საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ხელმძღვანელი: თათული ჭუბაბრია
გვერდების რაოდენობა: 80
გამოცემის წელი: 2021
ISBN: 978-9941-8-4046-3
მკვლევრები:  ეკო მამალაძე, სალომე შუბლაძე
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოამზადა კვლევა: "შრომის ინსპექციის საქმიანობის შეფასება 2021"
კვლევის მიზანია ერთი წლის თავზე შეაფასოს შრომის რეფორმის შედეგად გაზრდილი მანდატის და ინსტიტუციური გაძლიერების კვალდაკვალ შრომის ინსპექციის სამსახურის ეფექტიანობა. კვლევა ინსპექციის დაარსებიდან (2015 წ.) პირველად შეაფასებს შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობას არსებული გამოწვევებისა და სისტემის გაუმჯობესებისათვის საჭირო ნაბიჯების იდენტიფიცირების მიზნით.
დოკუმენტი ორ ძირითად ნაწილად იყოფა. პირველი მიემართება შრომის ინსპექციის საქმიანობის ინსტიტუციურ მხარეს და მიმოიხილავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა შრომის ინსპექციის ადამიანური და ფინანსური რესურსები; ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, უწყებათაშორისი თანამშრომლობა და სხვ. მეორე თავი აანალიზებს შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული ინსპექტირების ოქმებს, რაც ნათლად წარმოაჩენს, ერთი მხრივ, არსებულ ტენდენციებს და, მეორე მხრივ, იმ საკვანძო საკითხებს, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციამ მხოლოდ 2021 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდის ინსპექტირების ოქმები მოგვაწოდა. შესაბამისად, კვლევის ფარგლებში შრომის უფლებებთან მიმართებით გაანალიზდა აღნიშნულ პერიოდში 41 ობიექტზე განხორციელებული ინსპექტირების 56 ოქმი (მაშინ, როდესაც ინსპექტირების წლის ჯამური მონაცემი 177 იყო), ხოლო შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დამუშავდა მხოლოდ 2020 წელს განხორციელებული 108 ინსპექტირების მონაცემი (2021 წელს შრომის უსაფრთხოებაში ინსპექტირების წლის ჯამური მონაცემი 125 იყო).
კვლევის დასასრულს წარმოდგენილია რეკომენდაციები შესაბამისი უწყებებისთვის, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს შრომის ინსპექციის სისტემის გაუმჯობესებას და ქვეყანაში შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას.
ინსტრუქცია