[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სასჯელაღსრულების სისტემაში ძალადობის შემთხვევები იზრდება - ბაჩიაშვილისა და სხვა პატიმრების ცემის ფაქტები ამის საგანგაშო მაგალითია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ციხეში გიორგი ბაჩიაშვილზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევას. მივიჩნევთ, რომ პატიმრის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფო უწყებებს ეკისრებათ.

2025 წლის 14 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ 11 ივლისს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ დირექტორ, გიორგი ბაჩიაშვილზე, ციხეში ფიზიკურად იძალადეს, რის შედეგადაც ის თავსა და სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკა „ვივა მედში“ ჰყავდათ გადაყვანილი.

ბაჩიაშვილის ცნობით, ძალადობას წინ უძღოდა 8 ივლისს, მისი საუბარი მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელ დავით გოგობერიშვილთან, სადაც მან მსჯავრდებულს უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, აინტერესებდა, თუ როგორ მოახერხებდა ტექნიკურად ამ ყველაფერს. ბაჩიაშვილის ცნობით, გოგობერიშვილს კითხვაზე არ უპასუხა, რის შემდეგაც მან უთხრა, ის არ იყო იმ სიტუაციაში რომ პირობები დაეყენებინა. ბაჩიაშვილის თქმით, მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელმა, მას შეახსენა, რომ ციხეში ყველანაირი ადამიანი იხდის სასჯელს, რაც დაკავებულის მიმართ, სავარაუდო მუქარად უნდა შეფასდეს,

ამის შემდეგ, ბაჩიაშვილის ცნობით, საკანში, რომელშიც ის მარტო იმყოფებოდა, სხვა მსჯავრდებული შეასახლეს, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, რაზეც საბადრაგო სამსახურს რეაგირება არ ჰქონდა. ამის შემდეგ, ბაჩიაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა მე-8 დაწესებულებაში, თუმცა მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, ის დამატებით კვლევებზე კლინიკა „ვივა მედში“ გადაიყვანეს. დაზიანებები დაადასტურა კლინიკის დირექტორმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ბაჩიაშვილს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის თავის არეში. გიორგი ბაჩიაშვილის ცნობით, მას 12 ივლისის 18:00-მდე არ მისცეს უფლება დაკავშირებოდა მის ადვოკატს ან სახალხო დამცველის ოფისს.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირების მიმართ, სახელმწიფოს მრავალმხრივი ვალდებულება აქვს, როგორც საერთაშორისო, ასევე კონსტიტუციური სამართლის ჩარჩოებში. როდესაც პირი სახელმწიფო ორგანოების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფება, ინსტიტუტები პასუხისმგებლობას იღებენ მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებაზე. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას პირის ფიზიკური უსაფრთხოება, მიაწოდოს მას ადეკვატური სამედიცინო დახმარება, დაუბრკოლებელი წვდომა ჰქონდეს როგორც ადვოკატთან, ასევე სახალხო დამცველთან. სახელმწიფოს აბსოლუტური ვალდებულებაა, დაიცვას პატიმრები წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან.

ბაჩიაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა სავარაუდოდ, არღვევს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს და უთანაბრდება მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, თუ პირმა სხეულის დაზიანება მიიღო მაშინ, როდესაც ის იმყოფებოდა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ (მაგალითად, პატიმრობის პირობებში), მოქმედებს დაშვება (presumption), რომ აღნიშნული დაზიანება პირს ხელისუფლების პასუხისმგებლობის ქვეშ მოქმედმა პირებმა მიაყენეს, ან სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მისი უსაფრთხოება. თუ მსგავს შემთხვევებში სახელმწიფო ვერ იძლევა დამაჯერებელ, ლოგიკურ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ახსნას მომხდარის შესახებ, ამ პირობებში მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე გადადის. ამასთან, მაშინ როდესაც ხელისუფლება ინფორმირებულია, ან უნდა ყოფილიყო ინფორმირებული რეალური და მყისიერი საფრთხის შესახებ, რომ პატიმარი შეიძლება დაექვემდებაროს არასათანადო მოპყრობას, მათ შორის თენამესაკნის მხრიდან, ის ვალდებულია მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები.
დაკავებული პირი სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება და სრულიად არის დამოკიდებული მასზე. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა არ დაუშვას მისი ღირსების შელახვა ან ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს დაუდევრობის ან განზრახ მოქმედების შედეგად.
ევროპული სასამართლოს განმარტებით, თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს დაკავებული პირის მიმართ ძალადობის პრევენციას, ეს შესაძლოა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად ჩაითვალოს მიუხედავად იმისა, მიადგა თუ არა დაკავებულს მძიმე ფიზიკური დაზიანება ან არსებობდა თუ არა ამის განზრახვა.

აშკარაა, რომ დაკავების მომენტიდან, ბაჩიაშვილი სახელმწიფოს აქტიური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა და ამასთან, მასზე მიმდინარეობდა ვიდეო-დაკვირვება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რის შედეგადაც ის არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა.

გარდა ამისა, შემაშფოთებელია ბაჩიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც აჩენს ეჭვებს, რომ მის მიმართ ძალადობა, სავარაუდოდ, წინასწარ ორგანიზებული იყო, რაშიც ჩართული იყო როგორც მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელი, ასევე საბადრაგო სამსახურის წევრი.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო უწყებამ დროულად დაასრულოს გამოძიება და საზოგადოებას პროაქტიულად მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მათი შედეგების შესახებ. მათ შორის, მნიშვნელოვანია, დამუშავდეს ვიდეოჩანაწერები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ინახება. მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა დროული ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ არ განადგურდეს მტკიცებულებები და გააგრძელოს საქმის მონიტორინგი მანამ, სანამ მომხდარის შესახებ ჭეშმარიტება არ დადგინდება.

ბოლო თვეების განმავლობაში, გახშირდა შემთხვევები, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში პირები ფიზიკურ ძალადობას ექვემდებარებიან. 2025 წლის 4 მაისს გარდაიცვალა პატიმარი, რომელიც მრავლობითი დაზიანებით ამავე დაწესებულებიდან „ვივა მედში“ სამკურნალოდ გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა პატიმრის მდგომარეობის შესახებ თანამესაკნისგან შეიტყვეს. 2025 წლის 16 ივნისს, მე-8 დაწესებულებაში ფიზიკურად იძალადეს ანტონ ჩეჩინზეც, რომელსაც ნოემბერ-დეკემბრის აქციების კონტექსტში, ნარკოდანაშაულს ედავებიან.

მიგვაჩნია, რომ საპატიმრო დაწესებულებებში ძალადობის შესახებ ცნობების გახშირების პარალელურად, მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველმა სრულად გამოიყენოს თავისი მანდატი და ჩაატაროს დაწესებულებების რუტინული კონტროლი, ამასთან, გამოიყენოს მის ხელთ არსებული დამატებითი ბერკეტები პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის შესაფასებლად.

ციხეებში გახშირებული უფლებადარღვევისა და ძალადობის შემთხვევები მიუთითებს იმაზე, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები იზრდება და პოლიტიკური დაინტერესების შემთხვევაში პატიმრები მოწყვლადები რჩებიან სასტიკი ძალადობისა და შანტაჟის მიმართ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“