[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

მოვუწოდებთ საპატრიარქოს მონაზვნების სოციალური დაცვის გარანტიების შექმნისკენ

ფოტოს წყარო: ნეტგაზეთი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ მონაზონი სოსანას მიმართ გაკეთებულ როგორც განცხადებებს, ასევე გადაწყვეტილებებს და მიიჩნევს, რომ ისინი მკვეთრად ქალთმოძულე შინაარსს შეიცავს, ეკლესიაში მონაზვნებისთვის დაუცველ გარემოს ქმნის და განსხვავებული მოსაზრების გამო სასულიერო პირების შევიწროების სავარაუდო პრაქტიკას ასახავს.

უკვე რამდენიმე თვეა ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბულ ვითარებაა. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და მისი ეპარქიის წევრები საეკლესიო სასამართლოს ორგანიზებას და როგორც თავად აცხადებენ, პატრიარქთან დაკავშირებული მამხილებელი ინფორმაციისა და ვიდეო მასალის განხილვას ითხოვენ. სინოდი ამ დრომდე უარს აცხადებს საეკლესიო სასამართლოს ფარგლებში ამ საკითხზე მსჯელობაზე, რაც ადგილობრივი ეპარქიის წევრების უნდობლობასა და უკმაყოფილებას იწვევს. ჭყონდიდის ეპარქიაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანე (კალაიჯიშვილის) მივლინების შემდეგ. ახლადდადგენილი მიტროპოლიტი ხისტი გადაწყვეტილებებით გამოირჩევა და ეპარქიის წევრების მიმართ მის მიერ გამოყენებული ენა და გადაწყვეტილებები მათი დევნის და შევიწროების ნიშნებს ატარებს.

განსაკუთრებული საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა მონაზონი სოსანა ბოლქვაძისა და მორჩილი ნინო გამყრელიძის მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხვის ფაქტს, რომელიც მკვეთრად აგრესიული, დამამცირებელი და ქალთმოძულე შინაარსით და ფორმებით მოხდა. კერძოდ, 30 მარტს გავრცელებულ ვიდეოში ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე სხვა მონაზვნების თანდასწრებით მონაზონ სოსანას ეუბნება:

შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რამეებს ლაპარაკობ, ვინ ხარ? მეუფე პეტრეს გაანებე თავი, დაგღუპა მაგან. შენს თავს მიხედე, გადაგაყენე მონასტრის წინამძღვრობიდან, ზიარების უფლებას გიკრძალავ და დამთავრებულია, მეტი ახლა შენ მონაზვნობის მიმართულებით რისი გამკეთებელი ხარ?

კიდევ ერთ კი, სადაც ახლადდადგენილი მიტროპოლიტი დედა სოსანას დამოუკიდებლად ხვდება, ის აცხადებს:

მე გავეცი პასუხი. შენ რატომ უნდა დაგიმტკიცო, ვინა ხარ რომ დაგიმტკიცო. შენ გაინტერესებს არ ნიშნავს, რომ მე შენ უნდა გიმტკიცო. შენ მდუმარედ უნდა იჯდე, ვაბშე და ხმას არ უნდა იღებდე. დავაი, რა. [..] რა უბედურება გჭირს, ქალო, დააყენე ერთი წუთით, რა, ეს შენი რაღაცა, რა...

აღნიშნული ფაქტისა და საჯარო დამცირების შემდეგ, 2021 წლის 1 აპრილს, შუაღამით, მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას და მორჩილ ნინოს მონასტერში შესვლის უფლება აღარ მისცა და ქალები ღია სივრცეში, თავშესაფრის გარეშე დატოვა.

მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ მიღებული მკაცრი გადაწყვეტილებები გარდა იმისა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ეპარქიის წევრების დევნის და დასჯის ნიშნებს ატარებს, ის მონაზვნების მიმართ ეკლესიაში უსამართლო, დამამცირებელ და ქალთმოძულე დამოკიდებულებას ავლენს. ის სხვა მონაზვნებშიც დაუცველობის განცდას ქმნის და ხელს უწყობს ქალების უხეში დაქვემდებარების და იერარქიზების ნორმალიზებას. უფრო მეტიც, მაღალი სასულიერო იერარქის მხრიდან გამოვლენილი ქალთმოძულეობა საზოგადოებაში ამგვარი განწყობების წახალისებას მოახდენს. მით უფრო, რომ საქართველოს საპატრიარქოს არ გამოირჩევა ქალთა უფლებების და თანასწორობის დაცვის მიდგომებით და მხარდაჭერით. პირიქით, საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქებისგან, ჩვენს საზოგადოებას არა ერთხელ მოუსმენია განცხადებები, რომლებიც მიმართული იყო ქალთა მიმართ ძალადობის, მათი ავტონომიის შეზღუდვის და დაქვემდებარების ნორმალიზებისკენ.

საეკლესიო ცხოვრებისთვის მონაზვნები სრულად უარს ამბობენ საერო ცხოვრებაზე და მასთან დაკავშირებულ გარანტიებზე. საეკლესიო წესით, მათ არ აქვთ საკუთარი ქონება, სახლი, შემოსავალი, სხვა სოციალური და პირადი კავშირები. შესაბამისად, ისინი მთლიანად არიან დამოკიდებულნი მონასტრის სოციალურ და მატერიალურ გარემოზე. დედა სოსანას და მორჩილი ნინოს შუაღამით ქუჩაში თავშესაფრის გარეშე დატოვება, გარდა იმისა რომ არაჰუმანური მოპყრობაა, ის ეკლესიის შიგნით მონაზვნების სოციალური დაცვის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს აჩვენებს.

სამწუხაროდ, ამ დრომდე მომხდარზე სინოდს, მის წევრებსა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს განცხადებები არ გაუკეთებიათ და მიტროპოლიტი სტეფანეს პრობლემური გადაწყვეტილების არც კრიტიკული შეფასება და არც შეჩერება არ მომხდარა. ეს დუმილი და ზოგიერთ შემთხვევაში მხარდაჭერა (მაგალითად, იხილეთ, საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადება, პატრიარქის მდივნის, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველის განცხადება), საპატრიარქოს მხრიდან ეპარქიის წევრების დასჯაზე და შევიწროებაზე მიმართული პრაქტიკის შეწყნარებაზე უფრო მეტყველებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვიაზრებთ ეკლესიის შიდა ავტონომიისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობის პრინციპს, საპატრიარქოს ძალაუფლებისა და პოლიტიკური და სოციალური გავლენებისა და ქალთა უფლებების დაცვის მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

სინოდსა და საპატრიარქოს

  • საეკლესიო სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს მიტროპოლიტი სტეფანეს გადაწყვეტილებებს და ღიად ქალთმოძულე და დამამცირებელ განცხადებებს და სინოდმა იმსჯელოს ჭყონდიდის ეპარქიაში მის მოღვაწეობის შესაბამისობაზე საეკლესიო წესებთან;

  • საპატრიარქოს შიგნით შეიქმნას მონაზვნებისა და სხვა ქალი ღვთისმსახურების სოციალური და შიდა სამართლებრივი დაცვის პოლიტიკა და სამსახურები, რომელიც მათ შევიწროების და დაუცველობის შემთხვევებზე მიმართვისა და უფლებებისა და ინტერესების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიებს შეუქმნის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (მათ შორის, სოციალური მომსახურების სააგენტოს)

  • დედა სოსანას და მორჩილი ნინოს მიმართ მიმდინარე მოვლენებს გაუწიოს მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, მათ სოციალური დაცვისა და სათანადო საცხოვრისის გარანტიები შეუქმნას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“