[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

სინოდის 20 მარტის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მწვავე სოცილურ საჭიროებებს და საჯარო წესრიგს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 2020 წლის 20 მარტს სინოდის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომელიც Covid 19 ვირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ეკლესიაში ღვთისმსახურების წესის უცვლელად დატოვების საკითხს უკავშირდება და მიიჩნევს, რომ სინოდის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მწვავე სოციალურ ინტერესებს და საჯარო წესრიგს. საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება სავარაუდოდ საპატრიარქოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური რეაქცია იყო.

20 მარტს გვიან საღამოს, მრავალსაათიანი განხილვის შემდეგ, სინოდმა გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და ქვეყანაში ეპიდემიის და სახელმწიფოს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე სხვა ქვეყნებისა და დიდი ეკლესიების რეკომენდაციების მიუხედავად, დაადგინა, რომ ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქრისტიანულმა ეკლესიამ, მათ შორის, მსოფლიო პატრიარქმა, საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეპიდემიის პრევენციის მიზნით ეკლესიებში ღვთისმსახურების წესი დროებით შეცვალა. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სპეციალური მიმართვაც კი გაავრცელა მორწმუნე და ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი დედამიწაზე, სადაც ის მედიცინის მუშაკებს მადლობას უხდის, ხოლო მეცნიერების პროგრესის მოლოდინისათვის მორწმუნეებს ლოცვასა და სოციალური პასუხისმგებლობის აღებას იზოლაციის კუთხით სთხოვს.[1]

აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში მოქმედმა სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა წინა დღეებში მიიღეს სოციალურად პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და საჯარო შეკრებები ღვთისმსახურების ადგილებში დროებით შეზღუდეს.

უნდა ითქვას, რომ ზიარების წესის ცვლილების საკითხი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში თეოლოგებსა და სასულიერო პირებს შორის დავის საგანი გახდა.მათი თქმით, ზირების მიღების ფორმები (და არა მისი საღვთისმეტყველო შინაარსი) დროთა განმავლობაში იცვლებოდა და მართლმადიდებელ ეკლესიაში მხოლოდ ბოლო დროს დამკვირდრა ერთი კოვზით ზიარება, რომელიც გარკვეულ პერიოდში შეიძლება ასევე შეიცვალოს. საეკლესიო ტრადიცია ყოველთვის ექვემდებარება დროსა და მოცემულობას, გასნხვავებით დოგმატური სწავლებისაგან, რომელიც ყოველ ქრისტიანულ ეკლესიაში მტკიცედ არის შენარჩუნებული და მის გარშემო კითხვები არც კი დაისმის.

EMC მიიჩნევს, რომ სინოდის გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების მასშტაბს და რისკებს სათანადოდ არ იაზრებს და უგულბელეყოფს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსართხოების დაცვის მაღალ საჯარო ინტერესებს, რაც ორგანიზაციის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემას აჩვენებს და საჯარო წესრიგის დაცვის იდეასთან მოდის ღია წინააღმდეგობაში.

სამწუხაროა, რომ სინოდის გადაწყვეტილება არც ერთი მითითება არ გააკეთა მორწმუნეების მხრიდან სახელმწიფოს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობის შესახებ. ამასთან, სინოდის გადაწყვეტილება დაცლილი იყო სოლიდარობის შინაარსისგან და მათ შორის არაფერი თქვა, არსებულ მძიმე სოციალურ რეალობაში კიდევ უფრო გაღარიბებული სოციალური ჯგუფების - უსახლკაროების, მუშების, ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სამსახურის და მინიმალური შემოსავლის გარეშე დარჩენილი ათიათასობით ადამიანის საჭიროებების შესახებ და საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ამ ვითარებაში.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ საპატრიარქოს მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო ძალაუფლებასთან ღია კონფლიქტში შესვლას ემსახურება და საკუთარი ძალაუფლების გაძლიერების პოლიტიკური მიზანი უფრო აქვს, რაც ბოლო პერიოდში საპატრიარქოში შექმნილი კრიზისის და საზოგადოებრივი ნდობის შესუსტების ფონზე კიდევ უფრო თვალსაჩინოდ ჩანს. სხვადასხვა პოლიტიკურ კონტექსტში ძალაუფლების დემონსტრირების და კონსტიტუციურ წესრიგთან ღია კონფლიქტში შესვლის ამგვარი ნაბიჯები საპატრიარქოს არა ერთხელ გადაუდგამს და ყველა ჯერზე ადამიანის უფლებების და ინტერესების დემონსტრაციული იგნორირების შინაარსი.

ეპიდემიის გავრცელების პრევენციისა და ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ‘უკიდურესი აუცილებლობის’ პირობებში, რელიგიური შეკრებების აკრძალვას, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი გააჩნია.

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს მთავრობას განუხრელად დაიცვას ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სამართლებრივი და სოციალური ინტერესი და უზრუნველყოს, რომ ის შეზღუდვები, რომელიც ვრცელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონით, ასევე მკაცრად იყოს დაცული საპატრიარქოს და სასულიერო პირების მიერ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“