საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
როცა დასავლეთმა აღმოსავლეთისთვის კონკურენციის გაწევა და დასავლელ ხალხთათვის რელიგიების მიცემა დაიწყო, ხელთ შერჩა სოციალიზმი და ფაშიზმი. ამის შესახებ რუსი კაცი მუსიე ივანოვიჩი სევდანარევი თავდაჯერებით ესაუბრება ახალგაზრდა არაბ კაცს პარიზში, სთავაზობს ფინჯან ჩაის და ოთახში მდგარ ერთადერთ სკამს უთმობს. თვითონ კი ვოდკის ბოთლს იღებს, რომელიც ტოლსტოისთან ერთად უყვარს რუსეთიდან. ის სევდიანი აღტაცებით საუბრობს იმაზე, თუ როგორ გადაჭრეს აღმოსავლეთის წინასწარმეტყველებმა უსამართლობის საკითხი ზეცისა და მიწის ახლებური გადანაწილებით და მათ, ვისაც ამქვეყნიური სამოთხე არ ხვდათ წილად, იმქვეყნიურს შეჰპირდნენ. დასავლეთში ქრისტიანობასა და ისლამზე მსჯელობისას მუსიე აღწერს, როგორ ჩაანაცვლა აღმოსავლეთიდან მოსული ქრისტიანობის სიყვარულისა და უზენაესი იდილიის რწმენა მარქსიზმმა, როგორ გახდა „კაპიტალი“ ახალი სახარება, რომელიც იოანეს წინასწარმეტყველების მსგავს შემაშინებელ და შემაძრწუნებელ ამბებს ჰყვება სამყაროს დანგრევისა და ახალი სამყაროს დადგომის შესახებ. ისლამზე საუბრისას კი მუსიე აღწერს, თანამედროვე დასავლეთში როგორ ტრანსფორმირდა ისლამის მთავარი ღირებულებები- რწმენა და სისტემა, რომელსაც თვინიერებითა და ზაქათით სოციალური თანასწორობისკენ უნდა მიეყვანა საზოგადოებები, ტერორითა და შიშით თავსმოხვეულ საშინელ რეჟიმად, რომელსაც აქვს არა ღვთიური წიგნები, არამედ სისხლის წყურვილითა და სუსტებზე გაბატონების მანიით შეპყრობილი ახალი ქადაგებანი[1].
ამ წიგნის წაკითხვიდან 4 წლის შემდეგ ამ ქვეყნად ჩემს წილ სამოთხეში, ხულოში ვკითხულობ ისლამის ძირითად ტექსტებს წმინდა წიგნ ყურანსა და მოციქული მუჰამადის (დაილოცოს მისი სახელი, შემდგომში (დმს)) გამოსამშვიდობებელ ქადაგებას, რათა გავაანალიზო ისლამში სოციალური სამართლიანობის უნივერსალური ასპექტები, რომლებიც სხვადასხა დროსა და სივრცეში ემსახურებიან სამართლიანი, სოლიდარული და მშვიდობიანი საზოგადოებების ჩამოყალიბების იდეას.
ისლამის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი მისი არსებითი ერთიანობაა; მან მიწიერი ცხოვრება და სამოთხე ერთ ორგანიზაციად აქცია და დააწესა რელიგიური კანონი და სულიერი შეგონება; ერთდროულად მიღმიერის თაყვანისცემა და სამოქალაქო სამსახური. მისი თეოლოგიური მრწამსი ბუნებით ან ობიექტურად არ არის განცალკევებული საერო ცხოვრებისა და წეს-ჩვეულებებისგან. ინდივიდს ბრძოლა და გარჯა ორივე ველზე უწევს ისლამის ძირითადი ბურჯების თანასწორობის, კეთილდღეობისა და სამართლიანობის მიღწევისთვის. თავად ეს ინდივიდი კი ყურანის მიხედვით, არის ნდობით აღჭურვილი პირი დედამიწაზე „და აი, უთხრა შენმა უფალმა ანგელოსებს: მე დავადგენ ქვეყანაზე ჩემს შემცვლელსო...“[2] (2:28(30)). ასეთი მნიშვნელოვანი აგენტობის მქონე არსებისთვის მხოლოდ რწმენა საკმარისი არ არის ხსნისთვის და სრული ადამიანური პოტენციალის რეალიზებისთვის. ისლამური თეოლოგიის მიხედვით, ადამიანის რწმენას აუცილებლად თან უნდა ახლდეს კეთილ და მართალ საქმეთა კეთება. შემოქმედი ითხოვს ადამიანებისგან სამართლიან მოქცევას, ამ უკანასკნელს კი სძალუძს იყოს ასეთი, რადგან „… არ დაავალდებულებს ალაჰი არც ერთ სულს იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია“ (2:2866(286)). ამგვარი ვალდებულებები კი გაცხადებულია ყურანში, რომელიც ისლამის მიხედვით არის ცხოვრების გზამკვლევი, რომელიც მორწმუნეს აჩვენებს როგორც ამქვეყნიური სიკეთეების, ისე იმქვეყნიური ნეტარების მოპოვების გზას: “ეს წიგნი - ეჭვი არ არის მასში - ჭეშმარიტი გზაა ღვთისმოშიშთათვის” (2(1)(1)), “რამადანის თვეა, როცა ზეგარდმოევლინა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხთათვის…” (2:181(185)).
