საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
21 იანვარს, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)" თბილისის სააპელაციო სასამართლოში 17 მაისის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა. მოსაზრება შეეხება 2015 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომელმაც 2013 წლის 17 მაისს, IDAHOT დღისადმი მიძღვნილ აქციაზე შეკრების თავისუფლებისათვის ხელის შეშლაში ბრალდებული ოთხი პირი უდანაშაულოდ ცნო.
სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შეფასება მასში არსებული სამართლებრივი და ფაქტობრივი პრობლემატიკის იდენტიფიცირებას ეყრდნობა. მოსაზრება არსობრივად ეფუძნება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
სასამართლო მეგობრის მოსაზრება ხაზს უსვამს სახელმწიფოს ვალდებულებას სამართლიანი, ობიექტური და დასაბუთებული შეფასება მისცეს ბრალდებულთა მიერ განხორციელებულ ქმედებას, გამოკვეთოს შესაძლო დისკრიმინაციული მოტივი და საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გაიაზროს აღნიშნული საქმის მნიშვნელობა საზოგადოების, ლგბტ თემისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის. სახელმწიფო ვალდებულია, აღმოფხვრას დაუსჯელობის ატმოსფერო, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ლგბტ პირთა მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკისა და ძალადობის შემცირებას ქვეყანაში. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულების პროცესის სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნება და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება, რათა გამოასწოროს აღნიშნული ძალადობრივი აქტების შედეგები. ამით ის მოახდენს შინაგანი პრევენციული და შემაკავებელი ეფექტის გაძლიერებას ლგბტ პირთა წინააღმდეგ, მომავალში მოსალოდნელ, ძალადობრივ აქტებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოში ნებისმიერი პირის მიერ, დისკრიმინაციის გარეშე, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლო 17 მაისის საქმესთან დაკავშირებით 4 ბრალდებული პირის მიმართ წარდგენილ საქმეს 26 იანვარს, 15:00 საათზე განიხილავს.
ინსტრუქცია