[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია წარუდგინა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია წარუდგინა

2026 წლის 2 თებერვალს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია წარუდგინა.

დოკუმენტში გაკრიტიკებულია ის ფაქტი, რომ პროკურატურა კვლავ უარს ამბობს მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების განახლებაზე, რითაც არღვევს მინისტრთა კომიტეტის მკაფიო მოთხოვნას, მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის სახელმწიფოს უნდა მიეცა გამოძიებაში ეფექტიანი მონაწილეობის, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, რაც მხოლოდ საქმეზე ახალი გამოძიების ჩატარების შემთხვევაშია შესაძლებელი.

მაჩალიკაშვილის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობით სახელმწიფო არღვევს ევროპული კონვენციის 46-ე მუხლით ნაკისრ ვალდებულებას, უზრუნველყოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულება. აღნიშნულის საფუძველზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მინისტრთა კომიტეტს ამ ვალდებულების დარღვევის სათანადო შეფასების და ხელისუფლების წინააღმდეგ შუალედური რეზოლუციის მიღების თხოვნით მიმართა.1

მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების თაობაზე

2025 წლის 10-12 ივნისს გამართულ ადამიანის უფლებათა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, წარედგინა ინფორმაცია იმ დამატებითი შესაძლო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს გამოძიების ხარვეზების სრულად აღმოსაფხვრელად, მათ შორის, გამოძიების შედეგებზე დამოუკიდებელი საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობის უზრუნველყოფით.2

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების შესახებ მოსაზრებებს რეგულარულად წარუდგენს.3 2024 წლის 12-14 მარტის სხდომაზე, კომიტეტმა მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად მიეღო გადაწყვეტილება გამოძიების განახლების თაობაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის 18 ივნისის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, მაჩალიკაშვილების ოჯახს უარი უთხრა გამოძიების განახლების მოთხოვნაზე. მინისტრთა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილება ოჯახისთვის საფუძველს ქმნიდა პროკურატურაში გამოძიების განახლებაზე მიმართვისთვის. კერძოდ, კომიტეტის გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსასრულებად არ იყო საკმარისი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების არგანახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. არამედ, აუცილებელი იყო, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მისცემოდა შესაძლებლობა, პროკურატურასა და სასამართლოში გაესაჩივრებინა გამოძიების არგანახლების შესახებ გადაწყვეტილება. ამ უფლებით კი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ დაზარალებულის სტატუსის მქონე პირები არიან აღჭურვილნი. შესაბამისად, იმისათვის, რომ კომიტეტის მითითება შესრულდეს, საქართველო ვალდებულია, განაახლოს გამოძიება და თემირლან მაჩალიკაშვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი. ხოლო შემდგომ, თუ პროკურატურა მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა შეწყდეს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ექნება შესაძლებლობა, გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივროს, ხოლო შემდეგ - სასამართლოში.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში გამოვლენილი გამოძიების ხარვეზები

თემირლან მაჩალროგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 19 იანვარს, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების (მე-2 მუხლი) პროცედურული ნაწილის დარღვევა - არაეფექტიანი და ხარვეზიანი გამოძიების გამო. კერძოდ, სასამართლომ გააკრიტიკა შემდეგი საკითხები:

  • გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევა, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა;
  • პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმენის ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა;
  • გამოძიების პროცესში თემირლან მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება. სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არ ქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლოიკაშვილის ოჯახის განახლებული მოთხოვნები და სახელმწიფოს უმოქმედობა.

მიუხედავად ამისა, სასამართლომ ვერ დაადგინა სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის განახლებული მოთხოვნები გამოძიების განახლების თაობაზე

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2025 წლის 29 ივლისს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა გამოძიების განახლების, ხელახალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნით მიმართა თბილისის პროკურატურას. თუმცა, 2025 წლის 4 აგვისტოს N13/01-53817 წერილით, ოჯახმა კვლავ დაუსაბუთებელი უარი მიიღო აღნიშნულ მოთხოვნებზე. 1 სექტემბერს აღნიშნული უარი ზემდგომი პროკურორის წინაშე გასაჩივრდა, თუმცა საჩივარი პასუხგაუცემელი დარჩა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კომიტეტის წინაშე სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სამოქმედო გეგმა დუმს მაჩალიკაშვილის ოჯახის მიმართვებზე და მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიების განახლების შესახებ უარი განაცხადეს, რითაც არღვევს მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნას, რომ სახელმწიფოს წარედგინა ინფორმაცია ამ საქმეში გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

სამწუხაროა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სამართლებრივი ბრძოლა 9 წელზე მეტი წლის შემდეგაც კვლავ უშედეგოდ გრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ მინისტრთა კომიტეტი გაიზიარებს ჩვენს მოთხოვნას და სათანადოდ შეაფასებს სახელმწიფოს მიერ მაჩალიკაშვილის ოჯახის უფლებების განგრძობით უგულებელყოფას.

თემირლამ მაჩალიკაშვილის საქმე სცილდება ერთი ოჯახის პიროვნულ ტრაგედიას და აჩვენებს საქართველოში უსაფრთხოების სამსახურების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების დასაფარად სახელწმიფოს მიერ გამოძიების ფალსიფიცირების საშიშ პრეცედენტს, ასევე ქისტი თემის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის და მათი მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მონიშვნის უმძიმეს პრაქტიკებს. შესაბამისად, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმის ეფექტიან გამოძიებას და მართლმსაჯულების დადგომას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შემთხვევებში ანგარიშვალდებულების მისაღწევად.

მინისტრთა კომიტეტის მიერ მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა 2026 წლის 9-11 მარტის ადამიანის უფლებათა სხდომაზეა დაგეგმილი, ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების ფარგლებში (ამ საქმეთა ჯგუფი აერთიანებს სამართალდამცავთა მიერ სიცოცხლის და წამების აკრძალვის უფლებების დარღვევის საქმეებს). სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დაცვას და კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“