წინამდებარე აიების მიხედვით, რწმენა და მოქმედება განუყოფელია და ისინი თანადროულად უნდა გამოიხატებოდნენ ადამიანთა დამოკიდებულებებსა და გადაწყვეტილებებში, მათ შორის სამართლიანობისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებში:
„იმათ კი, რომელთაც ირწმუნეს და კეთილ საქმეთ აღასრულებდნენ, შევაბრძანებთ წალკოტებში...“ (4:60(57); „მათ კი, ვისაც სწამს და სიკეთეს იქმს, მივაგებთ თავიანთ სასყიდელს და მის მადლს იმათ მრავლად მივაგებთ!“ (4:172(173)); „აღუთქვა ალაჰმა მათ, რომელთაც ირწმუნეს, და აღასრულებდნენ კეთილ საქმეთ, პატიება და ჯილდო უდიდესი (5:12(9)); „ცოდვა არ დაედოთ იმათ, ვინც იყვნენ მორწმუნენი და აღასრულებდნენ კეთილ საქმეთ, იმის გამო, რაც უჭამიათ, თუკი ღვთის შიში ექნებათ, ირწმუნებენ და კეთილ საქმეს აღასრულებენ. მერმე ღვთის შიში აქვთ და სწამთ. მერმე ღვთის შიში აქვთ და კეთილს იქმან. ალაჰს უყვარს კეთილნი“ (5:94(93)); „ჭეშმარიტად, მათ, რომელთაც ირწმუნეს და ქველის საქმენი აღასრულეს, დაუდგენს მოწყალე სიყვარულს (19:96) და „ექნებათ სამოთხის წალკოტები ჩამოსაჯდომი“ (18:107(107))...
თანასწორობა
“ადამიანები სავარცხლის კბილებივით თანასწორნი არიან”[3] აცხადებს მოციქული და ავრცელებს ადამიანთა თანასწორობის იდეებს.
„დავუწერეთ ისრაელის ძეთ, რომ ის, ვინც მოკლავს სულს, არა სულისა წინ, ანდა უწმინდურებისათვის ქვეყანაზე, თითქოს ამოეხოცოოს ხალხი ერთიანად, ხოლო ვინც აცოცხლებს მას (სულს, “ნაფს”, ადამიანს ლ.დ), თითქოს ეცოცხლებინოს მთელი ხალხი“ (5:35(32)). არც ერთი ადამიანის სულია აღმატებული მეორეზე და ყოველი სიცოცხლე, თითოეულ მათგანში “შთაბერილი სული”(38:72(72)) იმსახურებს აღიარებას, პატივისცემასა და გადარჩენას. ადამიანის შექმნის ყურანისეული ამბავი, არ გამოარჩევს/აამაღლებს ერთ ადამიანს მეორეზე სქესის, რასის, ეთნიკურობის თუ სხვა მახასიათებლის მიხედვით. ისლამი ზეეთნიკური, ზერასობრივი, ზეეროვნული და უნივერსალური რელიგიაა. ის არ გამოარჩევს რჩეულ ხალხებსა და ინდივიდებს რომელიმე კონკრეტული ჯგუფიდან და არც ერთ ჯგუფს გარიყავს სულიერი განვითარების შესაძლებლობიდან: “ყველა თემს ჰყავს თავისი მოციქული. და როცა მოვა მათი მოციქული, გადაწყვეტს მათ შორის სამართლით და არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი” (10:48(47)); “და აჰა აღმოვაცენეთ ყოველ ერში მათგანვე მოციქული”(16:38(36)). მხოლოდ ღვთისმოშიშება (ღვთისმოსაობა) („თაკვა“) და ღმერთისადმი მოკრძალება ანიჭებს უპირატესობას ერთ ინდივიდს მეორესთან მიმართებით. ტერმინი თაკვა ყურანის სულის ერთ-ერთი არსებითი ნაწილია. ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული და გავლენიანი მუსლიმი ქალი თეოლოგი ამინა ვადუდი მას “ღვთისმოსაობად” განმარტავს და ხსნის, როგორ ირეკლავს ტერმინი როგორც მოქმედების, ისე დამოკიდებულების განზომილებას ყურანში. უფალი არ განსჯის ადამიანებს ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური, ქონებრივი თუ ისტორიული კონტექსტით, არამედ მხოლოდ ღვთისმოსაობით[4].
იდეა, რომ ადამიანები ბუნებით თანასწორნი იბადებიან და ისინი ღმერთის წინაშე არა სოციალური პრივილეგიებითა და უპირატესობით, არამედ შინაგანი მდგომარეობით განსხვავდებიან მოციქულის ბოლო (გამოსამშვიდობებელ) ქადაგებაშიცაა გაცხადებული:
„მთელი კაციობრიობის დასაბამი ადამი და ევაა. არაბს არ აქვს რაიმე უპირატესობა არა არაბზე, და არც არა არაბს აქვს უპირატესობა არაბზე. თეთრკანიანს არ აქვს უპირატესობა შავკანიანზე და არც შავკანიანს აქვს თეთრკანიანთა მიმართ უპირატესობა. არავის აქვს უპირატესობა სხვაზე თუ არა ღვთისმოსაობითა („თაყვა“) და კარგი ქცევით. ისწავლეთ, რომ ყველა მუსლიმი ძმაა მუსლიმისთვის და მუსლიმები ქმნიან ერთ თანამოძმეობას/საზოგადოებას. არაფერი იქნება კანონიერი ერთი მუსლიმისთვის, თუ ის ეკუთვნის თანამემამულე მუსლიმს, თუ იგი თავისუფლად და ნებით არ არის გაცემული. ამიტომ, უსამართლოდ ნუ მოექცევით საკუთარ თავებს“.
რასობრივი და ეთნიკური თანასწორობა
ყურანში მოწონებულია მრავალფეროვნება და ხალხთა შორის დიალოგი. უფრო მეტიც, ადამიანთა მოდგმის შექმნის მთავარ მოტივად სწორედ ერთმანეთის ცნობა და გაცნობაა დასახელებული: „ო, ხალხო, ჭეშმარიტად, ჩვენ შეგქმენით თქვენ მამრისა და მდედრისაგან და გაქციეთ ერებად და ტომებად, რათა შეიცნოთ ერთმანეთი. თქვენგან ყველაზე უფრო პატივდებული ალაჰის წინაშე, თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია...“ ეს იდეა ეჭქვეშ აყენებს წინა-ისლამურ საზოგადოებაში გაბატონებულ წესებს, მათ შორის ტომობრივ, საგვარეულო და სიმდიდრეზე დამყარებულ უთანასწორობას. იმდროინდელ არაბეთის ნახევარკუნძულზე მდიდარი და გავლენიანი ტომების წევრობა (ბედუინიზმი) განსაზღვრავდა ინდივიდის სოციალურ სტატუსს. მაგ. ყურაიშელების ტომი, რომლებიც აკონტროლებდნენ ვაჭრობას მექაში და ფლობდნენ განსაკუთრებულ სიმდიდრეს, ვერ ელეოდნენ სხვათა ექსპლუატაციის ხარჯზე დაგროვებულ კომფორტულ ცხოვრებას, მათ შორის აფრიკიდან ჩამოყვანილ მონებს, ამიტომაც მძლავრ წინააღმდეგობას უწევდნენ თანასწორულ და ემანსიპატორულ იდეებს, რომლებსაც მუჰამედი (დმს) ქადაგებდა.
