[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / განცხადება

სოლიდარობა უკრაინელ ქალებს!

ნახატი: Maria Primachenko

წლევანდელი 8 მარტის ჩვენი გამოხმაურება გვინდა უკრაინელ ქალებს მივუძღვნათ. ქალებს, რომლებიც უკვე მეცამეტე დღეა თავდაცვისთვის იბრძვიან, ან დევნილობაში უწევთ ყოფნა საკუთარი შვილებისა და ოჯახის წევრების სიცოცხლის გადასარჩენად.

ყოველდღე ომის ველიდან ვისმენთ უკრაინელი ქალების მართალ განცხადებებს, რომელიც ერთი მხრივ, იმპერიალიზმის და ომის ბნელ მხარეებს აშიშვლებს, მეორე მხრივ კი, უსამართლო ომში მეტი წინააღმდეგობისთვის და ღირსეული ბრძოლისთვის უკრაინელ ხალხს ინსპირაციას აძლევს. ხმამაღალია უკრაინელი ქალების საჯარო მოწოდება რუსი დედების მიმართ, დაგმონ და შეაჩერონ სისტემის მხრიდან მათი შვილების ექსპლუატაცია და სიკვდილი.

ომს დამანგრეველი გავლენა აქვს მშვიდობიან მოსახლეობაზე. თანამედროვე ომების სტრატეგიებში დიდი ხანია წაშლილია სივრცითი და ადამიანური საზღვრები, რომლებიც სამხედრო ობიექტებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებებს, სამხედრო აქტორებს და მშვიდობიან მოქალაქეებს გამიჯნავდა. თანამედროვე ომები სწორედ მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ არის განსაკუთრებით მკაცრი და დაუნდობელი, ხშირად განზრახ ანადგურებს სასიცოცხლო სოციალურ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას თუ სისტემებს, რასაც საზოგადოების ყოფასა და მომავალზე გრძელვადიანი გავლენა აქვს.

ომი ქალების ყოფაზე ორმაგად მძიმე და ხანგრძლივ კვალს ტოვებს. ომში ხშირია გენდერული სამხედრო ძალადობა, რომელსაც კონკრეტული ქალებისთვის უმძიმესი ზიანის მიყენების მიღმა, მისი და მთელი მისი თემის ღირსების სიმბოლური შელახვისა და მსხვერპლად წარმოჩენის მიზანი აქვს. კიდევ უფრო მძიმეა ქალების ტვირთი დევნილობაში, სადაც მათ საკუთარი ოჯახის გადარჩენისთვის შეცვლილ სოციალურ რეალობასთან ადაპტირება, შრომა და გაუარესებული საცხოვრებელი პირობების სიმძიმის ტარება უწევს. ომთან დაკავშირებული გრძელვადიანი სიღარიბის კვალი, რაც სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის და სისტემების ნგრევასთან და ხანგრძლივ ეკონომიკურ კრიზისთან არის დაკავშირებული, ქალების ყოფას ორმაგად ართულებს და დაბალანაზღაურებად შრომაში და ხშირად შრომით მიგრაციაში ჩაბმისკენ უბიძგებს. პოსტკონფლიქტურ საზოგადოებებში მილიტარისტული და ნაციონალისტური სულისკვეთება მკვეთრად იზრდება, რაც ხშირად აძლიერებს პატრიარქალურ ჩაგვრას და დაქვემდებარებას. ხშირად კაცების მიერ ომში განვლილი ტრავმები, დანაკარგი და აპათია, ქალთა მიმართ ძალადობისა და შევიწროების მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ ომში ქალთა უფლებების და ინტერესების დაცვა მრავალშრიან გააზრებას და დაცვას საჭიროებს.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმასაც, რომ ომში ქალები არ შეიძლება დავინახოთ როგორც მხოლოდ მსხვერპლები. სხვადასხვა ომისა და კონფლიქტის ისტორია აჩვენებს, რომ ამ მძიმე რეალობაშიც კი ქალები ავლენენ საკუთარ აგენტობას და ბრძოლის ან მშვიდობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვან ძალისხმევას წევენ. ქალების როლი კიდევ უფრო აქტიურია შერიგებისა და სამშვიდობო პოლიტიკის სფეროში.

ომის სიმძიმის შედეგებს უკვე ვხედავთ უკრაინაში რუსეთის მიერ ორგანიზებული უსამართლო და გამანადგურებელი ომის პირობებში. ამ ომში ასეულობით ქალი და არაერთი ბავშვია გარდაცვლილი. უკრაინის ოფიციალური ორგანოები იუწყებიან ქალების გაუპატიურების შემთხვევებზე, რომელიც ომის უმძიმესი დანაშაულია. მილიონ ნახევარი ადამიანი ევროპის სხვადასხვა ქალაქში დევნილობაში იმყოფება, მათ შორის მაღალია ქალების და ბავშვების რიცხვი. მეზობელ ქვეყნებში გადასვლა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან შეთანხმების მიუხედავად, სამშვიდობო კორიდორები რუსეთის სამხედრო ძალების მიერ მაინც იბომბება. ბუნდოვანია იმ ქალაქების მაცხოვრებლების მომავალიც, სადაც ახლა სამხედრო ოპერაციები არ მიმდინარეობს.

უმძიმესი რეალობის მიუხედავად უკრაინელი ხალხი და ქალები მათ ყოველდღიურობაში ბრძოლის, თვითორგანიზებისა და გამბედაობის უნიკალურ მაგალითებს ქმნიან.

ჩვენმა ხალხმა კარგად იცის ომის ტრაგიკული რეალობა. ეთნიკური წმენდა, მკვლელობები, ტყვეობა, ასიათასობით (290 000-მდე) ადამიანის დევნილობა, უსახლკარობა - ბოლო 30 წელში ჩვენს მიერ განცდილი სამი ომის უმძიმესი ჭრილობაა.

ომით დაზარალებული ქართველი ქალების ყოფა ომის დროს და მის შემდგომ პერიოდშიც უმძიმესი იყო. ისინი საკუთარი შიშველი შრომით და ზრუნვის პრაქტიკით საკუთარ სახლებსა და თემებში სიცოცხლის შენარჩუნებისთვის და აღდგენისთვის ყოველდღიურად იბრძოდნენ და იბრძვიან. დევნილი ქალები, გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები ქალები ყოველღიურად ცდილობენ გადალახონ ხილული და უხილავი ბარიერები ომით და ოკუპაციით დამძიმებულ გარემოში. დღეს არა ერთი დევნილი და ომით დაზარალებული ქალი ჩართულია სამშვიდობო პროცესშიც და საკუთარ თემში თვითორგანიზების საინტერესო გამოცდილებას ქმნის.

ჩვენს რეალობაშიც ქალები არა მხოლოდ ომის მსხვერპლები არიან, არამედ ისინი ვინც საკუთარ ოჯახებსა და თემში სიცოცხლე და რწმენა დააბრუნეს და გამძლეობის და სიცოცხლისუნარიანობის უნიკალური გამოცდილება შექმნეს.

ქართველ ქალებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ უკრაინელი ქალების ტკივილის, გამბედაობის და რწმენის გაგება.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას უკრაინელ ქალებს და უკრაინელ ხალხს.

მშვიდობა უკრაინას!

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“