[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

ტყიბულში კიდევ ერთი მეშახტე დაიღუპა - შრომითი უსაფრთხოების სისტემური მარცხი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება ტყიბულის შახტში  მუშის გარდაცვალებას და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. მიგვაჩნია, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში არსებულ სისტემურ ჩავარდნებს.

არსებული ინფორმაციით, ტყიბულში, ძიძიგურის შახტში ერთი მეშახტე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით  დაიწყო გამოძიება.

სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამთო-მოპოვებით პროცესს დასაქმებულის გარდაცვალება მოჰყვა.

2022 წელს  ტყიბულის მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. მაშინ შრომის ინსპექციამ დაადგინა, რომ აფეთქების სამუშაოები  უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა. 2018 წელს,  იმავე შახტში, ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა  და 3 დაშავდა.

2020 წელს, მას შემდეგ რაც 2018 წელს ტყიბულის შახტში მომხდარ შემთხვევებს ჯამში 10 ადამიანი შეეწირა, ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით, DMT GmbH&Co.KG მიერ, ტყიბულის შახტის შესახებ აუდიტის დასკვნა მოამზადა. ექსპერტების შეფასებით, ფატალური შემთხვევების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. შახტში ვიზიტის დროს ექსპერტთა ჯგუფმა დააფიქსირა უსაფრთხოების ნორმების მძიმე დარღვევები, როგორიცაა შახტში ჩასასვლელი გზების დაზიანებული ჭერი და კედლები, მრავალ ადგილას დაზიანებული ვაგონის ლიანდაგები, უსაფრთხოების წესების დარღვევით მოწყობილი სამუშაო პლატფორმები და სხვა.

2022 წელს ითხვისის მაღაროში 30 წლის თანამშრომელი გარდაიცვალა, 2020 წელს ორი ადამიანი გარდაიცვალა ჭიათურის მაღაროშიც.

ეს მონაცემები დასაქმებულთა დაშავებისა და გარდაცვალების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც ადასტურებს, რომ სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების დარღვევა მასშტაბურ და განმეორებად პრობლემად რჩება.

შრომის ინსპექციის სტატისტიკით  ბოლო სამ წელში სამუშაო  ადგილებზე 104 დასაქმებული გარდაიცვალა, ხოლო -1604  დაშავდა. [1]

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე[2]

  • 2025 წელს რეგისტრირებული იყო სულს- 84 ( გახსნის მაჩვენებელი52 %);
  • 2024 - 94 (გახსნის მაჩვენებელი57%) ;
  • 2023 წელს - 181(გახსნის მაჩვენებელი- 20.99%);
  • 2022 წელს -157 ( გახსნის მაჩვენებელი -22.29 %)

შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და დამსაქმებლის ერთობლივი პასუხისმგებლობაა. სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფა, სათანადო ზედამხედველობისა და პრევენციული მექანიზმების არარსებობა ხშირად დასაქმებულების სიცოცხლის ფასად ჯდება. ასეთ დროს, შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან, განსაკუთრებით მკაცრად გააკონტროლონ შრომითი და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვა და ამ პირობების შესრულება სამუშაოს შემსრულებელ კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ნაწილადაც აქციონ. სახელმწიფო ვალდებულია, რომ მიიღოს პრევენციული ზომები განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე სამუშაო სფეროებში, ასევე უზრუნველყოს ეფექტიანი რეგულაცია და კონტროლი და ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება სამუშაო ადგილზე მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე.

ზემოთ განხილული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემები არ არის ინდივიდუალური დარღვევების ან ცალკეული კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის სისტემური ჩავარდნა, რომელიც გამოიხატება როგორც პრევენციის, ისე კონტროლისა და რეაგირების მექანიზმების არაეფექტიანობაში.