ისლამის მიხედვით, უუფლებო ადამიანი არ არსებობს. შესაბამისად, მასში კლასიკური ფორმით არსებული მონობა, რაც უუფლებო ადამიანს ნიშნავს, მიუღებელია. ის სრულიად ეწინააღმდეგება ერთი ადამიანის მიერ მეორის ექსპლუატაციას; უფრო მეტიც ადამიანის, როგორც საკუთრების ფორმით განხილვა დაუშვებელია, რადგან ყურანის მიხედვით, ღმერთმა სამყარო შექმნა და ამ სამყაროში ადამიანი განსაკუთრებულ არსებად დაადგინა: “ჩვენ ვაკურთხეთ ადამის ძენი, გადავიყვანეთ ისინი ხმელსა თუ ზღვაში, დავაპურეთ სიკეთენი და ვამჯობინეთ მრავალს იმათგან, ვინც შევქმენით, მადლით” (17:72(70)). ამ უკანასკნელის გათვალისწინებით, არც ერთი მეორის მიმართ უპირატესი არ არის და შესაბამისად, ადამიანით ვაჭრობა აკრძალულია. გარდა ამისა, ისლამში პატიოსანი შრომა ღვთისმსახურებად არის განხილული და მნიშვნელოვანია სამართლიანი შრომითი პირობების არსებობა, რაც დამსაქმებელს ავალდებულებს დასაქმებულს მოექცეს ღირსეულად, უზრუნველყოს მისი ჭამა, ჩაცმა და შრომის ანაზღაურება “მიეცით მუშას გასამრჯელო, მისი ოფლის შეშრობამდე” (იბნ მაჯა)[5]. რაც შეეხებათ ომის დროს ჩავარდნილ ტყვეებს, ამ კუთხითაც კონკრეტული სამართლიანი მოპყრობის ფორმა დაამკვიდრა ყურანმა. მუჰამედმა (დმს) ბრძოლისას ჩავარდინილი ტყვეების მიმართ ღირსება ამყრელი მოქმედებები აუკრძალა მუსლიმებს; ეს ტყვეები მონები არ ხდებოდნენ, კონფლიქტის დასრულების შემდეგ ხდებოდა ტყვეთა გაცვლა ან გათავისუფლება.
ყურანში წახალისებულია მონათა გათავისუფლება, როგორც სხვადასხვა ცოდვის გამოსყიდვისა და სულიერი ზრდის შესაძლებლობა. ამის გარდა, ზაქათი, რომელიც მუსლიმის მიერ გასაცემი სავალდებულო გადასახადია ასევე ითვალისწინებდა მონის გათავისუფლებასაც:
“აზატქმნა მონისა. ანდა ჭმევა შეჭირვებულისა, ობოლი ახლობლისა, ანდა საპყარი ხელმოკლისა” (90:13(13)-16(16).
“მოწყალებანი - მხოლოდ უპოვართათვის, საპყართათვის, მათთვის მომუშავეთათვის, მათთვის, რომელთა გულის მოგება ხამს, ტყვეთა გამოსასყიდად, ვალებში ჩაფლულთათვის, ალაჰის გულისთვის, მოგზაურთათვის - აუცილებლობაა, ალაჰისგან (დაწესებული)“ (9:60).
„არ არის სიქველე ის, რომ სახეები აღმოსავლეთის ან დასავლეთის მხარეს მიაბრუნოთ. სიქველე და ქველი ის არის, ვინც ... მისცა ქონება, მიუხედავად მისი (ქონების) სიყვარულისა, ახლობლებს, ობლებს, უპოვრებს, მოგზაურებს, მათხოვრებსა და იმათ, ვინც არიან ტყვეობაში; ლოცვად დადგა, ზაქათი გასცა; ვინც ასრულებს თავის დაპირებას, როცა დაპირდება, ვინც მოითმენს გაჭირვებას, ხიფათსა და ზარალს...“(2:172(177)).
რასობრივი კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მოციქული მუჰამადის (დმს) მეგობრობა ბილალ იბნ რაბასთან, წარმოშობით ეთიოპელ მექელ არისტოკრატ უმაიას (თუმცა მექაში დაბადებულ) მონასთან, რომელიც ერთ-ერთი პირველი მუსლიმი გახდა და რომელმაც ამის გამო ბატონისგან სასტიკი ფიზიკური ძალადობა იწვნია. აბუ-ბაქრმა (I მართლმორწმუნე ხალიფა) გაათავისუფლა ბილალი, რომელმაც შემდგომ მოციქულის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. გადმოცემულია მოციქულის მიერ ბილალის აბუ დარ ალ-ღიფარისგან, მისი ერთ-ერთი კომპანიონისგან დაცვის ეპიზოდიც. კომპანიონმა ბილალს ლაპარაკისას „შავი ქალის შვილი“ უწოდა. მუჰამადმა (დმს) კანის ფერზე ხაზგასმისთვის აბუ დარი შემდეგნაირად გააკრიტიკა: „შენ ისევ გაქვს უმეცრების ხანის კაცის თვისებები“; ამით მან ხაზი გაუსვა პრე-ისლამური არაბეთის პერიოდს, რომელშიც ფესვგადგმული იყო რასიზმი, რისი დაძლევაც ისლამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახლდათ. ნიშანდობლივია, რომ სწორედ გათავისუფლებული ბილალი აირჩია მოციქულმა (მისი გამორჩეული პიროვნული თვისებებისა და ხმის გამო) მუეზინად, რომელმაც მექის დაბრუნების შემდეგ პირველმა მოუხმო მლოცველებს ქააბას სალოცავიდან. მოგვიანებით ბილალი დაქორწინდა პატივსაცემი ტომის არაბ ქალზე, რაც წინა-ისლამურ პერიოდში წარმოუდგენელი ამბავი იქნებოდა[6].
