაგა ჩხეიძის დაარსებულ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს. გაგა ჩხეიძე 35 წელია კინოს სფეროში მუშაობს, როგორც ევროპაში, ასევე, საქართველოში და დარგის აღიარებული სპეციალისტია. ის არის ევროპის კინოაკადემიის წევრი. კინოცენტრში მისი დირექტორობის განმავლობაში განხორციელდა არაერთი შიდა და საერთაშორისო პროექტი, რაც დადებითად ფასდებოდა ქართული კინოს განვითარების მხარდაჭერისა და სწორი კინოპოლიტიკის გამო.

ცალსახაა, რომ კულტურის სამინისტროს გაცხადებული საკადრო პოლიტიკა არის დარგის სრული კონტროლი, თანამშრომელთა პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით შერჩევა, ცენზურის დანერგვა და, განსხვავებული აზრის გამო, პროფესიონალი კადრების დევნა. ხელმომწერი ორგანიზაციები მინისტრ წულუკიანს მოვუწოდებთ:

  • შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის - პროკურატურის, რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მუქარა გათავისუფლებულ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მიზნით, რათა მათ მიეცეთ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობა;
  • შეწყვიტოს კულტურის სფეროს პროფესიონალი კადრების დევნა მათი პროფესიული თუ განსხვავებული მოსაზრებების გამო. შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანებს მიეცეთ საშუალება, გააგრძელონ თავისუფალ გარემოში მუშაობა როგორც ეროვნული კინემატოგრაფიის მხარდასაჭერად, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ეროვნული საგანძურის დასაცავად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“