პირველ რიგში, მაღაროებისა და შახტების მსგავსად მაღალი რისკის მქონე სამუშაო სფეროებში სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული პოლიტიკა პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში არსებობდა ექსპერტული დასკვნები, რომლებიც უსაფრთხოების მძიმე დარღვევებზე მიუთითებდა და ფატალური შემთხვევების თავიდან აცილების შესაძლებლობას აჩვენებდა, ამ რეკომენდაციებს არ მოჰყოლია არც სათანადო რეგულაციური რეაგირება და არც სისტემური ცვლილებები. მეორე მხრივ, შრომის ინსპექციისა და სამართალდამცავი ორგანოების მონაცემები აჩვენებს, რომ დარღვევებზე რეაგირება ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებს. უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეების გახსნის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს გამოძიების არაეფექტიანობაზე, რაც ქმნის დაუსჯელობის გარემოს და დამსაქმებლებს პრაქტიკულად ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ შრომის ინსპექციის ინსტიტუციური მოდელი ვერ უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის რეალურ გარანტიებს. ინსპექციის საქმიანობა მეტწილად რეაქციულია, ხოლო პრევენციული კონტროლი სუსტი, რაც მაღალი რისკის მქონე სამუშაო გარემოში სისტემური საფრთხეების დროულ გამოვლენას შეუძლებელს ხდის.

ამასთან, მონოინდუსტრიულ ქალაქებში, როგორიცაა ტყიბული, შრომითი უსაფრთხოების პრობლემები დამატებით მძაფრდება სოციალური და ეკონომიკური უმძიმესი კონტექსტის გამო. დასაქმებულები იძულებულნი არიან იმუშაონ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში, რადგან მათ არ აქვთ ალტერნატიული დასაქმების რეალური შესაძლებლობა. ეს გარემოება შრომის უსაფრთხოების დარღვევებს სტრუქტურულ და განმეორებად ხასიათს აძლევს.

ცხადია, რომ შრომის უსაფრთხოების სისტემური ჩავარდნები პირდაპირ არის დაკავშირებული იმ ეკონომიკურ მოდელთან, რომლის ფარგლებშიც მონოინდუსტრიული ქალაქები საქართველოში, მათ შორის ტყიბული, ფუნქციონირებს. არსებული ეკონომიკური წესრიგი პრიორიტეტს ანიჭებს კომპანიისთვის მაღალ მოგებას და ხარჯების შემცირებას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე.

განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა ამ ქალაქების მიმართ არ არის ორიენტირებული დივერსიფიკაციასა და ალტერნატიული დასაქმების შექმნაზე. ამიტომ არსებითია მოხდეს ამ ქალაქებზე ორიენტირებული ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, რომელიც გულისხმობს მაღაროებზე დამოკიდებულების შემცირებას, ეკონომიკურ დივერსიფიკაციას, ღირსეული და უსაფრთხო დასაქმების ალტერნატივების შექმნას და ადგილობრივი თემების რეალურ მონაწილეობას განვითარების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მაღაროებისა და შახტების ექსპლუატაციაზე დაფუძნებული ეკონომიკური მოდელი მონოინდუსტრიულ ქალაქებში ქმნის მაღალი რისკისა და დაბალი ალტერნატივის გარემოს, რომელიც კომპანიებს ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შრომის, ბუნებისა და სასიცოცხლო გარემოს მიტაცების უკონტროლო შესაძლებლობას აძლევს. ასეთ პირობებში დასაქმებულები იძულებულნი არიან მიიღონ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სამუშაო პირობები და შეეგუონ შექმნილ სოციალურ უალტერნატივობას.

ამდენად, არსებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა საჭიროებს სისტემურ რევიზიას. ამასთან არსებითია მოხდეს მონოინდუსტრიული ქალაქების უფრო ფართო სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რომელიც მიზნად დაისახავს მათ გრძელვადიან, სამართლიან და მდგრად განვითარებას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] შენიშვნა: 2022 წელს  - გარდაიცვალა 35 ადამიანი, დაშავდა-330 ; 2023 წელს გარდაიცვალა 35 ადამიანი, დაშავდა - 347;

2024 წელს გარდაიცვალა 33 ადამიანი, დაშავდა-257

[2] შენიშვნა: აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს, სისხლის სამართლის კოდექსის 240-245-ე მუხლებს.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“