სამართლიანობა
ისლამს ხშირად უწოდებენ სამართლიანობისა და მოწყალების რელიგიას. ყურანში უფლის 99 სახელს შორის ერთ-ერთი ატრიბუტია „სამართლიანი, მსაჯული“ (არაბ. ალ-ჰაქამ); „ალაჰი ნამცეცის მისხალ უსამართლობასაც კი არ ჩაიდენს, ხოლო თუ ვინმე კეთილ საქმეს აღასრულებს, ორმაგად უზღავს და მიაგებს მას თავისი წიაღიდან საზღაურს უდიდესს“ (4:44(40)); „უტყუარ სასწორთ გავმართავთ აღდგომის დღისთვის; არცერთი სული არაფერში დაიჩაგრება. ერთი მისხალიც რომ იყოს მდოგვის მარცვლისა, მივცემთ მას. საკმარისნი ვართ ჩვენ აღმნუსხველელბად“ (21:48(47)). სამართლიანობის იდეით არის განმსჭვალული მთელი ისლამური ეთიკა და ის ეხება, როგორც მმართველობასა და განმგებლობას, ისე დამოწმებას, მტკიცებას, ადამიანებთან ურთიერთობას, არა მხოლოდ საკუთრივ მუსლიმებთან, არამედ განსხვავებულ ხალხებთან, მტრებთან და მოწინააღმდეგეებთანაც სამართლიანობისა და ზომიერების პრინციპის დაცვას; ტექსტის მიხედვით, მოციქულთა წარმოგზავნის მთავარი არსიც ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფაა: „ჩვენ უკვე წარმოვგზავნეთ მოციქულნი ჩვენი ცხადი მტკიცებებითა და ზეგარდმოვავლინეთ მათთან ერთად წიგნი და სასწორი (ბალანსი ლ.დ), რათა იღვაწოს ხალხმა სიმართლით...“ (57:25(25).
სამართლიანობა რთულად მისაღწევი და დასაცავი რომ არის, ეს ტექსტშიც არის ხაზგასმული. ხშირად სამართლიანი ქცევა მოითხოვს გაბატონებული საზოგადოებრივი ნორმების უარყოფას, შურისგების სურვილისა და სიძულვილის გადალახვას, ახლობელ ადამიანებთან შეწინააღმდეგებას, კომფორტის ზონიდან გამოსვლასა და პასუხისმგებლობის აღებას: “ო, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, მტკიცედ დაიცავით სამართლიანობა და იყავით მოწმენი ალლაჰის წინაშე, თუნდაც თქვენი თავის, თქვენი მშობლებისა ან ახლობლების წინააღმდეგ (იმის მიუხედავად, რომ ის, ვის წინააღმდეგაც ამოწმებთ), მდიდარია, თუ ღარიბი. ალაჰი უფრო ახლოა მათთან და ნუ აჰყვებით გულისთქმას, რომ უსამართლოდ მოიქცეთ. ხოლო თუ განუდგებით ან ზურგს შეაქცევთ (სამართლიანობას), ჭეშმარიტად, ალაჰმა უწყის, რასაცა იქმთ“ (4:134(135));
სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად ყურანი კრძალავს უფლებამოსილი პირების მოსყიდვას, ცრუ ჩვენებებისა და უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებისთვის ქონების ხარჯვას: „და ნუ შეჭამთ თქვენს ქონებას თქვენ შორის ამაოდ და ნუ მოისყიდით მისით მსაჯულთ, რათა შეჭამონ ხალხის ქონების ნაწილი, ცოდვით, ისე, რომ თქვენ ეს იცოდეთ“!(2:184(188); „ნუ შეჭამთ თქვენს ქონებას თქვენ შორის ამაოდ, თუკი ეს არ იქნება ვაჭრობა, რომლითაც კმაყოფილია ორივე მხარე თქვენგან...“ (4:33(29));
„ალაჰი გიბრძანებთ, - დაუბრუნოთ ანაბარი (ამანათი ლ.დ) მათ პატრონებს, და თუ განსჯით ხალხთა შორის, განსაჯოთ სამართლიანად. და ალაჰი... რა მშვენიერია, რასაც იგი შეგაგონებთ! ალაჰი ყოვლისგამგონეა, ყოვლისმხილველი“ (4:61(58)).
წარმოშობით სპარსი, ისლამის თეოლოგისა და კომენტატორის ალ-რაღიბ ალ-ისპაჰანის განმარტების მიხედვით, ყურანისეული სამართლიანობის პრაქტიკაში გასატარებლად ხუთი გზა არსებობს:
სამართლიანი ქცევა:
ამრიგად, ისლამი მიზნად ისახავს იმგვარი საზოგადოების შექმნას, რომელიც რელიგიაზე, წესრიგსა და სოციალურ სამართლიანობაზე იქნება დაფუძნებული. მას საზოგადოებრივი ერთიანობისთვის შემოაქვს წევრებს შორის ურთიერთობათა მარეგულირებელი ნორმები და პრინციპები, რომელთა ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სოციალურ სამართლიანობაა. ყურანისეული სამართლიანობა არის მორალური სათნოება და იურიდიული ცნება. ის არის აუცილებელი პირობა და ამოცანა როგორც ინდივიდუალური, ისე სოციალური მშვიდობისთვისა და სამართლიანობისთვის.
