[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / განცხადება

შშმ პირთა უფლებების კანონით ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შეუსრულებელია

14 ივნისს - საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები ვეხმაურებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების შეფერხებულ პროცესს და მთავრობას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეასრულოს კანონით ნაკისრი, ვადაგადაცილებული ვალდებულებები.

შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონმა, რომელიც პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო, ამოქმედების პირველ ეტაპზე - 2020-2021 წლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების უმთავრეს ვალდებულებად პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შემუშავება განსაზღვრა. თუმცა, შშმ თემის მრავალწლიანი მოლოდინის მიუხედავად, კანონში შესაბამისი ვალდებულებების დაწესებაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ პოლიტიკის ჩარჩო დროულად შემუშავებულიყო.

საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ იმ ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა განხორციელების ბოლო ვადად მიმდინარე წლის 1 იანვარი იყო განსაზღვრული, საერთოდ არ შესრულებულა. ამ პერიოდში მხოლოდ ორი აქტივობის განხორციელება გახდა შესაძლებელი[1] - იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის დამტკიცდა სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მიღების პროცედურები, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ნახევარი წლის დაგვიანებით შეიმუშავა და დაამტკიცა სურდო თარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა. აღნიშნული ინსტრუმენტების არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანია შშმ პირთა თემისთვის, თუმცა ისინი ვერ ანაცვლებს კანონით გათვალისწინებულ სხვა ძირეულ ვალდებულებებს; ესენია,

  • 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება - დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს მომდევნო წლების განმავლობაში შშმ პირთა მიმართ სახელმწიფოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი პრიორიტეტები, რომელიც, თავის მხრივ, მომავალში გატარებული პოლიტიკის საფუძველი იქნება;
  • შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციისათვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანოს შექმნა - ორგანოს ექნება ვალდებულება, განსაზღვროს და დააკოორდინიროს ქვეყანაში კონვენციის აღსრულება და უზრუნველყოს შშმ თემისა და სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მონაწილეობა ამ პროცესში.

ამასთან, დროითი თვალსაზრისით, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არარსებობის ფაქტი, რადგან სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე და მისი შესრულებისთვის სახელმწიფო ორგანოებს უნდა შეემუშავებინათ და 2021 წლის 1 აპრილამდე დაემტკიცებინათ თემატური სამოქმედო გეგმები.

იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო დონეზე არ არსებობს ერთიანი სტანდარტები და შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში არ გამოკვეთილა მოკლე და გრძელვადიანი პრიორიტეტები, სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაგვიანებით, შშმ თემის მონაწილეობის გარეშე, შეიმუშავა და დაამტკიცა სამოქმედო გეგმები ან ჯერ კიდევ არ განახორციელა აღნიშნული ვალდებულება.[2] კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია მიმდინარე წლის მაისში, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულების საკითხის საპარლამენტო განხილვისას[3] მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალიტეტებმა მათი კანონისმიერი ვალდებულების შესახებ ინფორმაციის არარსებობის გამო ვერ დაამტკიცეს სამოქმედო გეგმები.

სამწუხაროდ, შშმ პირთა უფლებების დაცვა კვლავ გამორიცხულია პოლიტიკური და საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან. ქვეყანაში არსებული არაერთი გამოწვევის, მათ შორის, პანდემიის, ფონზე, ამ ჯგუფის წარმომადგენელთა საჭიროებები და მათი მძიმე სისტემური უფლებადარღვევების ფაქტები უმეტესწილად სხვა, სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკოსებისა თუ მედიის წარმომადგენლების მიერ უფრო პრიორიტეტულად მიჩნეული საკითხებით იფარება. აღნიშნულის პარალელურად, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონმა თავისი ზოგადი და დეკლარაციული შინაარსის გათვალისწინებით, თემის წარმომადგენელთა საჭიროებების იგნორირების პირობებში და პოლიტიკური ნების არსებობის გარეშე, ამ დრომდე ვერ მოახერხა, დაეწყო უკიდურესად ხარვეზიანი სისტემის ძირეული გარდაქმნა.[4]

ასევე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, წლების განმავლობაში შშმ თემისა და ორგანიზაციების რეკომენდაციების შინაარსი პრაქტიკულად არ იცვლება და ძირითადად მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში განსახორციელებელ ვალდებულებებზე კონცენტრირდება. გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, კონვენციის ძალაში შესვლიდან 7 წლის თავზე მაინც გაიაზროს საკუთარი ვალდებულებები და მიიღოს ზომები შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის რადიკალურად გასაუმჯობესებლად. არსებითია, რომ მთავრობამ ყურადღება გაამახვილოს არა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის საკანონმდებლო დებულებების შექმნასა და ფორმალური საჯარო განცხადებებისა თუ დაპირებების გაკეთებაზე, არამედ შშმ პირთა რეალური საჭიროებების შესწავლასა და თემის აქტიური ჩართულობით ძირეული რეფორმების გატარებაზე.

ყოველივე აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ

საქართველოს მთავრობას:

  • უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შშმ პირთა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამ პროცესში შშმ თემის წევრების (მათ შორის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები პირების) აქტიური ჩართულობა;
  • უმოკლეს ვადებში შექმნას კონვენციის იმპლემენტაციისა და კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც იქნება კონვენციის სტანდარტების სრულ შესაბამისობაში და, მათ შორის, გაითვალისწინებს შშმ თემის ეფექტიან მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • შშმ თემის ჩართულობით უზრუნველყოფილი იყოს ყველა უწყების მიერ წლიური სამოქმედო გეგმების მიღება, რომელიც შინაარსობრივად დაეფუძნება შშმ პირთა რეალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს;
  • შემუშავდეს შშმ თემისა და ორგანიზაციების ჩართულობის სტანდარტი, რომლითაც იხელმძღვანელებს ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლება ნებისმიერი ტიპის საქმიანობის განხორციელების დროს;
  • განხორციელდეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების აქტიური და სიღრმისეული ინფორმირება კონვენციითა და შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ.

საქართველოს პარლამენტს:

  • შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებაზე განახორციელოს აქტიური და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობა და ამ პროცესში უზრუნველყოს შშმ თემის აქტიური ჩართულობა და მათი პოზიციების პრიორიტეტიზაცია.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები და აქტივისტები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO)
  • ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP)
  • გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი
  • თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი - EPC
  • საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
  • შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი "ლამპარი"
  • სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • ააიპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი
  • ფონდი აურეს
  • ასოციაცია დეა
  • პლატფორმა სალამი
  • მარიკო კობახიძე
  • ესმა გუმბერიძე
  • გიორგი გოგატიშვილი
  • გელა ბერაძე
  • კობა ნადირაძე
  • ქეთევან ფილაური
  • გელა ბერაძე
  • გიორგი კისკეიძე

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მიუხედავად იმისა, რომ გარდამავალი დებულებებით არ იყო გათვალისწინებული, მოცემულ პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცდა შშმ პირებთან კომუნიკაციის წესები.                                                                                                  

[2] მაგალითისთვის, მიმდინარე წლის 14 მაისისთვის, 16 მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა დამტკიცებული ამგვარი სამოქმედო გეგმა; ასევე არ იძებნება/არ შემუშავებულა თავდაცვის სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და სსიპ - საპენსიო სააგენტოს მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმები.

[3] საპარლამენტო განხილვის შესახებ ინფორმაცია იხ. https://bit.ly/3zy8a8W.

[4] კანონის კრიტიკის შესახებ იხ. https://bit.ly/35diVzh; https://bit.ly/3zqcpD8; https://bit.ly/35gJdkg.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“