[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

სასულიერო პირების მხრიდან ძალადობა უკვე ტენდეცია გახდა და სოციალურ მშვიდობას არღვევს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება ბოლო კვირებში სასულიერო პირების მონაწილეობით ჩადენილი ძალადობის შემთხვევებს და სახელმწიფოს ამ შემთხვევების ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს საჯაროდ გაემიჯნოს მოქალაქეების და ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის პრაქტიკას და მიიღოს ზომები ეკლესიის შიგნით მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნისა და მოძალადე სასულიერო პირების მიმართ შიდა საეკლესიო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის.  

ბოლო კვირებში სასულიერო პირების მონაწილეობით სავარაუდო დანაშაულის არაერთი სამწუხარო ინციდენტი დაფიქსირდა, რომელიც ძალადობის პრაქტიკის ხასიათს იღებს.  ამ ინციდენტებში მაღალი სასულიერო იერარქების მონაწილეობა კი ძალადობის ნორმალიზებასა და წახალისებას ახდენს და ეკლესიის გავლენების გათვალისწინებით, სოციალურ მშვიდობას არღვევს.

2021 წლის 7 მაისს ოპოზიციური ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე ვანი-ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანტონმა იძალადა. მიტროპოლიტმა ანტონმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, შემდეგ კი მუქარით აუკრძალა ეპარქიის ტერიტორიაზე გადაადგილება, ბოლოს კი, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - სხვების თანდასწრებით ყელში სწვდა და უკან გადააგდო. მეუფე ანტონის ქმედებები და მუქარის შემცველი განცხადებები ტელეკომპანიის მიერ არის გადაღებული და დოკუმენტირებული.

2021 წლის 6 მაისს რუისისა და ურბნისის ეპარქიაში მიტროპოლიტ იობთან გიორგობის დღესასწაულზე სტუმრად მყოფ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს, ამავე ეპარქიაში მყოფი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა იმის გამო, რომ დეკანოზმა ეპისკოპოსის მიმართ, როგორც თვითონ ამბობს, „უდიერი განწყობა” გამოხატა. სხვადასხვა წყარო უთითებს, რომ ჩხუბს, რომელშიც მეუფე სვიმეონიც მონაწილეობდა, ესწრებოდა მიტროპოლიტი იობი, რამდენიმე სასულიერო პირი და დეკანოზს არა მხოლოდ ხელით შეეხნენ, მისგან დამამცირებელი ფორმით მოითხოვეს ბოდიშის მოხდა.[1]

2021 წლის 4 მაისს დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს და “მთავრი არხის” გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები და ერთი სამოქალაქო პირი თავს დაესხნენ. აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მელაშვილს სიტყვიერი, გადამღებ ჯგუფს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებულების თქმით,  ადგილზე იყო სასაზღვრო პოლიციაც, რომელსაც არაფერი მოუმოქმედებია.

2021 წლის 25 აპრილს ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ეკლესიის ეზოში, სადაც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა უნდა აღვლენილიყო, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ჭყონდიდის ეპარქიის ახლად მივლენილი ეპისკოპოსის მხარდამჭერები და მათი მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლაში ჩართული იყვნენ სასულიერო პირებიც. [2]

სამწუხაროდ, ძალადობის ზემოთ ნახსენებ შემთხვევებზე საგამოძიებო ორგანოებს ამ დრომდე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ. ძალადობის ჩამდენი სასულიერო პირების მნიშვნელოვანი ნაწილი  არ არის დაბარებულები გამოძიებაში და მათ ამ დრომდე არ დაკისრებიათ პასუხისმგებლობა. მთლიანობაში ყველა ამ ინციდენტეზე საზოგადოებისთვის უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა პოლიციამ და პროკურატურამ მომხდარ შემთხვევებზე და როგორია მათი შედეგები. საგამოძიებო ორგანოების დემონსტრაციული პასიურობა და არაეფექტიანობა ცხადია, რომ ამგვარ ძალადობას ახალისებს და მის ნორმალიზებას ახდენს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ძალადობის დაშვება მედიის წარმომადგენლების მიმართ, რომელიც მათი საქმიანობისთვის ხელშეშლისა და მედიის მუშაობის შეფერხების გაუმართლებელ შედეგებს იწვევს.  

ნიშანდობლივია, რომ მსგავსი შემთხვევები ოპოზიციური ტელევიზიის წარმომადგენლების მიმართ ყველაზე ხშირად ხდება, რაც ხელისუფლების სიძულვილის რიტორიკის და პოლიტიკური პოლარიზების საერთო რეალობის შედეგია. სიძულვილისა და ნაციონალისტური ნარატივების უპასუხისმგებლო გამოყენება განსაკუთრებით მწვავედ დავით-გარეჯის საკითხის და „კარტოგრაფების საქმის“  გარშემო გამოჩნდა.   სამწუხაროდ, მთავრობა და მმართველი პოლიტიკური გუნდი ამ დრომდე ვერ იაზრებს სიძულვილის და მტრობის ენის, რიტორიკისა და სენტიმენტების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს, რომელიც აზიანებს სოციალურ მშვიდობას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.    