გარდა ამისა, ისლამში დაგმობილია თაღლითობა, არაპატიოსნება და მოტყუება ვაჭრობისას, და ზოგადად საქმიანი ურთიერთობისას, ხოლო მევახშეობა, რომელიც ძალიან გავრცელებული საქმე იყო იმ პერიოდის მექელ შეძლებულთა შორის, სასტიკად არის აკრძალული:
„ხოლო ისინი, რომლებიც ეწევიან მევახშეობას, (განკითხვის დღეს) აღსდგებიან მხოლოდ იმათ მსგავსად, ვინც შაითანმა გააგიჟა თავისი შეხებით. ეს იმიტომ, რომ თქვეს - ვაჭრობა მევახშეობის მსგავსიაო. მაშინ, როცა ალაჰმა ვაჭრობა ნებადართულად სცნო, მევახშეობა კი აკრძალა...“(2:276(275)); „ალაჰი მკაცრად ძირკვავს მევახშეობას და ნერგავს მოწყალების გაღებას. ალაჰს არ უყვარს ურწმუნონი და ცოდვილნი. ისინი კი, რომელთაც ირწმუნეს და იქმოდნენ სიკეთეს, დგებოდნენ ლოცვად და გასცემდნენ ზაქათს - მათი საზღაური მათ უფალთანაა; შიში არ ექნეთ, არ ინაღვლონ“ (2:277(276)-277)); „და რასაც გასცემთ ვახშით, რათა სარგებელი მოიტანოს ხალხის ქონებით, ალაჰის წიაღ სარგებელს არ მოიტანს. ხოლო რასაც გასცემთ მოწყალებად, ალაჰის სახიერების მსურველნი, სწორედ ესენი არიან გაორმაგებულნი“ (30:38(39)); „უერთგულეთ ზომასა და წონას სამართლიანად და ნუ წაართმევთ ხალხს მათ კუთვნილს...“ (11:86(85)); „უერთგულეთ ზომას, როცა ზომავთ, და აწონეთ ზუსტი სასწორით. ეს უკეთესია და უმჯობესია შედეგით“ (17:37(35)); „ვაი ამწყვავებს, რომლებიც თუკი სათავისოდ წყავენ, ხალხის წინააღმდეგ, ერთგულებენ (საწყაოს), ხოლო თუკი მათთვის აწყეს ან აწონეს, წონაში აკლებენ“ (83:1-3).
გენდერული სამართლიანობა
არაბული ენა განარჩევს სქესს, თუმცა ყურანში არც ადამიანის შექმნის ისტორია, ღმერთსა და ინდივიდს შორის აღწერილი ურთიერთობა და არც ინდივიდუალური შესაძლებლობები გენდერული სიტყვებით არ არის გადმოცემული. ინდივიდის მიმართებით მუდმივად გამოყენებულია სიტყვა “ნაფს” სული/თავი. ადამიანის არსებობის სამივე ეტაპზე მათ თანაბარი ღირებულება აქვთ. პირველ რიგში, ყურანი ხაზს უსვამს ადამიანთა წარმოშობის საერთო ფესვებს “რომელმაც შეგქმნათ თქვენ ერთი სულისგან” (4:1(1))”; მეორე, სულისა და ჯგუფის დედამიწაზე განვითარების, ცვლილებისა და ზრდის შესაძლებლობა; ბოლოს ადამიანს ყველა ქმედებას საზღაური გადაეცემა ინდივიდუალური დამსახურებების მიხედვით (4:123(124))[8].
ამრიგად, გენდერული თანასწორობის იდეა ადამიანთა ცხოვრების ყველა ეტაპის საფუძველია, მათ შორის მათი შექმნის, განათლებასა და დასაქმებაზე წვდომის, სულიერი და რელიგიური პოტენციალის რეალიზების, შექმნის, ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ცხოვრებაში სამართლიანობით სარგებლობის.
„ჯაჰილიის“ ხანის არაბეთში გოგონების დაბადება დიდ სირცხვილად და ტვირთად მიიჩნეოდა, ამიტომ ახალშობილ გოგონათა ცოცხლად დამარხვა გავრცელებული პრაქტიკა იყო. ისლამმა გაილაშქრა ამ ბარბაროსული, არაჰუმანური პრაქტიკის წინააღმდეგ და სასტიკად აკრძალა იგი შემდეგი აიებით:
„როს რომელიმე მათგანს მიუვა სამახარობლო მდედრის (დაბადებისა), სახე სევდით დაეჩრდილება და დაბოღმილია. ემალება ხალხს იმ სიავის გამო, რაც მიახარეს (და ჭოჭმანობს), დაიტოვოს (ახალშობილი) სირცხვილად თუ მიწაში დამარხოს. იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს ზესთასოფელი - იგავი სიავისა...“ (16:60(58)-62(60)). ხოლო შემდეგ სურაში, იკრძალება მათი მოკვლა „და ნუ დახოცავთ საკუთარ შვილებს გაღატაკების შიშით. ჩვენ დავაპურებთ მათაც და თქვენც; ხოლო თუ დახოცავთ, ეს იქნება შეცდომა დიადი“ (17:33(31)). „აჰა, წაგებულნი არიან ისინი, რომელთაც დახოცეს თავიანთი შვილები შეუგნებლად, ცოდნის გარეშე; (6:141(140)).
შეწყნარებულ ქალთა შორის მოხვდებიან ის ქალები, რომლებსაც სხვა დიდ ცოდვებთან ერთად თავი აურიდებიათ საკუთარი შვილების დამარხვისთვის: “ო, მოციქულო, თუ შენთან მოვლენ მორწმუნე ქალები, რომლებიც შემოგფიცებენ, რომ არ ჩაუზიარებენ ალაჰს არაფერს, არ იქურდებენ, არ სიძვენ, არ დახოცავენ თავიანთ შვილებს.... მაშინ შეიწყნარე მათი ფიცი და პატიება სთხოვე მათთვის ალაჰს...“ (60:12(12)). „როს ცოცხლად დამარხულს ჰკითხავენ - რა ცოდვისთვის მოიკლა?“ 81(8(8)-9(9)). კომენტატორთა განმარტებით, აქ სწორედ არაბ წარმართთა შორის გოგონათა დამარხვის ჩვეულება იგულისხმება…(გ.ლ 81-ე სურის 1-ელი კომენტარი).
