[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / განცხადება

საზოგადოებრივი ორგანიზაციები პარლამენტს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში კონტროლის განხორციელების მოთხოვნით მიმართავენ

dav

ფოტო: ნეტგაზეთი

2016 წლის 30 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა[1], რომელმაც სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა  ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ბოლო წლებში დაწყებული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. კერძოდ, დაფინანსების სქემის ცვლილების შედეგად შემცირდა მწვავე შემთხვევების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება, რამაც  მრავალპროფილური კერძო საავადმყოფოების ფარგლებში მოქმედი ფსიქიატრიული განყოფილებების ფუნქციონირების შეწყვეტა გამოიწვია. დღესდღეობით პაციენტების მიღება შეწყვეტილი აქვს ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს და მე-5 კლინიკურ საავადმყოფოს. ფუნქციონირებას დროებით აგრძელებს მე-5 კლინიკური საავადმყოფოს 10 ადგილიანი ბავშვთა ფსიქიატრიული განყოფილება, რომელიც ერთადერთია მთელ საქართველოში.

მთავრობის მიერ მექანიკურად განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების, სათემო ორგანიზაციების, დარგის ექსპერტებისა და სერვისის მიმწოდებლების ჩართულობის  გარეშე განხორციელდა,  ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა დიდი ნაწილი მომსახურების გარეშე დარჩა, ნაწილი კი, იძულებულია მომსახურება მიიღოს დიდი ზომის ინსტიტუციებში, რაც ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს.

ფსიქიკური ჯანმრთელობა წარმოადგენს, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ინტეგრირებული უნდა იყოს ჯანდაცვის ძირითად სისტემაში[2].

ბოლო წლების განმავლობაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მდგომარეობა საქართველოში კრიტიკულ ქვედა ზღვარს მიუახლოვდა. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშების თანახმად[3], ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები განიცდიდნენ სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ უგულებელყოფას.  ისინი ვერ სარგებლობენ ადამიანის ღირსებისთვის შესაფერისი უწყვეტი ზრუნვის მომსახურებებით, მათთვის არ არსებობს სრულფასოვანი სათემო სერვისები, ვერ იღებენ შესაბამის და ხარისხიან მედიკამენტურ მკურნალობას ამბულატორიულ დაწესებულებაში. ყოველივე ამის ფონზე, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან, მცირე, მაგრამ მნიშნელოვან პროგრესად შეფასდა დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვა და  ფსიქიატრიული განყოფილებების  გახსნა მრავალპროფილურ საავადმყოფოებში.

ფსიქიკური ჯანმრთელობის დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2013 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფციის შემუშავება. კონცეფციის თანახმად, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარება, მომავალი 10 წლის განმავლობაში, ნაცვლად დიდი ზომის ინსტიტუციებში იზოლაციისა, მიმართული უნდა იყოს დაბალანსებული ზრუნვის სისტემის განვითარებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა საზოგადოებაში ჩართვაზე.

ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფციის საფუძველზე, 2014 წელს, დამტკიცდა ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელმაც მომავლის ხედვად განსაზღვრა მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის კეთილდღეობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა თვითგამორკვევა და საზოგადოებაში ინტეგრაცია, რომელიც გულისხმობს ჰოსპიტალურ მკურნალობას ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში და თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებას. სახელმწიფოს მიერ კონცეფციითა და გეგმით გაცხადებული ხედვის დიდი ნაწილი, მათ შორის, თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება, დღემდე აღუსრულებელი რჩება. ასევე, ნაცვლად ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისა და დამატებითი რესურსების მობილიზებისა, მთავრობა ნაბიჯებს ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული ჯგუფის იზოლაციისა და სეგრეგაციისაკენ დგამს. მიგვაჩნია, რომ მთავრობის დადგენილების საფუძველზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დაფინანსების შემცირება და ამის შედეგად ფსიქიატრიული განყოფილებების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმება, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული უფლებების დარღვევას. საფრთხის წინაშე აყენებს აღნიშნულ სფეროში აქამდე განხორციელებულ რეფორმებს და აზიანებს დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებას შედეგად კი ქვეყანა დიდი ზომის ინსტიტუციების პრაქტიკის კვლავდამკვიდრების რისკის წინაშე აყენებს.

მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა, საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელონ საპარლამენტო კონტროლი საქართველოს მთავრობის საქმიანობაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით და უახლოეს დღეებში დანიშნონ გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენა, სადაც მოწვეულები იქნებიან: საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები, სათემო ორგანიზაციები, დარგის სპეციალისტები და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ხელმომწერები:

  1. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
  2. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  3. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია - (GANH);
  4. ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო OSGF;
  5. კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  6. პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის - (პსკ);
  7. ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება;
  8. პარტნიორობა ბავშვებისთვის;
  9. ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა (СWL);
  10. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
  11. პირველი ნაბიჯი საქართველო;
  12. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის ;
  13. არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი;
  14. დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია (DGFG);
  15. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი - (აპკ);
  16. ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
  17. საქართველოს ბავშვები;
  18. ასოციაცია „დეა“;
  19. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC);
  20. შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო;
  21. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია;
  22. ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის;
  23. ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში -თბილისი (GIP-T)
  24. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD);
  25. თელავის შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი;
  26. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა;
  27. საქართველოს აუტიზმის ასოციაცია;
  28. საქართველოს აუტიზმის კვლევის და ხელისშეწყობის ფონდი;
  29. მშობელთა საინფორმაციო ცენტრი (PIC);
  30. კავშირი „ჩვენი შვილები“;
  31. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია;
  32. შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“;
  33. მშობელთა თანადგომისა და გაძლიერების ცენტრი;
  34. მშობელთა ხიდი;
  35. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;
  36. საზოგადოება „ბილიკი“;
  37. პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO);
  38. გორის „კეთილდღეობისა და განვითრების ცენტრი“;
  39. საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრი;
  40. ასოციაცია „ანიკა“;
  41. მშობელთა თანადგომისა და გაძლიერების ცენტრი;
  42. სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები:

  1. ლელა ჯანაშია.
  2. მაკა ჯანიაშვილი;
  3. ირინე იაშვილი;
  4. ნინო ნიკაბაძე;
  5. ნათია პაპიძე;
  6. ლევან ბარბაქაძე;
  7. დემურ ფარცხალაძე;
  8. ნინო კირეულიშვილი;
  9. ნინო ნორაკიძე;
  10. ბაია (ნანა) დავითაია;

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს მთავრობის დადგენილება #638, 2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ, მიღებული 30.12.2016.

[2] WHO (2015). Improving health systems and services for mental health. http://apps.who.int/iris/bitstream/10665/44219/1/9789241598774_eng.pdf

[3]პრევენციის ეროვნული მექანიზმი, სახალხო დამცველი (2015). ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში. http://ombudsman.ge/uploads/other/3/3695.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“