[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

სოლიდარობა ირანელ ხალხს 

უკვე მესამე კვირაა, ირანელი ხალხი მძიმე რეპრესიების პირობებში იბრძვის საბაზისო უფლებებისა და თავისუფლებებისთვის, მაშინ როდესაც მმართველი ტირანიული რეჟიმი მოსახლეობის ლეგიტიმურ პროტესტს სისხლში ახშობს.

პროტესტი, რომელიც გასული წლის 28 დეკემბერს მაღალი ინფლაციის, მძიმე ეკონომიკური პირობებისა და საბაზისო სიკეთეებსა და სერვისებზე წვდომის გართულების გამო თეირანის დიდ ბაზარში დაიწყო, მალევე გაფართოვდა როგორც გეოგრაფიულად, ისე შინაარსობრივად. ამჟამად პროტესტი ქვეყნის 31-ივე პროვინციაში, ასეულობით ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს, ხოლო დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა უკვე არსებული მმართველი რეჟიმის დასრულებაა. რეჟიმი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად დამკვიდრდა და შემდგომ ათწლეულებში ჩამოყალიბდა თეოკრატიულ, უფლებების შემზღუდავ და ძალადობრივ მმართველობის სისტემად.

მმართველი ძალა ირანელი ხალხის ლეგიტიმურ პროტესტს ფართომასშტაბიანი ძალადობით პასუხობს და ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ხელკეტების გარდა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითაც ცდილობს პროტესტის დაშლასა და ძალაუფლების შენარჩუნებას. პროტესტის ორგანიზებისთვის ხელის შეშლისა და ძალადობის მასშტაბების დასაფარად, 9 იანვარს ქვეყანაში გათიშა ინტერნეტი და ტელეკომუნიკაციები (უცხოეთში გამავალი ზარების ჩათვლით). შესაბამისად, რთულია რეჟიმის მიერ მოკლულთა, ტრავმირებულთა და დაკავებულთა ზუსტ რიცხვებზე საუბარი, თუმცა სანდო წყაროების მიხედვით მსხვერპლი რამდენიმეასეულიდან რამდენიმე ათასეულამდე მერყეობს. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი რეჟიმი გეგმავს პროტესტის მონაწილეების დაჩქარებული წესით გასამართლებას და სიკვდილით დასჯას. ერთ-ერთი დაკავებულის, 26 წლის ახალგაზრდა კაცის, ერფან სოლთანის ნათესავების ინფორმაციით, მას პროტესტში მონაწილეობისთვის ირანულმა სასამართლო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და შეიძლება დღეს, 14 იანვარს, სიკვდილით დასაჯონ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანის მმართველი რეჟიმი ადგილობრივი მოსახლეობის ლეგიტიმურ პროტესტს სისხლში ახშობს. 2019 წელს საწვავის ფასებთან დაკავშირებული პროტესტებისას რეჟიმმა რამდენიმე ასეული დემონსტრანტის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 2022 წელს მაჰსა ამინის მკვლელობასთან დაკავშირებული პროტესტებისას სულ მცირე რამდენიმე ასეული ადამიანი მოკლა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას უცხადებს მამაც ირანელ ხალხს, რომელიც უმძიმესი წარსული და მიმდინარე რეპრესიების გამოცდილების მიუხედავად, არ ეგუება ტირანიულ რეჟიმსა და უუფლებობას და კვლავ აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებისთვის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“