ყურანის მიხედვით “ყოველი სული იგემებს სიკვდილს” (3:182(185)), სიკვდილი ინდივიდუალური გამოცდილებაა, ასევე მკვდრეთით აღდგომა და ჯილდოსა თუ სასჯელის მიღებაც ინდივიდუალურად ხდება: “ხოლო ის, ვინც კეთილ საქმეს აღასრულებს, - კაცი თუ ქალი - თუკი იგი მორწმუნეცაა, შევიყვანთ სამოთხეში და ნაკირის[9] ოდენადაც არ იქნებიან ისინი დაჩაგრული”; “და ვინც ქმნა სიავე, არაფერი მიეზღვება, გარდა ამის მსგავსისა, ხოლო ვინც ქმნა სიკეთე - მამაკაცმა თუ დედაკაცმა - და იყო მორწმუნე… სწორედ ისინი შევლენ სამოთხეში და სარჩო ებოძებათ იქ უანგარიშო” (40:43(40)). დამსახურებული ჯილდო გენდერულ თუ სხვა იდენტობას არ ეფუძნება, არამედ სიცოცხლეში ინდივიდის მიერ ნამოქმედარს: ”განა ფიქრობდნენ ისინი, ვინც სიავეთ სჩადიოდა, რომ დავადგენდით მათაც ისევე, როგორც იმათ, ვინც ირწმუნა და ქველის საქმენი აღასრულა. და რომ ერთნაირი იქნებოდა მათი სიცოცხლე თუ სიკვდილი? რა ავია ის, რასაც განსჯიან! შექმნა ალაჰმა ცანი და ქვეყანა ჭეშმარიტებით, რათა უზღას ყოველ სულს, რაც მოიხვეჭა, და არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი!” (45:20(21)-21(22)); “…კაცებს წილი იმისა, რაც მოიხვეჭეს, და ქალებს - წილი იმისა, რაც მოიხვეჭეს”. განკითხვის დღეს არავის შეეძლება წაშალოს ან გაზარდოს ერთიმეორის დამსახურება, არავის შეეძლება სხვის მიერ მიღებული დამსახურებისა თუ სასჯელის გაზიარება “და გეშინოდეთ იმ დღისა, როცა სული მეორე სულს ვერაფრით შეეწევა. არ მიიღება მისგან შუამდგომლობა, არ იქნება შეწყნარებული მისი სამართალი და არ იქნებიან ისინი შეწევნულნი” (2:45(48)); მუხედავად იმისა, რომ უფალს წინასწარვე შეუძლია განჭვრეტა ადამიანის ქმედებების, საბოლოო ჯილდო თუ დასჯა საკუთრივ ინივიდის ქმედებების შედეგია “ჭეშმარიტად, ალაჰი სულაც არ მოექცევა ხალხს უსამართლოდ, არამედ, ხალხი უსამართლოდ ეპყრობა საკუთარ თავს” (10:45(44)).
მემკვიდრეობა
მემკვიდრეობის საკითხი ყურანში სამ ძირითად გარემოებას ითვალისწინებს: 1. მემკვიდრეობის განაწილება როგორც ქალ, ისე კაც ნათესავებზე; 2. ზოგიერთი ქონება შეიძლება ანდერძით გადაეცეს, 3. გასათვალისწინებელია მარჩენალდაკარგულთა გარემოება, მათი სარგებელი გარდაცვლილისადმი და მემკვიდრეობით მიღებული სარგებელი. “გიბარებთ ალაჰი თქვენი შვილების თაობაზე: მამაკაცს მსგავსი წილი ორი მდედრისა. და თუ ქალები ორზე მეტნი იქნებიან, მაშინ მათ მესამედი (იმისა), რაც დატოვა (გარდაცვლილმა); და თუ ერთი ქალი იქნება, მაშინ მას - ნახევარი, (განსვენებულის) მშობლებს კი თითოეულს, მეექვსედი იმისა, რასაც (გარდაცვლილი) დატოვებს, იმ შემთხვევაში, თუ მას შვილი ჰყავს, ხოლო თუ არ ეყოლება შვილი და მისი მემკვიდრენი მშობლები იქნებიან, მაშინ - დედას მესამედი, მაგრამ თუ ძმები ჰყავს, მაშინ, დედას - მეექვსედი, იმ ანდერძის შესრულების მერე, რაც მან დაიბარა ან (მისი დატოვებული) ვალების გასტუმრების შემდეგ. თქვენ არ შეგიძლიათ განსაზღვროთ, ვინ უფრო მეტ სარგებელს გაძლევთ - მშობლები თუ შვილები….. და თქვენ ნახევარი იმისა, რასაც დატოვებენ თქვენი მეუღლეები, თუკი მათ (ქალებს) არ ჰყავთ შვილი. ხოლო თუ შვილები ეყოლებათ, მაშინ თქვენია მეოთხედი იმისა, რასაც (ქალები) დატოვებენ, იმ ანდერძის (აღსრულების) შემდეგ, რასაც ისინი დაიბარებენ, ანდა (მათი) ვალის(გასტუმრების) შემდეგ”4:12(11)-13(12)). ამ აიას მიხედვით არსებობს მრავალი ვარიაცია მემკვიდრეობის განაწილებისა ქალებსა და კაცებს შორის, შესაბამისად კაცის წილის ნახევარი ქალისთვის არ არის ერთადერთი ვარიანტი, რომელსაც ტექსტი გვთავაზობს. ამგვარი მოქნილობა ხაზს უსვამს ორ გარემოებას: 1. ქალები არცერთ შემთხვევაში უნდა დარჩნენ მემკვიდრეობის გარეშე, 2. ყველა განაწილება ცოცხალ ნათესავებს შორის უნდა მოხდეს თანაბრად და აუცილებლად უნდა იქნეს გათალისწინებული სარგებლის ელემენტი. მაგ. ოჯახში, რომლესაც ერთი ვაჟი და ორი გოგონა ჰყავს და ქვრივ დედას ერთ-ერთი გოგონა უვლის, რატომ უნდა მიიღოს ვაჟმა 2-1-ზე ფორმულით. ასეთ შემთხვევებში გათვალისიწნებული უნდა იყოს მემკვიდროების რეალური სარგებელი [10] ;
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ქონების ტიპი, რომლებსაც ქალები ქორწინებისას იღებენ - (მაჰრი) სრულად გადაეცემა ქალს და მისი განკარგვის უფლება მხოლოდ მას აქვს. ქალისთვის მაჰრის დაბრუნების მოთხოვნა ან წართმევა აკრძალულია:
„და მიუ-ბოძეთ ქალებს მათი საქორწილო ძღვენი საჩუქრად, ხოლო თუკი სიკეთით დაგითმეს რამე, მაშინ ჭამეთ ის გულმშვიდად, მოსვენებით“ (4:4). „ო, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ნებადართული არაა თქვენთვის, უანდერძოთ ცოლებს მათთვის საძულველი, და ნუ აიძულებთ, რომ დაგიბრუნონ ზოგი რამ, რაც ადრე მათთვის გიჩუქებიათ“ (4:23(19));
შესაბამისად, მემკვიდრეობით მიღებული ქონებითა და მაჰრით ქალის ქონება საზოგადოებაში უთანასწორდება (უნდა გაუთანაბრდეს) მისი კაცი ახლობლებისას.
