საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის” წინააღმდეგ, საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების თხოვნით, სარჩელით მიმართა.
”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი” წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ, კერძო სამართლის სუბიექტს. უნივერსიტეტს 2014-2015 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სასულიერო განათლების გრანტის ხელშეწყობის ფარგლებში, გადაეცა 4 000 100 ლარის საბიუჯეტო სახსრები. მითითებული თანხის გარდა, უნივერსიტეტს, 2015 წელს, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სწავლებისა და კვლევითი ხარისხის დაფინანსების მიზნით, გადაეცა 1 მილიონი ლარი.
EMC დაინტერესდა თუ რა ღონისძიებებში დახარჯა უნივერსიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაცემული სახსრები. შესაბამისად, EMC-იმ 2015 წლის 8 სექტემბერს, საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით მიმართა უნივერსიტეტს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გაცემა:
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე, რელიგიურ გაერთიანებებს ათავისუფლებს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან. მაგრამ, მითითებულ შემთხვევაში, აღნიშნული რეგულაცია არ ვრცელდება სხვა სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის მქონე რელიგიურ ორგანიზაციებზე ან რელიგიური ორგანიზაციების მიერ დაფუძნებულ სუბიექტებზე. შესაბამისად, თუ ისინი წარმოადგენენ საჯარო დაწესებულებას მათ, როგორც სხვა ორგანოებს, ეკისრებათ ვალდებულება, გასცენ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
ამ შემთხვევაში, ვინაიდან უნივერსიტეტი ფინანსდება სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრებით, იგი წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას და რადგან EMC-ის განცხადება მითითებული დაფინანსების ხარჯვას ეხებოდა, მას ჰქონდა ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში გაეცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. მიუხედავად მითითებული ვალდებულებისა, უნივერსიტეტს არ გაუცია საჯარო ინფორმაცია ან დასაბუთებული უარი ინფორმაციის გაცემაზე.
EMC მიიჩნევს, რომ აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის გამჭვირვალობა. გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ნებისმიერ ორგანოს, დაფუძნებულია თუ არა იგი სახელმწიფოს მიერ, ეკისრება თანაბარი ვალდებულება, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. განსაკუთრებით კი, იმ პირობებში, როდესაც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს რელიგიური ორგანიზაციების მიერ დაფუძნებული სუბიექტების საბიუჯეტო სახსრებიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი”-გან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიღებას თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელით შეეცდება.
ინსტრუქცია