საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
12 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ ორგანიზება, შრომა და ბრძოლა იმისთვის, რომ წვლილი შეგვეტანა სამართლიანი, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოებისა და სისტემების მშენებლობისთვის ჩვენს ქვეყანაში.
ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მუდმივად ვეწინააღმდეგებოდით ჩაგვრის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ღერძებს და ვცდილობდით ჩაგვრის სტრუქტურული მიზეზების გამოაშკარავებასა და დემოკრატიული გზებით სამართლიანი გარდაქმნების ხელშეწყობას. სხვადასხვა კონტექსტში ეს ძალისხმევა გულისხმობდა რეფორმებზე მუშაობას, სტრატეგიული სამართლებრივი დავების წარმოებას, სოციალური მოძრაობების პირდაპირ მხარდაჭერას, თემის თვითორგანიზების წახალისებასა და მათთან ერთად მოქმედებას, კრიტიკული ცოდნის შექმნასა და გავრცელებას.
დღეს, ავტორიტარიზმის მზარდი გამოწვევებისა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებისკენ მიმართული პოლიტიკის პირობებში, ჩვენ გვაქვს სრული რწმენა, რომ ჩვენი მუშაობა კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას მოითხოვს. საჭირო ხდება ქვეყანაში შექმნილი კრიზისის სტრუქტურული მიზეზების კრიტიკული გააზრება და ახალი დღის წესრიგითა და სტრატეგიებით აქტიური მუშაობა. სწორედ ამიტომ, ავტორიტარული კანონებისა და უნდობლობის გარემოს მიუხედავად, ჩვენ არ ვნებდებით და ვგეგმავთ განახლებული მიდგომებით ფიქრის, ბრძოლის და ორგანიზების ახალი გამოცდილებების შექმნას.
ეს 12 წელი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ჩვენი გუნდის ბრძოლა. ეს საერთო ბრძოლაა ყველა იმ სოციალური ჯგუფის, კოლექტივის, მოძრაობის, ადამიანის, ვინც რთულ რეალობაშიც არ ნებდებოდა და არ ნებდება, და სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის და დემოკრატიისთვის ჯიუტად აგრძელებს ძალისხმევის გაწევას!
ჩვენი გუნდი დიდ მადლობას უხდის ჩვენს თანამოაზრეებს, თანამებრძოლებს, პარტნიორებსა და მეგობრებს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის.
ინსტრუქცია