კეთილდღეობა და გადანაწილება
ისლამს კომპლექსური ფინანსური და ეკონომიკური განაწილების სისტემა აქვს. ქვემოთ აღწერილი ძირითადი საგადასახადო ვალდებულებები მიზნად ისახავს ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი წევრების მხარდაჭერასა და გაძლიერებას. ზაქათი ღარიბთა და სოციალურად დაუცველთათვის გადასახადი ყოველწლიური ფინანსური ვალდებულებაა, რომელიც შემოსავლებისა და ქონების მქონე მუსლიმებმა უნდა გადაიხადონ. მისი რაოდენობა შემოსავლის 2.5%-ს შეადგენს. ეტიმოლოგიურად ზაქათი ნიშნავს გაზრდას, სისწორეს, დალოცვასა და განწმენდას და ის 30-ჯერ არის მოხსენიებული ყურანში, აქედან 27-გან ის მოჰყვება ლოცვას. მაგ: „და დაადგრით ლოცვად, გაიღეთ მოწყალება და ასესხეთ ალაჰს სესხი კეთილი...“ (73:20(20)). მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყურანის მიხედვით ზაქათის გაცემა წინასწარმეტყველებსაც ევალებოდათ და ისინი ლოცვასთან ერთად ასრულებდნენ მას. მაგ. იესო მარიამის ძე: „და მაქცია კურთხეულად, სადაც უნდა ვიყო, და მიანდერძა ლოცვა და მოწყალების გაღება, ვიდრე ვარ ცოცხალი“ (19:32(31)); „და გაიხსენე წიგნში ისმა’ილი. ჭეშმარიტად, იყო იგი ერთგული აღქმისა და იყო მოციქული, წინასწარმეტყველი. უბრძანებდა თავის ხალხს ლოცვას, ზაქათს და იყო თავის უფლის წიაღ შეყოვნებული“ (19:55(54)-56(55)), აქვე ხაზგასმულია, რომ აბრაამმ, ლოტმა, ისააკმა და იაკობმაც მიიღეს ზაქათის გადახდის ვალლდებულება (21:73). გარდა წინასწარმეტყველებისა, ტექსტი განმგებლებსა და პოლიტიკურ მმართველებს ავალდებულებს დააწესონ სავალდებულო ქველმოქმედების სისტემა და ხელი შეუწყონ სიმდიდრის განაწილებას საზოგადოების წევრებს შორის უთანასწორობის შესამცირებლად, თუმცა ეს მოწოდება არ გულისხმობს იმგვარ რედისტრიბუციას, რომ საზოგადოების ყველა წევრს თანაბარი ეკონომიკური მდგომარეობა, ან საერთო საკუთრება ჰქონდეთ.
ზაქათის გარდა, ისლამი ითვალისწინებს ქველმოქმედების და გაცემის სხვა მრავალ ფორმას ქვრივთა, ობოლთა, გაჭირვებულთა მიმართ, მაგ. ხუმსი (მეხუთედი, შემოსავლების 20%), და ვაკფს, რაც მიწის ნაკვეთის, შენობის ან სხვა აქტივის გადაცემას/შეწირვას გულისხმობს საზოგადოებრივი მიზნებისთვის, მოგების დაბრუნებისა და ინტერესის გარეშე. მოციქულს თავად ჰქონდა ობლობისა და უკიდურესი სიღარიბის გამოცდილება და შესაბამისად მისი ქადაგებები სავსეა საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მიმართ თანაგრძნობითა და სოლიდარობის მოწოდებით. ობოლთა მიმართ პატივისცემას, ლმობიერებასა და მზრუნველობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ყურანში:
„ხარჯეთ ალაჰის გზაზე...“ (2:191(195); „მიეცით ობლებს თავიანთი ქონება, ნუ გადაცლით კეთილს საზიზღარზე და ნუ შეჭამთ მათ ქონებას თქვენს ქონებასთან ერთად, რადგან ეს იქნება დიდი შეცოდება“ (4:2(2)); „ნუ მისცემთ ქონებას უგუნურთ (ობლებს/არასრულწლოვნებს გ.ლ), რომლებიც ალაჰმა დაგიდგინად სამეურვეოდ. დააპურეთ ისინი მისით, შემოსეთ და უთახრით კეთილი სიტყვა“ (2:4(5)); „არა და არა, თქვენ პატივს არ სდებთ ობლებს, და ძუნწობთ უპოვარის საკვებზე. ჭამთ მემკვიდრეობას მსუბუქად“ (89:18(17)-20(19)), “ისინი კი, ვინც ობოლთა ქონებას ჭამენ უსამართლოდ, ცეცხლს შეჭამენ თავიანთ ფაშვებში და დაიწვებიან საკირით” (4:11(10)). 107-ე სურა საბოძვარი სწორედ ობოლთა საკითხს ეხება: „განა გიფიქრია იმაზე, ვინც ცრუდ რაცხავს სამსჯავროს? იგია სწორედ, ვინც აძევებს ობოლს და არ ირჯება უპოვრის ჭმევისთვის. და ვაი მლოცველთ, რომელნიც არიან თავიანთი ლოცვებისადმი უგულისყურონი. რომელნიც თვალთმაქცობენ და უარს ამბობენ საბოძვრის გაცემაზე“ (107:1-7).
