[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / განცხადება

სავარაუდო ზედოზირების შედეგად გახშირებული ლეტალური შედეგები არაეფექტიანი პრევენიული პოლიტიკის შედეგია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება უკანასკნელ პერიოდში  ნარკოტიკული საშუალებით სავარაუდო ზედოზირების შედეგად პირთა გარდაცვალების შესახებ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ფაქტს/ფაქტებს და მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს ძალისხმევის გაძლიერება ზედოზირებით გამოწვეული ლეტალური შედეგების ეფექტიანი პრევენციისთვის.

ნარკოტიკული საშუალებ(ებ)ის ზედოზირება მნიშვნელოვანი გამოწვევაა,  რომლის ზუსტი მასშტაბი ქვეყნის მასშტაბით გაზომილი არ არის, თუმცა საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, გლობალურად ყოველ წელს ზედოზირების შემთხვევების გამო დაახლოებით 70,000-100,000 ადამიანი ადამიანი იღუპება.[1] სავარაუდოდ ზედოზირებით გარდაცვალების ბოლოდროინდელი შემთხვევების საპასუხოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით გამოწვეული გარდაცვალების ფაქტები იშვიათი არაა. ყოველწლიურად, ეს რიცხვი სადღაც 30-დან 40-ის ფარგლებში მერყეობს.[2] აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის და პროფესიული ჯგუფებისთვის უცნობია, თუ რა მეთოდოლოგიით ხდება ზედოზირების ფაქტების აღრიცხვა, ამის გამო, წლების მანძილზე გამოწვევას წარმოადგენდა ქვეყანაში ზედოზირების რეალური მასშტაბის დადგენა და ინფორმაციის მოპოვება ძირითადად სათემო ორგანიზაციების მიერ ხორციელდებოდა.  

ზიანის შემცირების მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან გამკვლავება წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებებით ვერ განხორციელდება და შესაბამისი უწყებების კომპლექსურ და კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს. საერთაშორისო დონეზე, ზედოზირების პრევენციის რამდენიმე ქმედითი მექანიზმი არსებობს და უწყებების ძალისხმევაც სწორედ ამ მიმართულებით არის გასაძლიერებელი:

1. ადრეული  გაფრთხილების/შეტყობინების სისტემის  (EWS) შექმნა

ადრეული შეტყობინების სისტემა არალეგალური ნარკოტიკების ბაზრის მონიტორინგისა და  სახიფათო ნივთიერებების გავრცელების შესახებ ინფორმაციის მიღების ეფექტიანი საშუალებაა.[3]

ადრეული გაფრთხილების სისტემა, როგორც წესი, შემდეგ მეთოდებს იყენებს:[4]

  • ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშებიდან;
  • შეგროვებული მონაცემების ანალიზი პოტენციურად ახალი ფსიქოაქტიური ნივითიერებების გამოვლენისა და შესაბამის დოკუმენტებში/შაბლონებში ცვლილების შეტანის მიზნით;
  • გამოვლენილი ნივთიერებ(ებ)ის პოტენციური ზემოქმედების შეფასება საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე;
  • კომუნიკაცია/დასკვნების გაზიარება დაინტერესებულ სუბიექტებთან, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის ექსპერტებთან;
  • სტრატეგიის შემუშავება/საფრთხეებზე რეაგირება.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა “2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმით”[5] გათვალისწინებული ღონისძიება იყო, თუმცა საანგარიშო პერიოდი ისე გავიდა, რომ ეს ვალდებულება არ შესრულებულა. იუსტიციის სამინისტროსგან 2023 წლის აგვისტოში მიღებული ინფორმაციით, მიმდინარეობს სისტემის კონცეპტუალური ჩარჩო დოკუმენტის მომზადების პროცესი. შესაბამისად, EWS სისტემის შექმნის ვალდებულება ამჟამად ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაში[6] არის გადატანილი.

2. ნალოქსონის ხელმისაწვდომობის გაზრდა

ნალოქსონი არის მედიკამენტი (ოპიოიდების ანტაგონისტი), რომელიც ეფექტურად მოქმედებს ოპიოიდების[7] დოზის გადაჭარბებისას, სწრაფად გამოყავს ადამიანი უგონო მდგომარეობიდან და უზრუნველყოფს სუნთქვის აღდგენას.

მთავრობის 2022 წლის 22 მარტის დადგენილების[8] შესაბამისად, გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას პრეპარატის შეძენა რეცეპტის გარეშე გახდა შესაძლებელი. ამ პოზიტიური ცვლილების მიუხედავად, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ნალოქსონზე მაღალი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ვინაიდან სააფთიაქო ქსელებში პრეპარატის მარაგი საკმაოდ მცირეა.[9]

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ნალოქსონის მარაგი, გარდა სააფთიაქო ქსელებისა, არსებობდეს გასართობ-სარეკრეაციო და სხვა ისეთ სივრცეებში, სადაც განსაკუთრებულად მაღალია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ზედოზირების რისკი.[10]

3. პირველადი პრეენციის გაძლიერება სკოლებში

ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირებისას ლეტალური შედეგის პრევენციის ერთ-­ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი პირველადი პრევენციის გაძლიერება და სკოლებში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამების დანერგვაა.