ჩვენი აზრით, სასულიერო პირების, მათ შორის, მაღალი სასულიერო იერარქების მონაწილეობით ჩადენილი ძალადობის პრაქტიკა ეკლესიის შიგნით წლების განმავლობაში შექმნილი მძიმე კრიზისის შედეგი და სიმპტომია. ეკლესიის, როგორც ინსტიტუციური სისტემის წიაღში დაგროვებული სისტემური პრობლემები, მათ შორის, პოლიტიკურ ხელისუფლებასთან გადაჯაჭვა, საპატრიარქოს პოლიტიზირება და უკონტროლო პოლიტიკური პრივილეგიები, ფინანსური და მატერიალური რესურსების ჭარბი აკუმულაცია მაღალი იერარქების შიგნით და ამ ფონზე შექმნილი სოციალური გაუცხოება, განათლების მკვეთრად დაბალი დონე სასულიერო პირებში და სიძულვილზე, სოციალურ იერარქიებზე დაფუძნებული რადიკალური პოლიტიკური და სოციალური ხედვები, წლების განმავლობაში არარეფლექსირებული და გადაუჭრელი რჩებოდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ზოგიერთ ეპარქიაში შექმნილი ნახევარ-კრიმინალური პრაქტიკები (განსაკუთრებით რუის-ურბნისის ეპარქიაში), რომელიც სრულად დაუსჯელი და ხელშეუხებელი რჩება, როგორც სახელმწიფოს, ისე საპატრიარქოს მხრიდან. ჩვენ ასევე არაერთხელ გვინახავს მაღალი სასულიერო იერარქების მონაწილეობით ან დაშვებით/ შეწყნარებით ორგანიზებული მასშტაბური სოციალური ძალადობის შემთხვევები ჩვენს საზოგადოებაში (მაგალითად, 17 მაისი და ლგბტი ადამიანების დევნის არაერთი ეპიზოდი).  კრიზისის შესახებ არა ერთი დისკუსიისა და კრიტიკის მიუხედავად, საპატრიარქოს კრიტიკული თვითრეფლექსირებისა და რეფორმის მნიშვნელოვანი პროცესი არასდროს წამოუწყია. ცხადია, რომ იზოლაციის და ჩაკეტილობის ამ მდგომარეობას ეკლესია კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეჰყავს, რომელიც უკვე შიდა განხეთქილების, შუღლის, უნდობლობისა და ძალადობის მძიმე ფორმებს იღებს.     

ჩვენი აზრით, შექმნილი კრიზისი საპატრიარქოს მხრიდან მისი გამომწვევი სისტემური მიზეზების გააზრებასა და გრძელვადიან ინსტიტუციურ რეფორმას საჭიროებს. თუმცა, ამის მიღმა, მნიშვნელოვანია საპატრიარქომ გადადგას მყისიერი ნაბიჯები ძალადობაში უშუალოდ ჩართული პირების მიმართ საეკლესიო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომების მიღებისა და ძალადობის პრევენციის მიზნით.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ

  • პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ

ყველა ზემოთ მითითებულ ფაქტზე დაიწყოს ეფექტიანი, დროული და სამართლიანი გამოძიება და მათ შორის, გამოკვეთოს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, ასევე პოლიტიკური თუ სხვა შეხედულობის გამო შეუწყნარებლობის მოტივები და ქმედებებს ადეკვატური სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს;

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ

სათანადოდ გაზომოს ძალადობის შესაძლო რისკები ცალკეულ ეპარქიებში და მიიღოს ადეკვატური პრევენციული ზომები, ამ პროცესში მიუმხრობლობისა და ნეიტრალობის პრინციპების განუხრელი და მკაცრი დაცვით;

  • მთავრობა, პარლამენტმა და პოლიტიკურმა პარტიებმა

გაიაზრონ სიძულვილზე, შუღლზე დაფუძნებული სენტიმენტების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მძიმე სოციალური შედეგები და ზიანი და მიიღონ სათანადო ზომები (მათ შორის, საინფორმაციო კამპანიების, პარტიული რეგულაციების დაწესების გზით) მშვიდობაზე, დემოკრატიულ პრინციპებზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური ეთიკისა და კულტურის დამკვიდრებისთვის;

  • საქართველოს საპატრიარქომ

გაემიჯნოს ბოლო კვირებში მისი სასულიერო პირების მონაწილეობით ჩადენილ ძალადობრივ ინციდენტებს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების, კარტოგრაფების მიმართ და მიიღოს საეკლესიო სამართლებრივი და სხვა ზომები ძალადობის აღსაკვეთად და დამნაშავე პირებისთვის სამართლიანი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ რუისისა და ურბნისის ეპარქიაში წარსულშიც არა ერთხელ დაფიქსირდა მძიმე დანაშაულებრივი ინციდენტები სასულიერო პირების მონაწილეობით. მათ შორის, 2020 წლის აპრილს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, დავით აქიაშვილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დააკავეს. აღნიშნულ დამაშაულს სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების შინაარსი ჰქონდა.

[2] შენიშვნა: აღნიშნული ინციდენტი ჭყონდიდის ეპარქიაში არსებული კონფლიქტის დაძაბულობაა. სინოდმა ამ დრომდე ვერ მოახერხდა ადგილობრივი სასულიერო პირების საჩივრის განხილვა და შექმნილი კრიზისის გადაჭრა. ადგილზე ახლადმივლენილი მიტროპოლიტი სტეფანე კი რეალური დიალოგის ფორმატების შექმნის ნაცვლად, უკმაყოფილო სასულიერო პირების დასჯისა და შევიწროების აგრესიულ სტრატეგიას მიმართავს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“