„გეკითხებიან შენ, რა გაიღონ მოწყალებად. უთხარი: - რა სიკეთესაც მოწყალებად გასცემთ მშბლებისთვის, ახლობლებისთვის, ობლებისთვის, უპოვართათვის და მოგზაურთათვის, და რა სიკეთესაც იქმთ, ალაჰმა იცის იგი“ (2:211(215)); „მათი ამბავი, ვინც ხარჯავს ქონებას ალაჰის გულისთვის, ჰგავს იმ მარცვლის ამბავს, თითოეულ თავთავში კი ასი მარცვალია. ალაჰი გაამრავლებს იმას, ვისაც ინებებს...ისინი, ვინც ხარჯავს ქონებას ალაჰის გულისთვის და უკან არ გაყვებიან იმას, რაც დახარჯეს - დაყვედრებითა და გაავებით - მათი სასყიდელი მათ უფალთა “(2:263(261)-264(262)); „რომლებიც ხარჯავენ თავიანთ ქონებას დღისით და ღამით, ცხადად და ფარულად, მათ უფალთანაა საზღაური მათი...“ (2:275(274);
„ვერასდროს დაიმკვიდრებთ სათნოებას მანამ, სანამ მოწყალებად არ გასცემთ იმისაგან, რაც გიყვართ. და მცირედიც კი, რასაც მოწყალებად გაიღებთ, იცის ალაჰმა“ (3:86(92))
„განა ქველმოქმედების საზღაური სხვა რამაა, თუ არა ქველმოქმედება?!“ (55:60(60)).
„და მიეც ახლობელს თავისი კუთვნილი, საპყარს და მოგზაურს, და ნუ დაფანტავ განუსჯელად. ჭეშმარიტად, მფანტველები შაითანთა მოძმენი არიან; შაითანი კი თავისი უფლის მიმართ ურწმუნოა“ (17:28(26)-29(27)).
მიტევება და სამართლიანი მოპყრობა, გაგება და სიყვარული საერთო სოციალური მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ისლამის მნიშვნელოვანი ელემენტებია.
„და ეგებ ალაჰმა დაადგინოს თქვენსა და მათ შორის, რომელთაც ემტერებით, სიყვარული. და ალაჰი ძლევამოსილია, მიმტევებელია, მწყალობელი. ალაჰი არ გიშლით, რომ მათ, ვინც არ შეგბრძოლებიათ სჯულისთვის და ვისაც არ გამოურეკებიხართ თქვენი სახლ-კარიდან, ღვთისნიერად მოეპყრათ და სამართლიანად მოექცეთ. ჭეშმარიტად, ალაჰს უყვარს სამართლიანად მომპყრობნი“ (60:7(7)-8(8)).
დასკვნა
„ღატაკთა სამოთხე ამ ქვეყნად არ იქნება“ გამოგვიცხადა აღმოსავლეთის ჩიტებს მუსიე ივანოვიჩმა. არც ისლამის ძირითადი ტექსტები გვარწმუნებენ, რომ აბსოლუტური სამართლიანობის სრულიად მიღწევა შესაძლებელია დედამიწაზე, ან რომ ის იქნება გარანტირებული ძალისხმევის გარეშე. ისლამში ადამიანი რაციონალურ, არჩევანის მქონე არსებადაა მიჩნეული, რომლის მდგომარეობაც მანამ არ შეიცვლება, სანამ ეს უკანასკენლი თავად არ გადაწყვეტს ამას “ეს იმის გამო, რომ ალაჰი არ შეცვლის წყალობას, რომელიც უწყალობა ხალხს მანამ, ვიდრე თვითონ არ შეცვლიან იმას, რაც მათ სულებშია (თავებშია ლ.დ)” (8:55(53)). საზოგადოებები და ინდივიდები სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის ფორმირებისთვის მუდმივად უნდა სწევდნენ ძალისხმევას. მუსლიმური უმა/საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბებასაც მუჰამადი (დმს) ესწრაფვოდა სამართლიან წესრიგს, ინდივიდუალურ თავისუფლებასა და თანასწორუფლებიანობას ისახავდა მიზნად თითოეული ინიდვიდისა და ჯგუფის განსხვავებულობის, უნიკალურობისა და მრავალფეროვნების აღიარებითა
[1] თავფიკ ალ-ჰაქიმი, ჩიტი აღმოსავლეთიდან, გამომც. წიგნები ბათუმში, 2019
[2] ყურანი - არაბულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და განმარტებანი დაურთო გიორგი ლობჟანიძემ, გამომც. კავკასიური სახლი, თბილისი, 2006; სტატიაში მოცემული ყურანის ყველა ციტატა აღებულია აღნიშნული გამოცემიდან;
[3] Alikhani, A.A (2016) Theoretical Aspects of Justice in the Precept of Prophet of Islam, Tehran
[4]Wadud, A.(1999). Qur’an and Woman Rereading the Sacred Text from a Woman’s Perspective, Oxford University Press
[5]What are the rights of Workers in Islam? The Faith.com editorial stuff, 2020, ნანახია 12/07/2023
[6] Bangura, A.K (2015) The African Roots and Transnational Nature of Islam, Journal of Islamic Studies and Culture
[7]Al-Isfahani. R, (Caro: Dar al-Wafa 1987) al Dhari ah ila makarim sl-shariah
[8] Wadud, A.(1999). Qur’an and Woman Rereading the Sacred Text from a Woman’s Perspective, Oxford University Press
[9] ფინიკის ყუნწზე არსებული ლარი, იგულისხმება, რომ “საერთოდ არ დაიჩაგრებიან (გ.ლ)
[10] Wadud, A.(1999). Qur’an and Woman Rereading the Sacred Text from a Woman’s Perspective, Oxford University Press
ინსტრუქცია