ბოლო წლებია, საჯარო სკოლებში სკოლებში ხორციელდება ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების პრევენციისკენ მიმართული საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის პროგრამები, თუმცა მინიმალურია იმ სკოლების რაოდენობა, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ცნობიერების ასამაღლებელი სესიები რეგულარულად ტარდება.

4. სტატისტიკის წარმოება სანდო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს მასშტაბით ზედოზირებით სიკვდილის ფაქტების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, აგრეთვე არ გვაქვს განახლებული ინფორმაცია ქვეყანაში ინექციური ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობის შესახებ. სტატისტიკის არარსებობის პირობებში კი ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციის პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელება.

მნიშვნელოვანია, რომ ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკის წარმოება ხორციელდებოდეს ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც აგრეთვე ითვალისწინებს მონაცემების აღრიცხვას ზედოზირებით გარდაცვლილ პირთა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით.[11]

5. ინფორმაციის პროაქტიულად გავრცელება (სტანდარტების გათვალისწინებით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფორმით)

„2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა“ ითვალისწინებდა ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსახლეობის პროაქტიული ინფორმირების ვალდებულებას ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარებით გამოწვეული ზიანისა და შედეგების თაობაზე. ამის მიუხედავად, საჯარო უწყებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არ ქვეყნდება ინფორმაცია ზედოზირების რისკებზე, სიმპტომებსა და პირველადი დახმარების გზებზე, ამჟამად მოქმედ (2023-2024 წლების) სამოქმედო გეგმაში კი მოსახლეობის პროაქტიული ინფორმირების (მათ შორის საჯარო უწყებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე საინფორმაციო დოკუმენტების გამოქვეყნების გზით) ღონისძიებები საერთოდ აღარ არის გათვალისწინებული.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ზიანის შემცირებისა და ზედოზირებით გამოწვეული ლეტალური შედეგების ეფექტიანი პრევენციისთვის აუცილებლად მიიჩნევს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას:

  • ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის განხორციელება, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ იქნება მიმართული. სისტემურ რეფორმაში, პირველ რიგში, მოვიაზრებთ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ნარკოდანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქციების ლიბერალიზაციასა და მკურნალობა-­რეაბილიტაციის სისტემის გაუმჯობესებას;
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდით ზედოზირების სტატისტიკის წარმოება;
  • პრეპარატ „ნალოქსონის“ (Naloxone) ხელმისაწვდომობის გაზრდა სააფთიაქო ქსელებში;
  • ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა;
  • პირველადი პრევენციის გაძლიერების ფარგლებში მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, პრევენციულ პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა წრის გაფართოება;
  • საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საინფორმაციო კამპანიითა და პრევენციული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებით;
  • გასართობ-სარეკრეაციო და სხვა სივრცეებში, სადაც არსებობს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გაზრდილი საფრთხე, ზიანის შემცირებისა და კრიზისული შემთხვევების მართვის მექანიზმების დანერგვა;
  • პირებმა, რომლებიც მოიხმარენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ სარისკო ქცევისგან და ისარგებლონ სათემო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული საინფორმაციო თუ ზიანის შემცირებისკენ მიმართული მასალებით.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] UNAIDS, Do No Harm, 2016. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3C4WWeE (წვდომის თარიღი: 07.02.2024).

[2]"ზედოზირებით სიკვდილი იაშვიათი არ არის" - ვახტანგ გომელაური. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/GwXJaXiy (წვდომის თარიღი: 07.02.2024)

[3] გიორგი სოსელია და სხვები, „პოლიტიკის ნარკვევი: ნარკოტიკის შემოწმება - ზიანის შემცირების ეროვნული პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილი,” 2021. გვ. 15. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ywXKd2bL (წვდომის თარიღი: 07..02.2024).

[4] UNODC - “The role of drug analysis laboratories in Early Warning Systems”. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/dwXByPD4 (წვდომის თარიღი: 07.02.2024)

[5] 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/dwXBoKvH. (წვდომის თარიღი: 05.02.2024)

[6] ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/nwXBaTKp. (წვდომის თარიღი: 07.02.2024).

[7] ოპიატებსა და ოპიოიდებს განეკუთვნება შემდეგი ნივთიერებები: მორფინი, კოდეინი, ჰეროინი, მეტადონი და ფენტანილი, დეზომორფინი, ე.წ. სირეცი და ა.შ.

[8] საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 მარტის №141 დადგენილება ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/HwXBfrfC (წვდომის თარიღი: 07.02.2024) იხ. ასევე. „გადაუდებელი დახმარების ჩანთის“ სიის მედიკამენტები: https://cutt.ly/7wXBfJYU .

[9] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, თამარ ფაჩულია, „ნარკოპოლიტიკა საქართველოში - 2022 წლის ტენდენციები“, 2023. გვ. 36.

[10] EMCDDA - MONOGRAPHS (Harm reduction: evidence, impacts and challenges) p.256. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/AwCpaiFH (წვდომის თარიღი: 07.02.2024).

[11] EMCDDA - Statistical Bulletin 2022 — methods and definitions for overdose deaths. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/jwCpHB7z (წვდომის თარიღი: 07.02.2024).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“